„TV პირველის“ ჟურნალისტმა მას ჰკითხა ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტთან დაკავშირებით, რომელშიც საქართველოში არსებული ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა შეიყვანეს - თუმცა იმ დათქმით, რომ სანქციები მასზე მხოლოდ ექვსი თვის შემდეგ დაწესდება, თუკი პრაქტიკა არ შეიცვლება.
„ჩვენ ამის შესახებ განცხადება გავაკეთეთ, ვაპირებთ ევროპის ბაზრებზე გასვლას და ისედაც ვაპირებდით...
ეს არ არის არც სანქციები და არც გაფრთხილება, ეს არის მხოლოდ პრევენციული ზომები ევროკავშირის მხრიდან... არა მარტო ჩვენი კომპანია, ევროკავშირი პრევენციულ ღონისძიებებს იღებს ყველა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების მიმართ და ამით, ფაქტობრივად, ცდილობენ, რუსული ნავთობის რეალიზაცია შეიზღუდოს“, - თქვა ჩახუნაშვილმა და დასძინა, რომ „მტკიცებულებები რომ ჰქონოდათ, აუცილებლად დაგვასანქცირებდნენ“.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ „წუხილი გამოხატა“ ყულევის ქარხნის სანქციების 21-ე პაკეტში შეტანის გამო.
- სამინისტრო აცხადებს, რომ საქართველო სრულად იცავს ევროკავშირის სანქციებს და არ დაუშვია მათი გვერდის ავლა.
- უწყების თანახმად, ევროკომისიას წარედგინა ყველა საჭირო მტკიცებულება, რომლებიც ადასტურებს, რომ ქარხნის სანქცირებულთა სიაში შეტანას ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი არ ჰქონდა.
- „საქართველო იმედოვნებს, რომ ევროკავშირი ექვსთვიან ვადაში გადაწყვეტილებას გადახედავს და მზად არის თანამშრომლობის გაგრძელებისთვის“.
21-ე პაკეტი
ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მუდმივმა წარმომადგენლებმა 23 ივლისს საბოლოოდ შეათანხმეს სანქციების ახალი, 21-ე პაკეტი, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ უკვე ამოქმედდა.
ახალი სანქციები ძალაში შევიდა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერების მიერ დამტკიცებისა და ოფიციალურად გამოქვეყნების შემდეგ, 23 ივლისსავე.
საქართველოს შემთხვევაში პაკეტში შეიტანეს ყულევის ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა. საუბარია ყულევის ქარხანაზე და არა ყულევის პორტზე, - რომელიც, თავის მხრივ, 2026 წლის პირველ ნახევარში უკვე გადაურჩა ევროკავშირის სანქციების სიაში მოხვედრას.
- ბრიუსელში რადიო თავისუფლების წყაროს ინფორმაციით, ეს კონკრეტული ზომა - ექვსთვიანი ვადის, ერთგვარი „დედლაინის“ დაწესება - ევროკავშირმა თავის პრაქტიკაში პირველად მიიღო;
- ინფორმირებული წყაროს განმარტებით, ამის საფუძველი გახდა მზაობა, რომ [სასანქციო] მოთხოვნებს (შე)ასრულებდნენ. ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირის პერსპექტივიდან, თუკი ექვსი თვის განმავლობაში ქარხნის გარშემო არაფერი შეიცვლება, - ესე იგი, რუსული ნავთობის გადამუშავებას განაგრძობს, - სანქციები ამოქმედდება;
- ასევე, ქარხანაზე მომდევნო პაკეტითაც გავრცელდება ტრანზაქციების შეზღუდვები. ამოქმედების თარიღად ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნებულ დოკუმენტში 2027 წლის 25 იანვარია მითითებული.
ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მფლობელი კომპანია „ბლექ სი პეტროლიუმი“ (BSP) 1 ივლისსაც აცხადებდა, რომ მიმდინარე წლის აგვისტო-სექტემბრიდან საწარმო სრულად არარუსული წარმოშობის ნედლი ნავთობის გადამუშავებას დაიწყებს.
ფორუმი