„კეთილი ინებონ დადონ გამოძიება, რომ თამუნას თავი არ მოუკლავს და ის მოკლეს უშუალოდ მაღალჩინოსნებმა... კომპრომატების გამო არ არის ჩემი შვილი...“ - თქვა თამარ ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა და შვილის გარდაცვალება ყოფილ მაღალჩინოსნებს, სუსის ყოფილ ხელმძღვანელს გრიგოლ ლილუაშვილსა და ყოფილ პრემიერს, ირაკლი ღარიბაშვილს დაუკავშირა.
თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს მხარდაჭერა გამოუცხადა გიგა ავალიანის დედამ.
„რამდენი წუთის წინ გავიგე, რომ თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს ჩემგან მხარდაჭერა სჭირდებოდათ და, რა თქმა უნდა, უყოყმანოდ მოვაშურე მათ. მე მინდა იცოდნენ, რომ გიგა ავალიანის დაოსებული დედა იქნება მათ გვერდით. ერთი ადამიანი რომ სჭირდებოდეთ, ის ერთი ადამიანი ყოველთვის ვიქნები მე...“ - თქვა ეკა კუპატაძემ.
თამარ ბაჩალიაშვილის შესახებ
- 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 2020 წლის 18 ივლისს გაუჩინარდა;
- 4-დღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივლისს მისი ცხედარი ნახეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ მაწევანის ტერიტორიაზე, დაუსახლებელ ადგილას, სამანქანო გზიდან რამდენიმე ათეული მეტრის დაშორებით მდგარ საკუთარ ავტომობილში;
- საქმის გამოძიება თავდაპირველად თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის კვალიფიკაციით მიმდინარეობდა;
- ცხედრის პოვნიდან მეორე დღეს, 24 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილის საქმეს დაემატა თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლიც - ოჯახს ამ ვერსიის არ სჯერა;
- 2020 წლის 17 დეკემბერს პროკურატურაში განაცხადეს, რომ ახალგაზრდა პროგრამისტმა თავი მოიკლა, საქმე კი დახურულად გამოაცხადეს.
გიგა ავალიანის საქმე
- 28 წლის მასწავლებელი გიგა ავალიანი თბილისში, თემქის დასახლებაში, არასრულწლოვანების ძალადობის შემდეგ გარდაიცვალა; ამ საქმეზე სხვადასხვა მუხლით ოთხი მოზარდი დააკავეს. მათგან ერთს ახალგაზრდა კაცისთვის ისეთი მძიმე დაზიანების მიყენებას ედავებიან, რომელსაც სიკვდილი მოჰყვა.
- გიგა ავალიანის დედას, ეკა კუპატაძეს, მიაჩნია, რომ მოზარდებმა ერთად დაგეგმეს გიგა ავალიანის მკვლელობა და ეს ჯგუფური მკვლელობა იყო. პროკურატურას ამ საქმეში მკვლელობის მუხლი არ გამოუკვეთია.
- ამავე საქმეზე ბოლოს ორი არასრულწლოვანი გოგო დააკავეს: ერთ მათგანს ბრალი ედება „წაქეზებაში“, მეორეს კი „განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობაში“.
- გიგა ავალიანის დედა ყველა მათგანის დაკავებას თავის აქტივობას უკავშირებს - მას მიაჩნია, რომ გამოძიება მანამდე არაეფექტური იყო.
ფორუმი