Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა უკრაინაზე ახალი დარტყმებისას ფოლადის ქარხანაზე მიიტანა იერიში, კიევმა კი მოსკოვის ოლქს შეუტია

რუსეთის არმიის იერიში კრივოი როგზე, 2 აპრილი, 2025 წელი (საილუსტრაციო ფოტო, არქივი).
რუსეთის არმიის იერიში კრივოი როგზე, 2 აპრილი, 2025 წელი (საილუსტრაციო ფოტო, არქივი).

რუსეთმა ღამით უკრაინაზე საჰაერო დარტყმები განახორციელა. მეტალურგიულ ქარხანაში ორი ადამიანი დაიღუპა. კიევმა დრონების მასშტაბური თავდასხმა წამოიწყო მოსკოვის ოლქზე, რის შედეგადაც დაიღუპა ერთი ადამიანი და ხანძარი გაჩნდა საწყობში, რომელიც რუსეთის წამყვან ინტერნეტ-მაღაზიას ეკუთვნის.

ბოლო თავდასხმების დროს, რუსულმა ძალებმა ღამით იერიში მიიტანეს უკრაინის ყველაზე დიდ ფოლადის ქარხანაზე სამრეწველო ქალაქ კრივოი-როგში, რომელიც პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მშობლიური ქალაქია.

უკრაინელი ოფიციალური პირების ცნობით, სულ ცოტა, ორი ადამიანი დაიღუპა და 14 დაშავდა.

„თავდასხმის შედეგად დაზიანდა ელექტროენერგიის გამომუშავებისა და ბრძმედის ღუმელების სექტორების საკვანძო საწარმოო ობიექტები, ხოლო ქარხნის საწარმოო პროცესები ნაწილობრივ შეჩერდა“, — განაცხადა ArcelorMittal Kryvyi Rih-მა Telegram-ზე.

კვირას დილით ადრე კიევზე განხორციელებულმა რუსულმა სარაკეტო დარტყმამ დედაქალაქის სულ მცირე, ორ რაიონში ხანძარი გამოიწვია, — განაცხადა მერმა ვიტალი კლიჩკომ. ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, სამი ადამიანი დაშავდა.

კიევის ოლქის გუბერნატორმა, ტიმურ ტკაჩენკომ, განაცხადა, რომ ოლქის მასშტაბით განხორციელებული დრონებით თავდასხმების შედეგად კიდევ სამი ადამიანი, მათ შორის ბავშვი, დაშავდა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ბოლო თავდასხმების დროს მთელი ქვეყნის მასშტაბით 822 უკრაინული დრონი ჩამოაგდო.

მოსკოვის ოლქის გუბერნატორმა, ანდრეი ვორობიოვმა, განაცხადა, რომ 83 წლის კაცი დაიღუპა კონფლიქტის დაწყების შემდეგ მოსკოვის ოლქზე უკრაინის მიერ განხორციელებული დრონების, მისი თქმით, ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური თავდასხმის შედეგად.

მან განაცხადა, რომ რამდენიმე ადამიანი დაშავდა ასევე პოდოლსკის რაიონშიც და რომ დარტყმა განხორციელდა რუსეთის უმსხვილეს ინტერნეტ-მაღაზია Wildberries-ის კუთვნილ საწყობზე.

Reuters-ის მიერ მოსკოვის სამხრეთით, დაახლოებით 45 კილომეტრში მდებარე Wildberries-ის კოლედინოს საწყობზე დარტყმის შემდეგ გადაღებულ ვიდეოში ჩანს ობიექტის თავზე ასული კვამლის დიდი ღრუბელი.

ბოლო კვირებში უკრაინის სამიზნე გახდა Wildberries, რომელსაც იგი სამხედრო ტვირთების გადაზიდვაში ადანაშაულებს; ეს ნაწილია უფრო ფართო მცდელობისა, რომ ზიანი მიადგეს რუსეთის ეკონომიკურ ინფრასტრუქტურას, რომელიც, კიევის შეფასებით, მოსკოვის სამხედრო კამპანიას უჭერს მხარს.

რეგიონის გუბერნატორის განცხადებით, რუსეთის სამხრეთით მდებარე ქალაქ ბელგოროდთან ახლოს, ავტობუსზე დრონით განხორციელებული დარტყმის შედეგად ასევე დაიღუპა ერთი ადამიანი. ბელგოროდის ოლქი აღმოსავლეთ უკრაინას ესაზღვრება.

უკრაინის სამხედრო უწყებამ განაცხადა, რომ ღამით დარტყმა მიაყენა რუსეთის როსტოვის ოლქში მდებარე სარაკეტო საწვავის საწარმოო ობიექტსაც. რუსეთს აღნიშნულ ცნობაზე კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

რუმინეთმა, რომელიც უკრაინას ესაზღვრება, განაცხადა, რომ ნატოს საჰაერო პატრულირების მისიაში მყოფმა F-18 გამანადგურებელმა ჩამოაგდო დრონი, რომელმაც ბოლო თავდასხმების დროს მისი საჰაერო სივრცე დაარღვია.

მას არ დაუკონკრეტებია დრონის წარმოშობა, რომელიც ქვეყანაში მოლდოვიდან შევიდა, თუმცა ნატოს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ის, სავარაუდოდ, რუსული იყო.

რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ეს მიმდინარე წელს უკვე მეოთხე შემთხვევაა, როდესაც დრონმა მის ტერიტორიაზე შეაღწია. უწყების ცნობით, ესპანეთის ნატოს კონტინგენტის შემადგენლობაში შემავალმა F-18 გამანადგურებელმა დრონი რუმინეთის საჰაერო სივრცეში ჩამოაგდო.

სამინისტროს განცხადებით, განადგურებული დრონის ნამსხვრევები, სავარაუდოდ, ორ სოფელს შორის მდებარე დაუსახლებელ ტერიტორიაზე ჩამოვარდა. რუსეთს აღნიშნულ ინციდენტზე კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.


ფორუმი

XS
SM
MD
LG