Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხელახალი გამოძიება ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია - პროკურატურა 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე

პროკურატურა ვრცელი განცხადებით ეუბნება უარს თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახს ხელახალი გამოძიების მოთხოვნაზე
პროკურატურა ვრცელი განცხადებით ეუბნება უარს თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახს ხელახალი გამოძიების მოთხოვნაზე

2020 წელს გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის მიერ საქმის ხელახალი გამოძიების მოთხოვნით აქციების დაანონსების ფონზე, საქართველოს პროკურატურა აცხადებს, რომ „ხელახალი გამოძიების დაწყების მოთხოვნა ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია“.

პროკურატურა 2026 წლის 21 აგვისტოს გამოქვეყნებულ განცხადებაში წერს:

„მტკიცებულებებმა ცხადყო, რომ თამარ ბაჩალიაშვილის მიმართ დანაშაულის ჩადენას ადგილი არ ჰქონია და საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლივი, თანმიმდევრული და ლოგიკური ანალიზი უტყუარად ადასტურებს, რომ მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა“.

განცხადებამდე მცირე ხნით ადრე პროკურატურაში იმყოფებოდა თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი.

აქციები ხელახალი გამოძიების მოთხოვნით

ახალგაზრდა ქალის ოჯახმა 2026 წლის აგვისტოდან აქციები დააანონსა გამოძიების ხელახლა ჩატარების მოთხოვნით.

  • 2020 წლის გაზაფხულში გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახმა შვილის საქმეზე ახალი გამოძიების ჩატარება მოითხოვა;
  • ისინი 19 აგვისტოს პროკურატურასთან შეიკრიბნენ. „კეთილი ინებონ, დადონ გამოძიება, რომ თამუნას თავი არ მოუკლავს და ის მოკლეს უშუალოდ მაღალჩინოსნებმა... კომპრომატების გამო არ არის ჩემი შვილი“, - თქვა თამარ ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა.
  • მან შვილის გარდაცვალება ამჟამად დაპატიმრებულ ყოფილ მაღალჩინოსნებს დაუკავშირა.

პროკურატურის უარი

21 აგვისტოს პროკურატურამ მოცულობითი და დეტალებით დატვირთული განცხადებით საჯაროდ უპასუხა ოჯახის მოთხოვნას და ხელახალ გამოძიებაზე უარი განაცხადა.

საგამოძიებო უწყება, მიუთითა, რომ გამოძიების საწყისი ეტაპიდანვე თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებს და მათ ადვოკატებს სრულად ჰქონდათ წვდომა საქმის მასალებზე და „სრულყოფილად იყვნენ ინფორმირებულნი“.

„მათი თხოვნით ჩატარადა ასეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, გადამოწმებულ იქნა აბსოლუტურად ყველა ვერსია, რაც მათ მიერ იქნა შემოთავაზებული, შესწავლილ იქნა საჯაროდ, მედიასაშუალებებით გავრცელებული მოვლენათა შესაძლო განვითარების ყველა სცენარი, თუმცა გამოძიების ფარგლებში მოპოვებულმა მტკიცებულებებმა გამორიცხეს ვინმეს მხრიდან თამარ ბაჩალიაშვილის მიმართ რაიმე უკანონო ქმედების განხორციელების ფაქტი“, - განაცხადა პროკურატურამ.

პროკურატურის დასაბუთება

განცხადებაში ასევე წერია, რომ:

  • „გამოძიების მსვლელობისას საქმეზე გამოიკითხა 600-ზე მეტი პირი;
  • ჩატარდა ათეულობით საექსპერტო კვლევა;
  • დამუშავდა და გაანალიზდა ასეულობით საათის ვიდეო ჩანაწერები, საკომუნიკაციო ოპერატორებისგან მიღებული ინფორმაცია ათასობით სატელეფონო აქტივობების შესახებ;
  • აღდგენილი და შესწავლილ იქნა თამარ ბაჩალიაშვილის ტელეფონსა და კომპიუტერში არსებული ყველა ინფორმაცია;
  • საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების შესაბამისი უწყებების დახმარებით “facebook”-დან და „Instagram“-დან გამოთხოვილი იქნა ამ სოციალურ ქსელებში თამარ ბაჩალიაშვილის პირად ანგარიშებთან დაკავშირებული სრული ინფორმაცია;
  • ჩატარდა არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, რის შედეგადაც დადგინდა არამხოლოდ თამარ ბაჩალიაშვილის თვითმკვლელობის გარემოებები, არამედ გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი, მისი სიცოცხლის ბოლო წლების დეტალები და ფაქტები“.

პროკურატურა ამტკიცებს, რომ მტკიცებულებების საფუძველზე „წუთობრივი სიზუსტით იქნა რეკონსტრუირებული თამარ ბაჩალიაშვილის მიერ თვითმკვლელობის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესი და მასთან დაკავშირებული გარემოებები“.

უწყება შემდეგ აღწერს კიდეც ამ გარემოებებს:

  • ახსენებს ახალგაზრდა ქალის გრძნობებს კომპანია „ზეგში“ თავისი უფროსის, ნიკა გ.-სადმი;
  • რომ არაერთხელ დაუწერია და უთქვამს, როგორ ფიქრობდა თვითმკვლელობაზე;
  • ინტერნეტში ეძებდა საამისო გზებს (აღწერილია კიდეც თარიღები, დრო და კონკრეტული სიტყვები, ამას როგორ აკეთებდა),
  • საუბარია გარკვეულ პრეპარატებზეც, - იმაზე, რაც გარდაცვალების შემდეგ მის ორგანიზმში აღმოჩნდა;
  • როგორ გადაადგილდებოდა გარდაცვალების დღეს - ავტომობილი შიგნიდან იყო ჩაკეტილი, მინები სრულად აწეული;
  • სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზით გამოირიცხა ავტომობილის ბუქრისით და გარეშე ძალით გადაადგილება
  • გოგონას გარდა ავტომობილში არავინ მჯდარა;
  • მისი სიკვდილის მიზეზია მედიკამენტოზური ინტოქსიკაცია;
  • „საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების პარალელურად, უტყუარი საექსპერტო კვლევებით იქნა უარყოფილი ყველა ვერსია თამარ ბაჩალიაშვილის ძალადობრივი სიკვდილის შესახებ“;
  • სასამართლო ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიურმა და სამედიცინო ექსპერტიზამ აჩვენა, რომ იგი იყო „მოწყვლადი ჯგუფის ტიპიური წარმომადგენელი, რომელსაც სუბიექტური აღქმით ყველა მიმართულებით წარუმატებლობის ფონზე აღარ სურს, ან ძალიან ურთულდება კრიზისულ სიტუაციაში კონსტრუქციული გადაწყვეტილების მიღება, არის სუიციდის განხორციელების მაღალი რისკი და ფსიქოლოგიური პორტრეტის გათვალისწინებით, დასაშვებია მის მიერ სუიციდის ჩადენის ფაქტი“.
  • ამის დასტურად გამოძიებას მოჰყავს გოგონას იუტუბ-არზე ატვირთული პირადი ვიდეოები და მობილურში არსებული ვიდეოჩანაწერები.

ფორუმი

XS
SM
MD
LG