ხელწერილით გათავისუფლების შემთხვევაში დაკავებული წერილობით ადასტურებს, რომ გამოცხადდება სასამართლო პროცესზე, რომელიც მის დაკავებასთან დაკავშირებით გაიმართება.
აჭარის ტელევიზიის თანამშრომელი პოლიციამ დღეს, 17 აგვისტოს, დილით დააკავა, როცა ფარტენაძეს მოწმის სახით ჰკითხავდნენ. მას ედავებიან 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლების დარღვევას.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფარტენაძემ 16 აგვისტოს, მასთან დაკავშირებულ ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე მოწმის სახით გამოკითხვისას, „სამართალდამცველებს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა“.
„ასევე, აღნიშნული პირი 17 აგვისტოს ღამის საათებში, ბათუმში, ხმამაღლა ლანძღვა-გინებით არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს. სამართალდამცველებმა, არაერთხელ მოუწოდეს შეეწყვიტა კანონსაწინააღმდეგო ქმედება, თუმცა ის არ დაემორჩილა პოლიციელების მოთხოვნას, პოლიციელებს მიაყენა შეურაცხყოფა“, - აცხადებენ უწყებაში.
დაკავების შემდეგ ფარტენაძე ზესტაფონის დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს.
- 16 აგვისტოს გამოცემა „აჭარა თაიმსმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ფარტენაძეს ბათუმში, ევროპის მოედანზე, ბოლო დღეებში უკვე მეორედ დაესხნენ თავს.
- უფრო ადრე, ფარტენაძემ 10 აგვისტოს განაცხადა, რომ ბათუმში თავს დაესხნენ, დაემუქრნენ, აგრეთვე სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. პოლიციამ ინციდენტში მონაწილე ორი პირი დააკავა, ხოლო სასამართლომ ისინი 7-7-ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
ფორუმი