აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა პრესკონფერენციაზე გამოსვლისას ახსენა D-Day, ანუ მეორე მსოფლიო ომის დროს ნორმანდიაში მოკავშირეთა ჯარების გადასხმის დღე. მისი თქმით, ირანის მიმართ ეკონომიკის სფეროში განხორციელებული ასეთივე მძლავრი შეტევის მიზანია ქვეყნების ბოლო ჯერზე გაფრთხილება, გაწყვიტონ ბიზნესკავშირები ირანთან - წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ კომპანიებსა თუ უწყებებს ემუქრება იზოლაცია აშშ-ის დოლარზე დაფუძნებული საფინანსო სისტემისგან.
"ჩვენ ვიწყებთ ეკონომიკურ შტურმს ირანის ფინანსური კავშირების წინააღმდეგ, მსოფლიოს მასშტაბით. ჩვენი მიზანია, გადაიჭრას ყოველი ეკონომიკური ხაზი, რომელიც ინარჩუნებს ამ ტირანულ რეჟიმს - მანამ, სანამ თეირანი მარტო დარჩება", - თქვა ბესენტმა.
აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ განსაზღვრა ქსელები, ხელშემწყობები და ფინანსური არხები, რომლებსაც ირანი იყენებს ნავთობის შესატანად და სანქციებისთვის თავის ასარიდებლად. სამინისტროს განცხადებით, ვაშინგტონი ითანამშრომლებს აშშ-ის პარტნიორებთან, ირანის "უკანონო მოგების" ყველა წყაროს მიზანში ამოღებისთვის.
აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, განსაზღვრულია ხუთი სექტორი - დიგიტალური ქონება, ტექნოლოგია, ოქრო, ავიაცია და გადაზიდვები - რომლებსაც ირანის მთავრობა იყენებს თავისი ეკონომიკის გასაძლიერებლად. აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს სანქციები აქვს დაწესებული 60-მდე უწყების, ინდივიდისა და ხომალდისთვის.
ჩინეთი წლების განმავლობაში იყო ირანის ნავთობის უმსხვილესი მყიდველი და ვაშინგტონი ინტენსიურად ცდილობს, ზეწოლა განახორციელოს პეკინის შესყიდვებზე - თუმცა ამ დრომდე ის თავს იკავებდა ჩინეთის იმ მსხვილი ბანკების განსაზღვრისგან, რომლებიც, შესაძლოა, ნავთობით ვაჭრობას უწყობდნენ ხელს.
ჩინეთის გარდა, ირანის უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებს შორის არიან თურქეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროები.
ბესენტს არ დაუსახელებია სანქციების პოტენციური სამიზნე სახელმწიფოები, თუმცა თქვა, რომ ამიერიდან აღარ მოხერხდება კონფლიქტის "რუხ სივრცეებში" მოქმედება. "ამ მკვლელ რეჟიმთან ნებისმიერი ფორმის ეკონომიკური თანამშრომლობა პასუხისმგებელ პირებს დააპირისპირებს ამერიკის ძალის მთელ მასშტაბთან", - ამბობს ის.
ირანის წინააღმდეგ აშშ-ის მიერ წარმოებული ომი - რასაც ენერგომატარებლების ფასების გლობალური ზრდა მოჰყვა - მალე მეექვსე თვეში შევა. მძიმე ბრძოლები ამჟამად შეწყვეტილია, თუმცა ომის დასრულებისთვის დიპლომატიური ძალისხმევა წინ ვერ მიიწევს, ხოლო ჰორმუზის სრუტეში ბლოკირებული რჩება ნავთობი და ნედლი მასალები.
აშშ-ის ირანის წინააღმდეგ ათწლეულებია დაწესებული აქვს სანქციები, რომელთა უმრავლესობაც მიემართებოდა ირანისთვის ნავთობით მიღებული მოგების შეზღუდვას, ავიაციის სექტორს, კრიპტოვალუტას, იარაღის კომპონენტების შესყიდვასა და დაფინანსების შეწყვეტას იმ ბიზნესკომპანიებისთვის, რომლებსაც აკონტროლებს "ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსი" - მნიშვნელოვანი ძალა ირანის ეკონომიკაში. თუმცა, როგორც ანალიტიკოსები აღნიშნავენ, სანქციებისთვის გვერდის ასავლელად ირანი ხშირად წარმატებით ახერხებდა ფასადური კომპანიების და სხვა უწყებების შექმნას თუ ხომალდების რეგისტრაციის ფორმების შემუშავებას.
სკოტ ბესენტის განცხადების ფონია ირანის სახელმწიფო ვალუტის მასშტაბური გაუფასურება.
ფორუმი