11 აგვისტოს, ღამით, რუსეთის სარაკეტო დარტყმის შემდეგ უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიეში სრულად გაჩერდა მეტალურგიული კომბინატი "ზაპოროჟსტალი". ამ ცნობას ავრცელებს "ზაპოროჟსტალის" მფლობელი ჯგუფის, "მეტინვესტის" პრესსამსახური. განცხადებაში თავდასხმას უწოდებენ "ტერორისტულს". დაიღუპა საწარმოს შვიდი თანამშრომელი, დაიჭრა კიდევ 21 პირი.
განცხადების თანახმად, დარტყმა მოხდა საჰაერო განგაშის გამოცხადებისთანავე, რა დროსაც თანამშრომლები თავშესაფრებისკენ მიემართებოდნენ. თავდასხმის შედეგად დაზიანდა "მეტინვესტის" ზაპოროჟიეს საწარმოების ენერგეტიკული დანაყოფები და ინფრასტრუქტურა, ძირითადი და დამხმარე სიმძლავრეები წარმოებისთვის. "მოცემულ მომენტში მეტალურგიული კომბინატის მუშაობა სრულად გაჩერებულია, დანარჩენი საწარმო მოედნები შემცირებული სიმძლავრით მუშაობს" - წერს კომპანია.
"მეტინვესტი" ხაზს უსვამს, რომ ზაპოროჟიეში მისი საწარმოები არის სამოქალაქო ობიექტები, რომლებიც ათი ათასობით ადამიანს სამუშაო ადგილებით უზრუნველყოფს.
"ზაპოროჟსტალი" ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი მეტალურგიული საწარმოა, მისი თანამშრომლებიც რიცხვი აჭარბებს 8500 ადამიანს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო მანამდე იუწყებოდა ამ საწარმოზე მიტანილ იერიშზე. რუსეთის განცხადებაში ნათქვამია, რომ "ზაპოროჟსტალი" აწარმოებს მასალებს მათ შორის თავდაცვის კონსტრუქციებისთვის, ფორტიფიკაციის მოდულებისთვის, საბრძოლო ტექნიკის ჯავშნისთვის.
რუსეთის მხრიდან უკრაინაზე ღამით განხორციელებულ თავდასხმებს ბოლო მონაცემებით 10 ადამიანი შეეწირა - შვიდი ზაპოროჟიეში და კიდევ სამი დნეპროპეტროვსკის ოლქში. დარტყმები იყო კიევზეც, სადაც მათ შორის დაზიანდა ინფექციური საავადმყოფოს შენობა.
ფორუმი