Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იუდიტ პოლგარმა უარი თქვა უნგრეთის პრეზიდენტობაზე

იუდიტ პოლგარი(ფოტო არქივიდან)
იუდიტ პოლგარი(ფოტო არქივიდან)

მსოფლიო ჭადრაკის ლეგენდამ იუდიტ პოლგარმა უარი თქვა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ პეტერ მადიარის წინადადებაზე, გამხდარიყო ქვეყნის პრეზიდენტი.

  • გროსმაისტერი იუდიტ პოლგარი ერთადერთი ქალია მოჭადრაკეთა მსოფლიო ტოპ-ათეულში. მან სპორტული კარიერა 2014 წელს დაასრულა.

პოლგარმა უნგრეთის პრეზიდენტობის შეთავაზებას პატივი უწოდა, თუმცა განაცხადა, რომ ერის გაერთიანებაზე პასუხისმგებლობის ასაღებად საკმარის ძალას ვერ გრძნობს.

უნგრეთის პრეზიდენტის თანამდებობა ვაკანტური გახდა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი ტამაშ შუიოკი გასულ კვირაში იძულებული გახდა, ხელი მოეწერა პრემიერ-მინისტრ პეტერ მადიარის პარტია „ტისას” ინიციატივით პარლამენტის მიერ მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებისთვის, რომელიც მისი უფლებამოსილების ვადის შეზღუდვას და შესაბამისად, გადადგომას ითვალისწინებდა.

მადიარი შუიოკს ყოფილი პრემიერის, ვიქტორ ორბანის ინტერესების მსახურებაში ადანაშაულებდა.

შუიოკის გადადგომის შემდეგ პრემიერ-მინისტრმა მადიარმა პრეზიდენტობა შესთავაზა სახელგანთქმულ მოჭადრაკე იუდიტ პოლგარს. პეტერ მადიარი მიიჩნევდა, რომ პრეზიდენტად პოლგარის არჩევა ხელს შეუწყობდა ვიქტორ ორბანის 15-წლიანი მმართველობის შედეგად გახლეჩილი ერის გაერთიანებას.

იუდიტ პოლგარის კანდიდატურას ფართო საზოგადოებრივი კონსულტაციების გარეშე მხარი დაუჭირა მმართველმა პარტია „ტისამ”, რომელსაც უნგრეთის პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა აქვს.

სახელგანთქმულმა მოჭადრაკემ, რომელსაც 23 ივლისს 50 წელი უსრულდება, შეთავაზებაზე უარი თქვა.

იუდიტ პოლგარმა 20 ივლისს სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ პრეზიდენტის თანამდებობის შეთავაზებას პატივად მიიჩნევს და მადლიერია, მაგრამ წინადადებას ვერ მიიღებს, რადგან ვერ გრძნობს საკმარის ძალას იმისთვის, რომ აიღოს გახლეჩილი ერის გაერთიანების ისტორიული პასუხისმგებლობა. პოლგარმა აღნიშნა, რომ ამ მიზნის მისაღწევად მხარს დაუჭერს უნგრეთის ახალ, დამოუკიდებელ და აღიარებულ პრეზიდენტს.

პრემიერ-მინისტრმა პეტერ მადიარმა განაცხადა, რომ იუდიტ პოლგარის გადაწყვეტილებას პატივს სცემს და მადლობას უხდის ყველაფრისთვის, რაც უნგრეთისთვის გააკეთა.

  • უნგრეთის პარლამენტმა ახალი პრეზიდენტი წინა პრეზიდენტის გადადგომიდან ერთ თვეში უნდა აირჩიოს.
  • უნგრეთის პრეზიდენტი, რომელსაც პარლამენტი ფარული კენჭისყრით ირჩევს, ძირითადად, ცერემონიალურ ფუნქციებს ასრულებს. კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილებების ნაწილის რეალიზაცია მხოლოდ მთავრობის თანხმობით შეუძლია.





ფორუმი

XS
SM
MD
LG