Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპის წარმომადგენლები კაიროში არიან, არაბულმა ქვეყნებმა დაგმეს ისრაელის მიერ ტრამპის სამშვიდობო გეგმის უარყოფა

ლტოლვილთა ბანაკი ქალაქ ღაზაში. 1 ივლისი, 2026 წელი
ლტოლვილთა ბანაკი ქალაქ ღაზაში. 1 ივლისი, 2026 წელი

დიპლომატიური წყაროს ცნობით, დონალდ ტრამპის წარმომადგენლები კაიროში 16 აგვისტოს ეგვიპტელ, კატარელ და თურქ შუამავლებს შეხვდნენ აშშ-ის პრეზიდენტის ღაზის სამშვიდობო გეგმის წინსვლის მიზნით, მიუხედავად იმისა, რომ ისრაელი პალესტინელთა ამ ტერიტორიაზე საჰაერო დარტყმებს განაგრძობდა.

ხუთმა არაბულმა ქვეყანამ ამ დროს დაგმო ისრაელის მიერ ღაზის ტრამპისეული სამშვიდობო გეგმის უარყოფა.

დიპლომატის თქმით, ჰამასის (აშშ-ის და ევროკავშირის მიერ ტერორისტულად შერაცხილი) ოფიციალური წარმომადგენლები ესწრებოდნენ შუამავლების და ტრამპის წარმომადგენელსა და სიძეს, ჯარედ კუშნერსა და ღაზაში ტრამპის „მშვიდობის საბჭოს“ წარმომადგენლის, ნიკოლაი მლადენოვს შორის გამართულ ზოგიერთ შეხვედრას.

ისრაელის მაღალი რანგის ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ კუშნერი და მლადენოვი ორშაბათს ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრას გეგმავენ, რომელმაც 9 აგვისტოს ტრამპის მიერ ღაზის მშვიდობისთვის შეთავაზებულ ბოლო საგზაო რუკას „მიუღებელი“ უწოდა.

ხუთმა არაბულმა ქვეყანამ, თურქეთთან, პაკისტანთან და ინდონეზიასთან ერთად, დაგმო ისრაელის მიერ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ღაზის სამშვიდობო გეგმის უარყოფა.

ერთობლივ განცხადებაში, ქვეყნებმა, მათ შორის ეგვიპტემ, კატარმა, საუდის არაბეთმა და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა აღნიშნეს, რომ ამ უარყოფამ საფრთხე შეუქმნა ტრამპის გააქტიურებულ ძალისხმევას ღაზაში ომის დასასრულებლად.

ღაზის მედიკოსების განცხადებით, სექტორში საჰაერო დარტყმების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

ისრაელის ოფიციალური პირის განცხადებით, ისრაელში შეშფოთება გამოიწვია ვაშინგტონის მოთხოვნამ ჰამასის მებრძოლების მიზნობრივი მკვლელობების შეწყვეტის შესახებ იმის ფონზე, როცა დაჯგუფება საკუთარი ძალების აღდგენას ცდილობს.

ტრამპის სამშვიდობო გეგმა ღაზაში სამხედრო ოპერაციების დაუყოვნებლივ შეწყვეტას ითვალისწინებს. გეგმის თანახმად, ისრაელის ჯარების ანკლავიდან გაყვანის პარალელურად ჰამასის განიარაღდება, ხოლო ღაზის აღდგენა ახალი პალესტინური სამოქალაქო ადმინისტრაციის მართვის ქვეშ განხორციელდება.

ამ თვის დასაწყისში ისრაელმა ანკლავზე იერიშების მასშტაბი შეამცირა, მაგრამ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში საჰაერო დარტყმები კვლავ განახლდა.

ისრაელის სამხედრო უწყებამ კვირას განაცხადა, რომ მისმა ავიაციამ მიზანში ამოიღო ერთი მებრძოლი ხან-იუნისში, სამხრეთ ღაზაში. ანკლავის მედიკოსების თქმით, კარვების ბანაკზე დარტყმის შედეგად, სულ მცირე, ხუთი პალესტინელი დაშავდა.

სხვა საჰაერო დარტყმა, რომელსაც ისრაელის სამხედროების განცხადებით, კიდევ ერთ მებრძოლი ჰყავდა მიზანში ამოღებული, მოხვდა ბინას ცენტრალურ ღაზაში მდებარე ნუსეირათის ბანაკში, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაიჭრა, — განაცხადეს მედიკოსებმა.

უფრო ადრე, ჰამასის ლიდერი ხალილ ალ-ჰაია კაიროში ეგვიპტის დაზვერვის უფროსს, ჰასან რაშადს შეხვდა. ჰამასის წარმომადგენელმა ღაზაში, ჰაზემ ქასემმა განაცხადა, რომ ალ-ჰაია შუამავლებს მიაწვდიდა ინფორმაციას, მისი თქმით, ისრაელის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის შესახებ.

კუშნერი მანამდე ეგვიპტის პრეზიდენტ აბდელ ფათაჰ ალ-სისის შეხვდა, — განაცხადა სისის ადმინისტრაციამ.

გასულ თვეს ტრამპმა განაცხადა, რომ ომის დასრულების მისეულ გეგმაში გარღვევა მოხდა, რასაც, მისი თქმით, ისრაელიც და ჰამასიც დაეთანხმნენ.

ჰამასმა განაცხადა, რომ ომის განახლების თავიდან ასაცილებლად იგი გეგმას დაეთანხმა, თუმცა დასძინა, რომ შეთანხმების განხორციელება დამოკიდებულია იმაზე, შეასრულებს თუ არა პირველ რიგში, ისრაელი საკუთარ ვალდებულებებს, მათ შორის ძალების გაყვანასა და თავდასხმების შეწყვეტას.

ოქტომბრის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამ შეაჩერა ძირითადი საბრძოლო მოქმედებები ღაზაში მიმდინარე დამანგრეველ ორწლიან ომში, რომელიც 2023 წლის 7 ოქტომბერს ისრაელზე ჰამასის თავდასხმის შემდეგ დაიწყო. თუმცა მან ვერ შეძლო ისრაელის თავდასხმების სრულად შეჩერება.

ოქტომბრის შემდეგ ისრაელის ცეცხლს ღაზაში 1 250-ზე მეტი პალესტინელი ემსხვერპლა, რომელთა უმეტესობა მშვიდობიანი მოქალაქე იყო. გაურკვეველია, დაღუპულთაგან რამდენი იყო მებრძოლი, რადგან ჰამასი, როგორც წესი, დაღუპული მებრძოლების შესახებ ინფორმაციას არ ასაჯაროებს.

ისრაელის მონაცემებით, იმავე პერიოდში ღაზაში მებრძოლებმა ოთხი ისრაელელი ჯარისკაცი მოკლეს.


ფორუმი

XS
SM
MD
LG