2025 წლის პირველ შვიდ თვეში უმსხვილესი საექსპორტო საქონლის ათეულში ნავთობისა და ნავთობპროდუქტების წილი 1.3% იყო, მომდევნო წლის იმავე პერიოდში 12.2%-ია.
19 აგვისტოს “საქსტატმა” გამოაქვეყნა მიმდინარე წლის იანვარ-ივლისის საქართველოს საგარეო ვაჭრობის წინასწარი სტატისტიკა, რომელშიც აღნიშნულია, რომ წლის პირველ შვიდ თვეში საქართველოდან საქონლის ექსპორტი წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 21.6%-ით გაიზარდა.
ნავთობი და ნავთობპროდუქტები უმსხვილესი საექსპორტო საქონლის ათეულში 2022 და 2024 წლებში მე-8 და მე-9 ადგილებზე მოხვდა, 2025 წელს მესამე პოზიციაზე გადაინაცვლა.
საექსპორტო საქონლის ჩამონათვალში ჩანს, რომ 2025 წლის იანვარ-ივლისის პერიოდთან შედარებით, 2026 წლის პირველ შვიდ თვეში ყველაზე მკვეთრად ნავთობისა და ნავთობპრდუქტების ექსპორტი გაიზარდა. ექსპორტის ზრდის კუთხით, ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გარდა, პირველ ხუთეულშია სპილენძის მადნები და კონცენტრატები (310%-იანი ზრდით), ძვირფასი ლითონის მადნები და კონცენტრატები (75%-იანი ზრდით), ფეროშენადნობები (74.3%-იანი ზრდით) და აზოტოვანი სასუქები (22.5%-იანი ზრდით).
“საქსტატის” მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ შვიდ თვეში საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნები იყო: ყირგიზეთი, ჩინეთი, რუსეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, ყაზახეთი, თურქეთი, ირანი, ტოგო, ბულგარეთი. ამ ქვეყნებში საქართველოდან ექსპორტი ყველაზე მკვეთრად გაიზარდა ტოგოში, ჩინეთსა და ირანში. ამ ქვეყნებს შორის ექსპორტი ყველაზე მკვეთრად გაიზარდა: ტოგოში (169 282%-ით), ირანში (762%-ით) და ჩინეთში (166.4%-ით).
სტატისტიკის უწყება იძლევა ინფორმაციას საქართველოს სამ უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორთან - თურქეთთან, რუსეთთან და ჩინეთთან 2026 წლის იანვარ-ივლისში ვაჭრობის სასაქონლო ჯგუფების შესახებაც. ნავთობი და ნავთობპროდუქტები პირველ ადგილზეა თურქეთთან როგორც საექსპორტო, ისე საიმპორტო უმსხვილეს სასაქონლო ჯგუფებში; რუსეთთან - პირველ ადგილზეა საიმპორტო ჯგუფში, საექსპორტოში არ ჩანს; ჩინეთთან მესამე ადგილზეა საექსპორტო სასაქონლო ჯგუფში, უმსხვილეს საიმპორტო სასაქონლო ჯგუფში არ არის.
გასულ კვირაში ექსპორტის ზრდის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ გაავრცელა რელიზი, რომელშიც ხაზგასმული იყო საკუთრივ ივლისის თვის მონაცემებიც:
“2026 წლის ივლისში ექსპორტი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 29.8%-ით გაიზარდა და თვიურ ჭრილში რეკორდულ ნიშნულს - 792.4 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია”.
“საქსტატის” მონაცემებით, 2025 წლის ივლისში წინა წლის იმავე თვესთან შედარებით ექსპორტის 10%-იანი კლება იყო.
19 აგვისტოს ეკონომიკის სამინისტრომ გაავრცელა მინისტრის მოადგილის ვახტანგ ცინცაძის კომენტარი, რომელშიც ხაზგასმულია ადგილობრივი ანუ საქართველოში წარმოებული პროდუქციის ექსპორტის ზრდა და ის მთავრობის პოლიტიკის წარმატების დასტურად ფასდება:
“მსგავსი დინამიკა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა მიმართულია ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერაზე, კერძოდ, ადგილობრივი წარმოების პროდუქციის ექსპორტი ხორციელდება მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში და ეს ნიშნავს იმას, რომ ადგილობრივი პროდუქცია კონკურენტუნარიანია არა მხოლოდ ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო ბაზრებზეც”.
მინისტრის მოადგილის მსგავსი კომენტარი 13 აგვისტოსაც გავრცელდა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ იანვარ-ივლისის მაჩვენებლები “რეკორდულია”, რაც, ვახტანგ ცინცაძის სიტყვებით, “ადასტურებს საქართველოს მთავრობის სწორ პოლიტიკას, რომელიც მიმართულია ადგილობრივი მეწარმეობის ხელშეწყობაზე”.
რადიო თავისუფლებამ ზოგადად ექსპორტისა და ასევე ნავთობპროდუქტების ექსპორტის სტატისტიკის დეტალების დასაზუსტებლად რამდენიმე შეკითხვით მიმართა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს. პასუხების მიღების შემთხვევაში, მასალა განახლდება.
ფორუმი