Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტი აცხადებს, რომ საკონსერვაციო სამუშაოები "საერთაშორისო უმაღლეს სტანდარტებს” შეესაბამება

გელათის მონასტერი - ფოტო არქივიდან
გელათის მონასტერი - ფოტო არქივიდან

გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტი, რომელსაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი, შიო III, აცხადებს, რომ “სამონასტრო კომპლექსში მიმდინარე საკონსერვაციო პროცესები უპრეცედენტოა თავისი მასშტაბით, სამეცნიერო სიღრმითა და საერთაშორისო ექსპერტთა ჩართულობით” და “შეესაბამება საკონსერვაციო სამუშაოების განხორციელების საერთაშორისო უმაღლეს სტანდარტებს”.

კომიტეტის განცხადებას, სოციალურ ქსელ ფეისბუკში, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური აქვეყნებს. ტექსტის თანახმად, „კონკრეტული სუბიექტური მიზნებისა ამოცანების მქონე რამდენიმე ადამიანისაგან შემდგარი ჯგუფი“ ცდილობს რეპუტაციულად დააზიანოს რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე საკონსერვაციო სამუშაოები და საზოგადოება მიზანმიმართულად შეიყვანოს შეცდომაში.

განცხადებაში ხაზგასმულია, რომ პროცესი ევროპელი ექსპერტების ჩართულობით მიმდინარეობს.

განცხადების თანახმად:

  • გადასახური მასალა წარმოადგენს PVC ტიპის მაღალტექნოლოგიური ქსოვილს, რომელიც სამი თვის განმავლობაში სპეციალურად გელათისათვის იქსოვებოდა გერმანიაში, შესაბამის საწარმოში და სრულად აკმაყოფილებს საერთაშორისო საკონსერვაციო სტანდარტებს.
  • უსაფუძვლოა მტკიცებები ინტერიერსა და კედლის მხატვრობასთან დაკავშირებით, თითქოს ტაძრის შიგნით ფრესკების მასობრივი ცვენა მიმდინარეობს.
  • კლიმატოლოგიური პრობლემა, რომელიც გელათის კათედრალს აღენიშნება (და რომელიც საუკუნეების მანძილზე პროგრესირებს), ტიპიურია ყველა დიდი კათედრალისთვის.
  • ძეგლზე ექსპერიმენტის ჩატარებას არ ნიშნავს - “მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული რესტავრაციის ცენტრთან” - იტალიურ ინსტიტუტ Opificio delle Pietre Dure-თან თანამშრომლობა და “პროექტში გამოყენებული საერთაშორისო ტერმინი „Pilot restoration“ ნიშნავს საპილოტე (საცდელ) რესტავრაციას და არა ექსპერიმენტს”.


2023 წელს, გელათის რეაბილიტაციის პროცესის მართვა საქართველოს საპატრიარქომ გადაიბარა, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე - “2023 წლამდე ძეგლზე ჩატარებული სამუშაოების არასასურველი შედეგების გათვალისწინებით”.

გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, კომიტეტის ფარგლებშიც მუშაობს ორი სათათბირო ორგანო - ეროვნული სამეცნიერო საბჭო და საერთაშორისო მრჩეველთა საბჭო.

კომიტეტის თავმჯდომარეა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი, შიო III; ხოლო თავმჯდომარის მოადგილე - საქართველოს საპატრიარქოს სიწმინდეთა მოძიებისა და დაცვის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე, არქიმანდრიტი კირიონი (ონიანი).

ვიდრე პროცესს საპატრიარქოს გადააბარებდნენ, არსებობდა არაერთი კრიტიკული დასკვნა გელათში ჩატარებულ სამუშაოებზე. საპატრიარქოს წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ იქ მდგომარეობა კრიტიკული იყო.


ფორუმი

XS
SM
MD
LG