Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღარიბაშვილს ქრთამის აღების ბრალდება წარუდგინეს ექსმინისტრ ბურჭულაძის საქმეზე

საქმე თავდაცვის ყოფილ მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძეს უკავშირდება - მას 11-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ამჟამად საპროცესო შეთანხმებით 5-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.
საქმე თავდაცვის ყოფილ მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძეს უკავშირდება - მას 11-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ამჟამად საპროცესო შეთანხმებით 5-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.

საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს, - რომელიც წინა კვირაში „ქართული ოცნების“ გუნდის მხრიდან ზეწოლაზე საუბრობდა, - ახალი, კორუფციის ბრალდება წარუდგინეს.

საქმე ეხება „განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად აღებას“.

ეს საქმე უკავშირდება პატიმრობაში მყოფ ჯუანშერ ბურჭულაძეს, - თავდაცვის ყოფილ მინისტრს.

გამოძიების თანახმად, - ბურჭულაძის ჩვენებით, - თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ბიზნესმენისგან [საუბარია ზურაბ ტუკვაძეზე] მიღებული 1.5 მილიონი ლარიდან 750 000 ლარი რამდენიმე ეტაპად „ქეშად“ გადასცა ირაკლი ღარიბაშვილს.

ახალი ბრალდება 11-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ჯერჯერობით, 2026 წლის იანვარში გაფორმებული საპროცესო შეთანხმებით, მან 5-წლიანი პატიმრობა უნდა მოიხადოს.

„ბურჭულაძემ გამოძიებასთან ითანამშრომლა“

24 აგვისტოს გენერალური პროკურორის მოადგილემ, ამირან გულუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ პროკურატურას გამოძიებასთან თანამშრომლობის მიზნით 12 აგვისტოს მიმართა კორუფციისთვის მსჯავრდადებულმა ვასილ მხეიძემ, - ბურჭულაძის ცოლისძმამ, - და გამოძიებას „სრული ინფორმაცია“ მიაწოდა.

„ასევე დაიკითხა და გამოძიებასთან ითანამშრომლა ჯუანშერ ბურჭულაძემაც“, - განაცხადა მან.

ეს ბრალდება ბურჭულაძისა და მისი გარემოცვის წინააღმდეგ წარმოებულ საქმეს უკავშირდება.

ბურჭულაძისა და გარემოცვის დაპატიმრება

2026 წლის 23 აპრილს 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს.

რამდენიმე თვით ადრე, 2025 წლის 11 სექტემბერს დაკავებული ექსმინისტრი გაასამართლეს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და „ფულის გათეთრების“ ბრალდებით.

ბრალდების თანახმად, 2023 წელს ჯუანშერ ბურჭულაძემ თავისი მოადგილის, გიორგი ხაინდრავას, ცოლისძმა ვასილ მხეიძისა და თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, ვლადიმერ ღუდუშაურის დახმარებით, გორის სამხედრო ჰოსპიტალს სამედიცინო აპარატურა 2 606 272 ლარის ნაცვლად 3 940 000 ლარად მიაწოდა, რის შედეგადაც სამინისტროს 1 333 728 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა.

  • სასამართლოს თანახმად, ქონებისთვის კანონიერი სახის მისაცემად, ბურჭულაძის ოჯახმა 2025 წლის იანვარში 544 000 ევროდ შეიძინა ესპანეთში, მალაგის პროვინციაში მდებარე მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული საცხოვრებელი სახლი.
  • დამატებით სასჯელად მას ჩამოართვეს ქონება, მათ შორის მიწა და სახლი ესპანეთში, მალაგის პროვინციაში; სახლი, ავტოსადგომი და საზაფხულო ფართი თბილისში, ნუშის ბაღების ქუჩაზე.

ღარიბაშვილის როლი ამ საქმეში - გამოძიების ვერსია

დღეს გენერალური პროკურორის მოადგილემ ისაუბრა უკვე არსებულ გამოძიებაზე და, მხეიძისა და ბურჭულაძის ჩვენებებზე დაყრდნობით, მასში ირაკლი ღარიბაშვილის, როგორც გარანტორის, როლზე ისაუბრა.

ამირან გულუაშვილის განცხადების - და, შესაბამისად, ბრალდების, - თანახმად:

  • თავდაცვის სამინისტროს 2022 წლის ბოლოდან ძვირადღირებული სამედიცინო აპარატურის ყიდვა დასჭირდა;
  • მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა ნათესავმა ვასილ მხეიძემ წინასწარ შეარჩიეს ბიზნესმენი [ზურაბ ტუკვაძე], რომლის კომპანიებსაც ამ შესყიდვებში უნდა გაემარჯვათ;
  • ამის სანაცვლოდ, ბიზნესმენს მათთვის ხელშეკრულების თანხის 10%-ის ნაღდი ფულის სახით გადახდა მოსთხოვეს.
  • ბიზნესმენმა „საწყის ეტაპზე თავი შეიკავა დანაშაულებრივი შეთანხმებისაგან და მოითხოვა მეტი გარანტიები უმაღლესი თანამდებობის მქონე პირებისგან“;
  • ამის შემდეგ ბურჭულაძემ ეს სქემა ირაკლი ღარიბაშვილთან შეათანხმა და ღარიბაშვილმაც მიიღო მონაწილეობა შეთანხმებაში, მათ შორის, საკუთარი სარგებლის მოთხოვნით.

