Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა აღიარა, რომ უკრაინული დრონებით შეტევამ გააჩერა ორსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა

ორსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა „ორსკნეფტეორგსინთეზი“ (ფოტო არქივიდან)
ორსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა „ორსკნეფტეორგსინთეზი“ (ფოტო არქივიდან)

რუსეთის ორენბურგის ოლქის ქალაქ ორსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე უკრაინული დრონებით შეტევიდან მესამე დღეს ადგილობრივმა ხელისუფლებამ აღიარა, რომ ქარხანაში „რთული სიტუაციაა“ და დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა ჯერჯერობით შეუძლებელია.

რეგიონში კიდევ უფრო შეზღუდეს საავტომობილო საწვავის გაყიდვა.

13 აგვისტოს ორენბურგის ოლქის გუბერნატორმა ევგენი სოლნცევმა ტელეგრამ-არხზე გამოაქვეყნა განცხადება, რომ ქარხანა სრულად გაჩერდა, დაზიანებულია იმპორტირებული დანადგარები და სანქციების გათვალისწინებით, რემონტის ვადა შესაძლოა, ექვს თვემდე გაჭიანურდეს.

გუბერნატორის თანახმად, ემზადებიან „ყველაზე ცუდი სცენარისთვის“, რადგან ადგილზე საწვავის წარმოება შეჩერებულია და სხვა რეგიონებიდან შემოტანის იმედად არიან.

  • უკრაინის თავდაცვის ძალებმა ქალაქ ორსკში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანა „ორსკნეფტეორგსინთეზს“ 11 აგვისტოს დაარტყეს.
  • ეს ქარხანა რუსეთში ერთ-ერთი უმსხვილესია, წელიწადში დაახლოებით 6 მილიონი ტონა ნავთობის გადამუშავება შეუძლია და ბენზინს, დიზელის საწვავს და მაზუთს აწარმოებს.
  • სააგენტო Reuters-მა ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ჯერ კიდევ 12 აგვისტოს დაწერა, რომ უკრაინული დრონებით შეტევის შედეგად ორსკის ქარხანამ მუშაობა შეაჩერა.

საწვავის გაცემა მაქსიმალურად შეზღუდეს

ორსკის ქარხანაზე დარტყმიდან მეორე დღეს, 12 აგვისტოს ორენბურგის ოლქის გუბერნატორმა გამოაცხადა, რომ რეგიონის ავტოგასამართ სადგურებზე ახალი შეზღუდვა ამოქმედდა.

ფიზიკური პირებისთვის საწვავი გაიცემა მონაცვლეობით, კვირის კენტ და ლუწ რიცხვებში(ავტომანქანების ნომრების მიხედვით).

ერთ პირზე გაიცემა არაუმეტეს 30 ლიტრი ბენზინი და 60 ლიტრამდე დიზელის საწვავი, რომლითაც მძღოლებმა გასამართ სადგურებზე უშუალოდ ავტომანქანების ავზები უნდა შეავსონ. სრულად აიკრძალა კანისტრით საწვავის წაღება.

  • რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინის ინტენსიური დარტყმებით გამოწვეული დეფიციტის გამო არაერთი თვეა რუსეთის ბევრ რეგიონში საწვავზე ლიმიტი და სხვა შეზღუდვები მოქმედებს.
  • რუსეთის ხელისუფლება „ტერორისტულს“ უწოდებს უკრაინის თავდაცვის ძალების ყველა შეტევას სამრეწველო ობიექტებზე.
  • უკრაინის ხელისუფლებისთვის ეს არის „სამართლიანი პასუხი“ უკრაინასა და მის მოსახლეობაზე რუსეთის ყოველდღიურ დარტყმებზე და მიზანია მოსკოვის მიერ გაჩაღებული ომის შედეგები რუსეთშიც იგრძნონ, კრემლს ომის დაფინანსების წყაროები შეუზღუდონ და მშვიდობა აიძულონ.



ფორუმი

XS
SM
MD
LG