უკრაინას დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავი აშშ-ის სახელით მიულოცა სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ. მისი განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის საიტზე 24 აგვისტოს გამოქვეყნდა.
- 1991 წლის 24 აგვისტოს უკრაინის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ მიიღო დოკუმენტი - უკრაინის დამოუკიდებლობის გამოცხადების აქტი.
სახელმწიფო მდივანი რუბიო აცხადებს, რომ აშშ უკრაინის სუვერენიტეტის ერთგულია და განაგრძობს მუშაობას მოლაპარაკებების გზით რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების მხარდასაჭერად, რაც მყარ და გრძელვადიან მშვიდობას დაამყარებს.
სახელმწიფო მდივნის თანახმად, დამოუკიდებლობის დღეს, როცა უკრაინელები პატივს მიაგებენ საკუთარი ქვეყნის ისტორიას და თავიანთ სიმამაცესა და ინოვაციურობას აღნიშნავენ, აშშ ადასტურებს მტკიცე ერთგულებას უკრაინასთან კავშირების განმტკიცებისადმი ეკონომიკისა და უსაფრთხოების სფეროებში და მშვიდობისა და კეთილდღეობისკენ მიმავალ გზაზე.
ივლისის ბოლოს დასავლეთის და უკრაინის მედიასაშუალებები ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერდნენ, რომ უკრაინის დამოუკიდებლობის დღისთვის კიევში ვიზიტს გეგმავდნენ აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლები სტივენ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი.
რადიო თავისუფლების ვაშინგტონელი კორესპონდენტის ცნობით, უიტკოფისა და კუშნერის ვიზიტი გადაიდო მას შემდეგ, რაც გასულ კვირაში რუსეთმა გააძლიერა კიევზე რაკეტებით და დრონებით შეტევა.
- სტივენ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი ჩართული არიან უკრაინაში ომის დასასრულებლად მხარეებთან მოლაპარაკებების პროცესში, რომელიც ჯერჯერობით უშედეგოდ მიმდინარეობს.
უკრაინის დამოუკიდებლობის დღის გამო კიევში მეორე დღეა იმყოფება არაერთი ევროპული სახელმწიფოს ლიდერი. 24 აგვისტოს მათ შეუერთდნენ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ენდი ბერნემი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიუ კოშტა.
ფორუმი