შედეგად, სამ საიდუმლო შესყიდვაში რეალურად დაახლოებით 11.5 მილიონი ლარის ღირებულების საქონელი სახელმწიფომ 18.5 მილიონ ლარად იყიდა.

„₾750 000 ქეშად“

გამოძიების ვერსიითვე, სქემაში მონაწილე ბიზნესმენმა ბურჭულაძის ცოლისძმას, ვასილ მხეიძეს ნაღდი ფულის სახით გადასცა მთლიანი სახელშეკრულებო ღირებულებების დაახლოებით 10% - 1 900 000 ლარი, საიდანაც:

  • მხეიძემ პირადი სარგებლის სახით დაიტოვა 400 000 ლარი;
  • 1.5 მილიონი სრულად გადასცა ჯუანშერ ბურჭულაძეს.
  • ბურჭულაძემ ნახევარი - 750 000 ლარი - თავად დაიტოვა;
  • მეორე ნახევარი - ასევე 750 000 ლარი - „რამდენიმე ეტაპად ქრთამის სახით ხელზე გადასცა ირაკლი ღარიბაშვილს“.

ღარიბაშვილის ბრალდებები „ოცნებას“

ბრალდება მოჰყვება პატიმრობაში მყოფი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებს, სადაც იგი ყოფილი თანაგუნდელების მხრიდან მუქარასა და ზეწოლაზე საუბრობდა.

ექსპრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა 17, 18 და 20 აგვისტოს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტებში ისაუბრა „მისი და მისი ოჯახის განადგურების ბინძურ გეგმაზე“.

მან განაცხადა, რომ მათს უსაფრთხოებაზე „სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და მთელ ხელისუფლებას“.

  • ღარიბაშვილის თქმით, მან მამუკა მდინარაძისგან წერილი მიიღო, რომელშიც მისგან ახალი კორუფციული საქმის აღიარებას მოითხოვდნენ, თუმცა ამ პირობას არ დათანხმდა და „ბრძოლა“ გადაწყვიტა.
  • ყოფილი პრემიერის მტკიცებით, მის ყოფილ თანაგუნდელებს ეშინოდათ, რომ ის პოლიტიკაში დაბრუნდებოდა და ამ რისკის „გადაზღვევას“ ცდილობდნენ.
  • ღარიბაშვილმა მესამე პოსტში დააზუსტა, რომ მამუკა მდინარაძემ მისი ოჯახის წევრს წერილი „თავისი ახლო მეგობრის ხელით გადასცა“.
  • „სულ ტყუილად და უსუსურად წვალობთ, რომ ჩემგან გამოიყვანოთ ქვეყნის, გუნდისა და ბიძინა ივანიშვილის მოღალატე“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.
  • ბრალდებებს საპატიმროდან კორუფციასთან „ქართული ოცნების“ უკომპრომისო ბრძოლის ლოგიკურ გაგრძელებად მიიჩნევს ვიცე-პრემიერი მამუკა მდინარაძე.

ჯუანშერ ბურჭულაძესთან ერთად, 2026 წლის 23 აპრილს მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ პატიმრობა მიუსაჯა ამავე საქმეებზე დაკავებულებს:

  • ბურჭულაძის ყოფილ მოადგილეს, გიორგი ხაინდრავას - 8 წელი;
  • ბურჭულაძის ცოლისძმას, ვასილ მხეიძეს - 8 წელი.
  • საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს ილია ღუდუშაურს, თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების სამსახურის ყოფილ უფროსს.
  • ღუდუშაურთან პროკურატურის პირობა ასეთია: პირობითი მსჯავრი 4 წელი, 10 000-ლარიანი გირაო და ერთი წლით საჯარო სამსახურში დასაქმების აკრძალვა. ღუდუშაური განაჩენამდეც გირაოს საფუძველზე იყო გათავისუფლებული.

იმის მიუხედავად, რომ ჯუანშერ ბურჭულაძე თავს დამნაშავედ არ ცნობდა, იგი მოითხოვდა საპროცესო შეთანხმების გაფორმებას. თუმცა ამის ერთ-ერთი აუცილებელი პირობა წაყენებული ბრალის აღიარებაა.

რას ამბობს ღარიბაშვილის ოჯახი

ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის ძმამ, ალექსანდრე თამაზაშვილმა ფეისბუკზე გამოაქვეყნა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, - მისი თქმით, იქ ჩანს, რომ 2023 წელს ზურაბ ტუკვაძემ ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმას, ვასილ მხეიძეს წყნეთში მდებარე აგარაკი გადაუფორმა.

„სავარაუდოდ, ამ სახლის რამდენიმე ოთახი ქრთამის სახით მიუტანა და გადასცა ირაკლის ჯუანშერ ბურჭულაძემ“, - წერს თამაზაშვილი, სავარაუდოდ, ირონიით.

ფორუმი

XS
SM
MD
LG