21 აგვისტოს გამთენიისას აფეთქებები იყო რუსეთის ქალაქ პერმის იმ რაიონში, სადაც ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა მდებარეობს. მისი მფლობელი კომპანია „ლუკოილია“.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვის ძალები უკრაინულ დრონებს იგერიებდნენ.
პერმის მხარის გუბერნატორ დმიტრი მახონონის ტელეგრამ-არხზე დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, „დაფიქსირებულია დაზიანებები ერთ სამრეწველო ობიექტზე". რა ობიექტია ეს, გუბერნატორს არ უთქვამს.
მონიტორინგის უკრაინულმა არხებმა Exilenova+-მა და Supernova+-მა პერმის მცხოვრებთა მიერ გადაღებულ კადრებსა და მათგან მიღებულ ცნობებზე დაყრდნობით დაწერეს, რომ დარტყმა იყო ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, სადაც ხანძარია.
რუსეთის ხელისუფლების მიერ „უცხოეთის აგენტად” გამოცხადებულმა დამოუკიდებელმა რუსულმა გამოცემა ASTRA-მ თვითმხილველთა მიერ გადაღებული კადრების ანალიზით დაადგინა, რომ კვამლია ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის, „ლუკოილ-პერმნეფტეორგსინთეზის“ თავზე.
- „ლუკოილის“ პერმის ქარხანა რუსეთში ერთ-ერთი უმსხვილესია, წელიწადში 13 მილიონ ტონაზე მეტი ნავთობის გადამუშავება შეუძლია და ბენზინს, დიზელის საწვავს და საავიაციო ნავთს აწარმოებს.
- უკრაინის თავდაცვის ძალებმა პერმის ქარხანას ორჯერ დაარტყეს 2026 წლის გაზაფხულზე და დაახლოებით სამი კვირის წინაც, 29 ივლისს.
- რუსეთის ხელისუფლება „ტერორისტულს“ უწოდებს თავის ტერიტორიაზე უკრაინის თავდაცვის ძალების ყველა შეტევას.
- უკრაინის ხელისუფლებისთვის ეს არის „სამართლიანი პასუხი“ უკრაინასა და მის მოსახლეობაზე რუსეთის ყოველდღიურ დარტყმებზე და მიზანია მოსკოვის მიერ გაჩაღებული ომის შედეგები რუსეთშიც იგრძნონ, კრემლს ომის დაფინანსების წყაროები შეუზღუდონ და მშვიდობა აიძულონ.
ფორუმი