უკრაინაზე რუსული დრონებით მორიგი შეტევის ერთ-ერთი სამიზნე ოდესის ოლქიც იყო.
უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, 20-დან 21 აგვისტოს ღამით, დრონებით დარტყმა იყო იზმაილის და ბოლგრადის რაიონებზე.
შეტევის შედეგად დაზიანებულია ბოლგრადის რაიონში, მოლდოვასთან საზღვარზე მდებარე საერთაშორისო გამშვები პუნქტი „ტაბაკი“ - შენობა და პუნქტის კონსტრუქციები.
გაჩნდა ხანძარი, რომელიც 21 აგვისტოს დილის მონაცემებით, ლიკვიდირებულია. გამშვები პუნქტი დაიხურა, რის შესახებაც უკრაინამ მოლდოვას შეატყობინა.
- მოლდოვას ესაზღვრება უკრაინის ოდესის ოლქის კიდევ ერთი, იზმაილის რაიონი. 20 აგვისტოს რუსეთის ჯარებმა ამ რაიონის ქალაქ რენისთან მდებარე გამშვებ პუნქტსაც დაარტყეს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ოფიციალური არხებით 21 აგვისტოს დილით გავრცელებულ ცნობაში, რომელიც ოდესის ოლქს ეხება, ბოლგრადის რაიონი ნახსენები არ არის.
ამ ინფორმაციის მიხედვით, ოდესის ოლქის იზმაილის რაიონში მდებარე რენის პორტში დრონებით დაარტყეს საბრძოლო მასალების საწყობს. სხვა წყაროებით ეს ცნობა დადასტურებული არ არის.
ფორუმი