ნატოს ბოლო სამიტის დასრულებიდან თვეზე მეტი ხნის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სამიტის მასპინძელი თურქეთის დედაქალაქი ანკარა საიდუმლოდ დატოვა სხვა თვითმფრინავით. მიზეზი ირანისგან მოსალოდნელი საფრთხე იყო.
თვითმფრინავის შეცვლის ფაქტი დონალდ ტრამპმაც დაადასტურა.
- 8 ივლისს, ნატოს სამიტის დასრულების შემდეგ სატელევიზიო კამერებმა გადაიღეს, როგორ ადის ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტის თვითმფრინავის ბორტზე (Air Force One).
11 აგვისტოს ჯერ ამერიკულმა გამოცემა Washington Post-მა და შემდეგ სხვა მედიასაშუალებებმა, მათ შორის ტელეკომპანიებმა CNN-მა და CBS News-მა ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით დაწერეს, რომ ტრამპი პრეზიდენტის თვითმფრინავში დიდხანს არ დარჩენილა და ანკარიდან გაფრენის წინ, ბორტზე საკვები პროდუქტების ასატანად განკუთვნილი ამწე-ფურგონით ფარულად გადაიყვანეს სამხედრო თვითმფრინავ C-32A-ში.
ამ თვითმფრინავით, როგორც წესი, შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი სარგებლობს.
ამერიკული მედიასაშუალებების წყაროთა თანახმად, ტრამპს თვითმფრინავი შეუცვალეს ირანის მხრიდან პრეზიდენტზე შესაძლო თავდასხმის გამო.
11 აგვისტოს დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ საიდუმლო სამსახურისა და სამხედროების რჩევას დაემორჩილა, რადგან მათ სურდათ, რომ სხვა თვითმფრინავით გამგზავრებულიყო.
აშშ-ის პრეზიდენტმა ანკარა ირანზე დარტყმების განახლებიდან მეორე დღეს დატოვა.
პრეზიდენტის თვითმფრინავში (Air Force One) მყოფმა ჟურნალისტებმა და თავად თეთრი სახლის თანამშრომელთა ნაწილმაც არ იცოდნენ, რომ დონალდ ტრამპი ბორტზე არ იმყოფებოდა.
ამერიკული დელეგაციის თვითმფრინავები გზად დაეშვნენ დიდ ბრიტანეთში, სადაც დონალდ ტრამპი ისევ პრეზიდენტის თვითმფრინავში დაბრუნდა.
ფორუმი