Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოჯახის პოზიციით, ღარიბაშვილი პოლიტიკური პატიმარია - მას ახალი ბრალი გააცნეს

„ირაკლი ღარიბაშვილი დღეს არის პოლიტიკური პატიმარი“, - განაცხადა ექსპრემიერის ცოლისდამ.
„ირაკლი ღარიბაშვილი დღეს არის პოლიტიკური პატიმარი“, - განაცხადა ექსპრემიერის ცოლისდამ.

ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს საპატიმროში წარუდგინეს კორუფციის ახალი ბრალდება, რომელიც 11-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ადვოკატების თანახმად, ის ბრალს არ აღიარებს; ოჯახი „ქართული ოცნების“ ყოფილ ლიდერს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს.

„ირაკლი ღარიბაშვილი დღეს არის პოლიტიკური პატიმარი“, - განუცხადა "ტვ პირველს" ნათია თამაზაშვილმა, ირაკლი ღარიბაშვილის ცოლისდამ, რომელიც ამავე დროს პოლიტიკოსის ადვოკატია.

„ამას სამართალთან არანაირი კავშირი არ აქვს და ეს სრულად არის პოლიტიკური პროცესი. ირაკლი ღარიბაშვილი დღეს არის პოლიტიკური პატიმარი“, - განაცხადა მან. - „არარსებულ ბრალზეა საუბარი“.

  • აქამდე ღარიბაშვილის ოჯახი საკითხს ასე არ აყენებდა:
  • 2025 წლის მაისში ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის მიერ საქართველოზე მიღებულ ანგარიშში შევიდა შესწორება ღარიბაშვილის შესახებაც, სადაც გამოითქვა „სერიოზული შეშფოთება“ მისი დაპატიმრების გამო და „მართლმსაჯულებაზე პოლიტიკური გავლენის“ შესახებ ეჭვები გამოითქვა.
  • ღარიბაშვილის ცოლისძმა ლექსო თამაზაშვილი 8 მაისს ასე გამოეხმაურა ამ ამბავს: „ევროპარლამენტარების მიერ მიღებულ მორიგ ანტიქართულ ანგარიშში ირაკლის შეყვანა და მოხსენიება არის ფარისევლური, ყალბი და მიზანმიმართულად პროვოკაციული ნაბიჯი, რაც აშკარად რადიკალურ-ექსტრემისტული ოპოზიციის ლობიზმის შედეგია“.

ირაკლი ღარიბაშვილის კიდევ ერთი ადვოკატი ლილი გელაშვილი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა ხელი არ მოაწერა ბრალის დადგენილებას.

„ის არ აღიარებს ბრალს და აპირებს სამართლებრივ ბრძოლას“, - თქვა მან.

„ის, რაც დღეს ხდება, - ივლისში გამოგზავნილ წერილში რომ წერია, ამას გავაკეთებთო და დღეს ეს ხდება, - საზოგადოებასთან მაქვს კითხვა, კიდევ ვინმეს ეპარება ეჭვი, რომ წარდგენილი ბრალი შეთითხნილია“? - იკითხა ადვოკატმა.

„მისი ცალსახა პოზიციაა, რომ ეს არის პოლიტიკური დევნა მის წინააღმდეგ“, - თქვა ადვოკატმა.

ახალი ბრალდება და წერილები

24 აგვისტოს დილას საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს ახალი, კორუფციის შესახებ ბრალდება წარუდგინეს, რაც 11-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

გამოძიების თანახმად, - ბურჭულაძის ჩვენებით, - თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ბიზნესმენისგან [საუბარია ზურაბ ტუკვაძეზე] გორის სამხედრო ჰოსპიტალთან დაკავშირებული ტენდერიდან მიღებული 1.5 მილიონი ლარიდან 750 000 ლარი რამდენიმე ეტაპად „ქეშად“ გადასცა ირაკლი ღარიბაშვილს.

ახალი ბრალდება მოჰყვება პატიმრობაში მყოფი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებს, სადაც იგი ყოფილი თანაგუნდელების მხრიდან მუქარასა და ზეწოლაზე საუბრობდა.

ექსპრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა 17, 18 და 20 აგვისტოს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტებში ისაუბრა „მისი და მისი ოჯახის განადგურების ბინძურ გეგმაზე“.

  • ღარიბაშვილის თქმით, მან მამუკა მდინარაძისგან წერილი მიიღო, რომელშიც მისგან ახალი კორუფციული საქმის აღიარებას მოითხოვდნენ, თუმცა ამ პირობას არ დათანხმდა და „ბრძოლა“ გადაწყვიტა.
  • ყოფილი პრემიერის მტკიცებით, მის ყოფილ თანაგუნდელებს ეშინოდათ, რომ ის პოლიტიკაში დაბრუნდებოდა და ამ რისკის „გადაზღვევას“ ცდილობდნენ.

მან განაცხადა, რომ მათს უსაფრთხოებაზე „სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და მთელ ხელისუფლებას“.

ფორუმი

XS
SM
MD
LG