Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევში 21 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა რუსეთის შეტევით გამოწვეული მსხვერპლის გამო

რუსეთის სარაკეტო შეტევის შედეგად დაზიანებული სახლი კიევში. 2026 წლის 20 აგვისტო
რუსეთის სარაკეტო შეტევის შედეგად დაზიანებული სახლი კიევში. 2026 წლის 20 აგვისტო

უკრაინის დედაქალაქ კიევში და კიევის ოლქში დიდი მსხვერპლი, ნგრევა და ხანძრები მოჰყვა რაკეტებით და დრონებით რუსეთის მორიგ შეტევას. მასირებული შეტევა 19-დან 20 აგვისტოს ღამით დაიწყო.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის მონაცემებით, 20 აგვისტოს დილის ცხრა საათისთვის დადასტურებულია, რომ კიევში 12 ადამიანი დაიღუპა და 34 დაშავდა.

ამავე სამსახურის ცნობით, კიევის სვიატოშინსკის რაიონში დარტყმა იყო სამრეწველო ობიექტზე. ხანძრები გაჩნდა სამ საწყობში. სოლომენსკის რაიონში დანგრეულია 9-სართულიანი სახლის ბოლო ორი სართული, კიდევ სამი დამწვარია. დაზიანებულია რამდენიმე სახლი, ორი სამედიცინო დაწესებულება, სკოლა და მაღაზია. დარნიცის რაიონში დარტყმა იყო არასაცხოვრებელ ობიექტზე. ხანძარი გაჩნდა საწყობებში.

კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ რუსეთის მასირებული შეტევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად 21 აგვისტო დედაქალაქში გლოვის დღედ გამოაცხადა.

კიევის ოლქი

რუსული რაკეტებით და დრონებით შეტევა იყო კიევის ოლქზეც.

ადგილობრივი სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბროვარის რაიონში ერთი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაჭრა. 6 ადამიანი დაშავდა ბორისპოლის რაიონში.

კიევის ოლქის ამ რაიონებში დანგრეული და დაზიანებულია 14 კერძო და ერთი მრავალბინიანი სახლი, 4 საწყობი და ავტოგასამართი სადგური.

რა თქვა რუსეთმა

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 20 აგვისტოს დილით ოფიციალური არხებით გაავრცელა ცნობა, რომ რაკეტებით და დრონებით კიევში დაარტყეს საბრძოლო მასალების საწყობს, საწარმოებს, „ფაიერ პოინტს“ და „ანტონოვს“ და კომპანია „უკრსპეცსისტემსის“ სავაჭრო-სასაწყობე კომპლექსს.

რუსეთის მტკიცებით, ამ ობიექტებზე უკრაინული დრონების და რაკეტების კომპონენტებს აწარმოებდნენ და ინახავდნენ. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობითვე, კიევის ოლქში დაარტყეს სატრანსპორტო-ლოგისტიკურ ცენტრს და საწვავის საწყობს, რომლებსაც უკრაინის არმიის საჭიროებებისთვის იყენებდნენ.

ცნობაში არაფერია ნათქვამი სამოქალაქო ობიექტების ნგრევა-დაზიანებისა და სამოქალაქო მოსახლეობაში მსხვერპლის შესახებ.

  • უკრაინის ხელისუფლებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებით, რუსეთი მიზანმიმართულად უტევს სამოქალაქო ობიექტებს, რაც ომის დანაშაულია.
  • რუსეთი სამოქალაქო ობიექტებზე მიზანმიმართულ დარტყმებს უარყოფს.

თავის მხრივ, უკრაინის თავდაცვის ძალები რუსეთის ტერიტორიაზე ინტენსიურად უტევენ სამრეწველო ობიექტებს, მათ შორის ნავთობგადამამუშავებელ და სამხედრო დანიშნულების ქარხნებს და სავაჭრო კომპანიების, ძირითადად, Wildberries-ის საწყობებს.

  • რუსეთის ხელისუფლება „ტერორისტულს“ უწოდებს თავის ტერიტორიაზე უკრაინის თავდაცვის ძალების ყველა შეტევას.
  • უკრაინის ხელისუფლებისთვის ეს არის „სამართლიანი პასუხი“ უკრაინასა და მის მოსახლეობაზე რუსეთის ყოველდღიურ დარტყმებზე და მიზანია მოსკოვის მიერ გაჩაღებული ომის შედეგები რუსეთშიც იგრძნონ, კრემლს ომის დაფინანსების წყაროები შეუზღუდონ და მშვიდობა აიძულონ.







ფორუმი

XS
SM
MD
LG