რუსეთის ჯარებმა უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიეზე დარტყმისთვის გემსაწინააღმდეგო რაკეტებთან, „ცირკონებთან“ ერთად გამოიყენეს ჩრდილოეთკორეული ბალისტიკური რაკეტები. ეს 11 აგვისტოს სოციალურ ქსელებში დაწერა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ
მან სამძიმარი გამოუცხადა ზაპოროჟიეში დაღუპულთა ნათესავებს და ახლობლებს. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, 11 აგვისტოს ზაპოროჟიეში დაიღუპა სულ მცირე 6 ადამიანი და 19 დაიჭრა.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთის მიერ ბალისტიკური რაკეტების წარმოების გაზრდა, ჩრდილოეთკორეული საშუალებების ჩართვა და მობილიზაციისთვის მზადება აჩვენებს, რომ მოსკოვი ემზადება არა მშვიდობის, არამედ ესკალაციისთვის.
ზელენსკის თანახმად, მსოფლიოს მხრიდან რეაგირება ახლავე უნდა იყოს - სანქციებით მეტი ზეწოლა საწარმოებზე, რომლებიც რუსეთის ომზე მუშაობენ და საჰაერო თავდაცვის სისტემებით უკრაინის მეტი დახმარება.
- რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ჩრდილოეთკორეული ბალისტიკური რაკეტების გამოყენება 2023 წლის ბოლოდან დაიწყო.
- უკრაინის ხელისუფლების თანახმად, ამ რაკეტების გამოყენების წინა შემთხვევა 2026 წლის 30 ივლისს, კრივოი-როგის რაიონში იყო.
10-დან 11 აგვისტოს ღამით რუსეთის ჯარებმა ზაპოროჟიეს გარდა რაკეტებით შეუტიეს უკრაინის დედაქალაქ კიევს. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ზაპოროჟიესა და კიევში დაზიანებულია სახლები, საავადმყოფოს შენობა, საწყობები და საწარმოები.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 11 აგვისტოს დილით ოფიციალური არხებით გაავრცელა ცნობა, რომ ღამის განმავლობაში კიევსა და ზაპოროჟიეში დაარტყეს „სამხედრო მრეწველობის საწარმოებს და სატრანსპორტო-ლოგისტიკურ ცენტრებს", კერძოდ, კომპანია „ნოვა პოშტას“ ტერმინალს და საოფისე-სასაწყობე კომპლექს „სან-პარკს“ კიევში და მეტალურგიულ კომბინატს ზაპოროჟიეში.
უკრაინის საჰაერო ძალების მიერ 11 აგვისტოს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, რუსეთის ჯარებმა ზაპოროჟიეს და კიევს შეუტიეს ბალისტიკური რაკეტებით(Искандер-М/KN-23), გემსაწინააღმდეგო რაკეტებით(Циркон) და 120 უპილოტო საფრენი აპარატით.
- KN-23 ჩრდილოეთ კორეის მიერ წარმოებული რაკეტებია.
უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობას რაკეტების რაოდენობა არ დაუკონკრეტებია. ოფიციალური მონაცემების მიხედვით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა მხოლოდ 98 დრონის მოგერიება შეძლეს.
უკრაინას საჰაერო თავდაცვის საშუალებების არასაკმარისი რაოდენობის გამო სულ უფრო უჭირს ბალისტიკური რაკეტების მოგერიება და დიდი ხანია დასავლელი პარტნიორებისგან ითხოვს დამატებით საშუალებებს, პირველ ყოვლისა, რაკეტებს ამერიკული საზენიტო სისტემებისთვის Patriot.
ფორუმი