Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინამ დაადასტურა, რომ რუსეთში დაარტყა ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას და ტერმინალს

ნიჟნეკამსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანა „ტანეკოზე“ დარტყმის შესახებ 20 აგვისტოს დილით წერდნენ მონიტორინგის უკრაინული არხები
ნიჟნეკამსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანა „ტანეკოზე“ დარტყმის შესახებ 20 აგვისტოს დილით წერდნენ მონიტორინგის უკრაინული არხები

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა დაადასტურა დარტყმა ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე რუსეთის თათრეთის რესპუბლიკის ქალაქ ნიჟნეკამსკში და ნავთობის ტერმინალზე კრასნოდარის მხარეში.

უკრაინის გენშტაბის მიერ სოციალური ქსელებით 20 აგვისტოს დღისით გავრცელებული ინფორმაციით, ნიჟნეკამსკში დაარტყეს რუსული არმიის მომარაგებაში ჩართულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანა „ტანეკოს“, რომლის ტერიტორიაზეც ხანძარია დაფიქსირებული, ხოლო კრასნოდარის მხარის დაბა ვოლნაში - „ტამანნეფტეგაზს“, რომელიც შავი ზღვის რეგიონში რუსეთის ერთ-ერთი ძირითადი ნავთობტერმინალია.

ამ ორ ობიექტზე დარტყმის შესახებ დილით წერდნენ მონიტორინგის უკრაინული არხები. რუსეთის კრასნოდარის მხარის და თათრეთის რესპუბლიკის ადგილობრივმა ხელისუფლებამ საწარმოებზე დრონებით შეტევა დაადასტურა, თუმცა კონკრეტული ობიექტები არ დაუსახელებია.

თავის მხრივ, რუსეთის ჯარებმა 19-დან 20 აგვისტოს ღამით უკრაინაზე რაკეტებით და დრონებით მიიტანეს მორიგი მასირებული შეტევა, რომლის მთავარ სამიზნე იყო კიევი და კიევის ოლქი.

დაიღუპა 15-ზე მეტი ადამიანი და 40-ზე მეტი დაშავდა. დანგრეული და დაზიანებულია სახლები, სამედიცინო და სასწავლო დაწესებულებები, საწარმოები, საწყობები და სხვა ობიექტები.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ კიევსა და კიევის ოლქში დაარტყეს სამხედრო დანიშნულების საწარმოებს და საწყობებს. რუსეთს არაფერი უთქვამს სამოქალაქო ობიექტების ნგრევა-დაზიანებისა და მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის შესახებ.

  • უკრაინის ხელისუფლებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებით, რუსეთი მიზანმიმართულად უტევს სამოქალაქო ობიექტებს, რაც ომის დანაშაულია.
  • რუსეთი სამოქალაქო ობიექტებზე მიზანმიმართულ დარტყმებს უარყოფს.
  • რუსეთის ხელისუფლება „ტერორისტულს“ უწოდებს თავის ტერიტორიაზე უკრაინის თავდაცვის ძალების ყველა შეტევას.
  • უკრაინის ხელისუფლებისთვის ეს არის „სამართლიანი პასუხი“ უკრაინასა და მის მოსახლეობაზე რუსეთის ყოველდღიურ დარტყმებზე და მიზანია მოსკოვის მიერ გაჩაღებული ომის შედეგები რუსეთშიც იგრძნონ, კრემლს ომის დაფინანსების წყაროები შეუზღუდონ და მშვიდობა აიძულონ.



ფორუმი

XS
SM
MD
LG