Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იტალიაში, რომთან ახლოს მომხდარ აფეთქებაში არ აღმოჩნდა დივერსიის ნიშნები

კვამლი აფეთქების შემდეგ კოლეფეროში მდებარე საწარმოს თავზე, იტალია
კვამლი აფეთქების შემდეგ კოლეფეროში მდებარე საწარმოს თავზე, იტალია

იტალიის ხელისუფლებას არ აქვს მონაცემები, რომლებიც მიუთითებდა რუსეთის კავშირზე გასულ კვირაში მომხდარ აფეთქებასთან რომთან ახლოს, საბრძოლო მასალების საწარმოში. ეს ინფორმაცია ვრცელდება იტალიის თავდაცვის მინისტრის, გვიდო კროზეტოს სიტყვებზე დაყრდნობით.

აფეთქება მოხდა 13 აგვისტოს, კომპანია KNDS Ammo Italy-ის საწარმოში, რომელიც მდებარეობს კოლეფეროში, რომიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით. შემთხვევის მომენტში მეხანძრეები უკვე ადგილზე იყვნენ, მანამდე გაჩენილი ცეცხლის ჩასაქრობად. დაშავებულების შესახებ ცნობები არ გავრცელებულა.

"არ იკვეთება ნიშნები, რომ ეს, შესაძლოა, რაიმე სხვა იყო, ვიდრე შიდა პრობლემა" - უთხრა კროზეტომ იტალიის საინფორმაციო სააგენტო Adnkronos-ს. ამავე დროს, როგორც სააგენტო Reuters-ი აღნიშნავს, ხელისუფლების წარმომადგენლებს კომენტარი არ გაუკეთებიათ ცნობებზე, რომ ეს ქარხანა უკრაინისთვის აწარმოებს საბრძოლო მასალებს.

გაზეთი La Repubblica ორშაბათს იუწყებოდა, რომ პროკურატურა ამოწმებს შესაძლო კავშირს ანალოგიურ ინციდენტებთან, რომლებიც მოხდა ბულგარეთში, საბრძოლო მასალების შემნახველ ობიექტებზე.

ფრანგულ-გერმანული თავდაცვითი კონცერნი KNDS-ი - რომელიც ამ საწარმოს ფლობს თავისი დანაყოფის, KNDS Ammo Italy-ის მეშვეობით - აცხადებს, რომ აფეთქების გარემოებები დადგენის პროცესშია.

საწარმოს ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ქარხანა აწარმოებს საშუალო და მსხვილი კალიბრის საბრძოლო მასალებს, სახმელეთო და საზღვაო თავდაცვისთვის, ასევე მყარ სარაკეტო საწვავს აეროკოსმოსური რაკეტა-მატარებლებისთვის. კომპანია იმ საწარმოთა შორისაა, რომლებთანაც 2023 წელს ევროპის თავდაცვის სააგენტომ შეთანხმება გააფორმა 155 მილიმეტრიანი საბრძოლო მასალების მიწოდების თაობაზე.

ფორუმი

XS
SM
MD
LG