Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიის სასამართლომ ბაშარ ასადს დაუსწრებლად გამოუტანა განაჩენი - სიკვდილით დასჯა

ფოტო არქივიდან. რუსი სამხედრო ვლადიმირ პუტინის და ბაშარ ასადის პორტრეტების ფონზე სირიის დედაქალაქ დამასკის გარეუბანში მდებარე საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე. 2018 წლის მარტი
ფოტო არქივიდან. რუსი სამხედრო ვლადიმირ პუტინის და ბაშარ ასადის პორტრეტების ფონზე სირიის დედაქალაქ დამასკის გარეუბანში მდებარე საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე. 2018 წლის მარტი

სირიის სასამართლომ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი დამნაშავედ ცნო ადამიანების, მათ შორის ბავშვების განზრახ მკვლელობაში, წამებაში, თვითნებურ დაკავებებსა და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენაში და დაუსწრებლად გამოუტანა განაჩენი - სიკვდილით დასჯა.

ინფორმაცია სასამართლოს მიერ 11 აგვისტოს გამოტანილ განაჩენზე სირიის სახელმწიფო სააგენტო „სანამ“ გაავრცელა. ბაშარ ასადზე საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული.

სირიის სასამართლომ ანალოგიური ბრალდებებით სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანა ასადის რეჟიმის 8 წარმომადგენელს, მათ შორის ბაშარ ასადის დეიდაშვილ ატეფ ნაჯიბს, რომელიც პოლიტიკური უსაფრთხოების სამსახურს ხელმძღვანელობდა სირიის პროვინცია დერააში. ნაჯიბი 2025 წლის იანვარში დააპატიმრეს.

  • ბაშარ ალ-ასადი სირიის პრეზიდენტი იყო 2000 წლის ივლისიდან 2024 წლის დეკემბრამდე. მისი რეჟიმის მმართველობამ სირიას ფართომასშტაბიანი სამოქალაქო ომი და დიდი მსხვერპლი მოუტანა. ასადს სამხედრო ძალით რუსეთი ეხმარებოდა.
  • 2011 წლიდან დაწყებულმა სამოქალაქო ომმა დაახლოებით 500 ათასი სირიელის სიცოცხლე იმსხვერპლა.
  • ასადის რეჟიმმა ასეულობით ათასი ადამიანი დააპატიმრა. უფლებადამცველი ორგანიზაციების თანახმად, ციხეებში წამება ჩვეულებრივი პრაქტიკა იყო.
  • 2024 წლის ნოემბრის ბოლოდან სირიის მეამბოხე შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა ასადის სამთავრობო ძალებზე მასშტაბური შეტევა დაიწყეს, რამდენიმე დღეში აიღეს ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქი ალეპო, კონტროლი დაამყარეს არაერთ სხვა ქალაქზეც და 8 დეკემბრისთვის შევიდნენ დედაქალაქ დამასკში.
  • რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა ბაშარ ასადმა ოჯახთან ერთად სირია დატოვა და თავი მოსკოვს შეაფარა.
  • ძირითადი ძალა, რომელმაც ასადის რეჟიმი დაამხო, „ჰაიათ ტაჰრირ ალ შამია“ (HTS). 2025 წლის იანვარში გამოცხადდა, რომ ამ დაჯგუფების ლიდერი აჰმედ ალ-შარაა სირიის პრეზიდენტი იქნება გარდამავალი პერიოდის მთავრობის მოქმედების დროს.





ფორუმი

XS
SM
MD
LG