Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უნგრეთის პრეზიდენტად აირჩიეს იურისტი ანდრაშ ბაკა

ცენტრში - ანდრაშ ბაკა
ცენტრში - ანდრაშ ბაკა

უნგრეთის პარლამენტმა 11 აგვისტოს ქვეყნის პრეზიდენტად აირჩია 73 წლის იურისტი ანდრაშ ბაკა - უზენაესი სასამართლოს და იუსტიციის სახელმწიფო საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე. ბაკა კრიტიკულად იყო განწყობილი უნგრეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის პოლიტიკის მიმართ. ორბანმა ხელისუფლება დაკარგა მიმდინარე წლის აპრილში ჩატარებული არჩევნების შედეგად.

უწინ ბაკა მოსამართლედ მსახურობდა ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოში. მისი კანდიდატურა პრეზიდენტის პოსტზე დაასახელა პარტიამ "ტისა", რომელსაც პარლამენტში კონსტიტუციური უმრავლესობა ჰყავს. მის პრეზიდენტად არჩევას მხარი დაუჭირა 140-მა დეპუტატმა 199-დან, წინააღმდეგი იყო ექვსი. მთავარი ოპოზიციური ძალა, "ფიდესი", არჩევნებში პროტესტის ნიშნად არ მონაწილეობდა.

პრეზიდენტის პოსტი ვაკანტური გახდა კონსტიტუციაში შესწორებების შეტანის მერე - რომელთა შედეგადაც შემცირდა ყოფილი პრეზიდენტის, ორბანის მომხრე ტამაშ შუიოკის ვადა.

ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოში ბაკა 1991-დან 2008 წლამდე მუშაობდა, 2009 წელს იგი უნგრეთის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ დაინიშნა ექვსი წლის ვადით - მაგრამ 2011 წლის საკონსტიტუციო რეფორმით მისი მანდატი შეამდირეს. თავად ბაკა ამის მიზეზად ასახელებდა მისი მხრიდან საჯაროდ გამოთქმულ კრიტიკას ორბანის ხელისუფლების სასამართლო რეფორმის მიმართ.

პრეზიდენტის პოსტიდან თავისი წინამორბედის წასვლაზე ბაკას ნათქვამი აქვს, რომ სახელმწიფოებში, სადაც კანონის უზენაესობა დაცულია, ამგვარი საკანონმდებლო ნაბიჯები არ ხდება - თუმცა მან დასძინა, რომ ორბანის პირობებში სახელმწიფო ფაქტობრივად "მიტაცებული" იყო მმართველი ჯგუფის მიერ და, ამდენად, არაორდინარული ზომები გამართლებულია.

მანამდე უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა პრეზიდენტის პოსტზე დაასახელა ლეგენდარული მოჭადრაკე, იუდიტ პოლგარი - თუმცა პოლგარმა უარი განაცხადა და თქვა, რომ თავს არ გრძნობს მზად "იკისროს ერის გაერთიანების ისტორიული პასუხისმგებლობა".

უნგრეთში პრეზიდენტი ფორმალურად წარმოადგენს სახელმწიფოს მეთაურს, თუმცა პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებს მთავრობა, სათავეში პრემიერ-მინისტრით. პრეზიდენტის როლი ძირითადად ცერემონიულია, თუმცა იგი უფლებამოსილია შეიტანოს კანონპროექტები, ხელი მოაწეროს ან უარი თქვას მიღებულ კანონებზე, დაითხოვოს სახელმწიფო სათათბირო. მომავალი პრეზიდენტის პოსტზე კანდიდატების განხილვისას მადიარი ამბობდა, რომ ეს უნდა ყოფილიყო პირი, რომელიც ავტორიტეტითა და პატივისცემით სარგებლობს სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებების მქონე უნგრელებს შორის.

ფორუმი

XS
SM
MD
LG