Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პორტი ლენინგრადის ოლქში, Wildberries-ის საწყობი ტვერის ოლქში - რუსეთზე დრონებით შეტევა იყო

უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის პორტ უსტ-ლუგას 2026 წლის მარტშიც დაარტყეს
უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის პორტ უსტ-ლუგას 2026 წლის მარტშიც დაარტყეს

14 აგვისტოს უკრაინის თავდაცვის ძალებმა მორიგი შეტევა მიიტანეს რუსეთის ტერიტორიაზე. სამიზნეებს შორის იყო ბალტიის ზღვაზე რუსეთის უმსხვილესი, უსტ-ლუგის პორტი, რომელიც ლენინგრადის ოლქში მდებარეობს.

რუსეთის ამ რეგიონის გუბერნატორმა ალექსანდრ დროზდენკომ 14 აგვისტოს დილის ექვსი საათისთვის დაადასტურა, რომ დრონებით შეტევის შედეგად უსტ-ლუგის პორტში ხანძარია. რამდენიმე საათის შემდეგ დროზდენკომ სოციალური ქსელებით გაავრცელა კიდევ ერთი ცნობა, რომ „უსტ-ლუგის პორტში შეტევის ყველა შედეგი ლიკვიდირებულია, მსხვერპლი არ არის”.

გუბერნატორის თანახმად, ლენინგრადის ოლქში 51 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს. სხვა წყაროებით ეს მონაცემები დადასტურებული არ არის.

  • ლენინგრადის ოლქის დაბა უსტ-ლუგასთან მდებარე პორტი ბალტიის ზღვაზე რუსეთის უმსხვილესი პორტია.
  • პორტზე და მის ტერიტორიაზე მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანა „ნოვატეკ-უსტ-ლუგაზე” უკრაინული დრონებით შეტევა ადრეც არაერთხელ იყო, მათ შორის 2026 წლის მარტსა და ივლისში.

14 აგვისტოს შეტევის შედეგების შესახებ უკრაინას ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.

14 აგვისტოს აფეთქებები იყო რუსეთის ტვერის ოლქის კალინინის რაიონში. ადგილობრივი ხელისუფლების თანახმად, ჩამოგდებული უპილოტო საფრენი აპარატების ნამსხვრევებმა დააზიანეს კომპანია Wildberries-ის საწყობის კედელი, თანამშრომლები არ დაშავებულან.

ანალოგიური შინაარსის ცნობა სოციალური ქსელებით გაავრცელა თავად კომპანიამ. მისი მტკიცებით, საქონელი არ დაზიანებულა.

  • უკრაინის თავდაცვის ძალებმა ონლაინ-ვაჭრობის უმსხვილესი რუსული კომპანიის, Wildberries-ის საწყობებზე შეტევა 18 ივლისიდან დაიწყეს. დარტყმა იყო უკვე 20-ზე მეტ ობიექტზე.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ოფიციალური არხებით 14 აგვისტოს დილით გავრცელებული მონაცემებით, 13 აგვისტოს საღამოს რვიდან 14 აგვისტოს დილის რვა საათამდე ოცამდე რეგიონში, მათ შორის ლენინგრადის და ტვერის ოლქებში „გზად დაიჭირეს და გაანადგურეს“ 553 უკრაინული დრონი. ეს სამინისტრო, როგორც წესი, არ ასახელებს მოუგერიებელი დრონების რაოდენობას.

  • რუსეთის ხელისუფლება „ტერორისტულს“ უწოდებს უკრაინის თავდაცვის ძალების ყველა შეტევას სამრეწველო ობიექტებზე.
  • უკრაინის ხელისუფლებისთვის ეს არის „სამართლიანი პასუხი“ უკრაინასა და მის მოსახლეობაზე რუსეთის ყოველდღიურ დარტყმებზე და მიზანია მოსკოვის მიერ გაჩაღებული ომის შედეგები რუსეთშიც იგრძნონ, კრემლს ომის დაფინანსების წყაროები შეუზღუდონ და მშვიდობა აიძულონ.




ფორუმი

XS
SM
MD
LG