კომპანია საქართველოში 2025 წლის 29 აპრილს დაარეგისტრირეს, მისამართად კი თბილისის ტექნოლოგიური პარკის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა მიუთითეს.
მის დამფუძნლად დომინიკის მოქალაქეა მითითებული. რადიო თავისუფლებამ სავაშ კაივანპური შესახებ სხვა დეტალებიც გაარკვია.
- ფირმის სანქცირების შემდეგ ამერიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი აცხადებს, რომ ეს არის მტკიცებულება, რომ ირანი ქართულ კომპანიების სანქციებისგან თავის არიდებისათვის იყენებს, რაშიც „ქართული ოცნება“ ეხმარება;
- თბილისში კი აცხადებენ, რომ კომპანიას გაუქმებული აქვს რეგისტრაცია, ეროვნული ბანკისთვის არ მიუმართავს და, „შესაბამისად, არ წარმოადგენს სებ-ის მიერ რეგულირებულ სუბიექტს“;
- ბრიტანეთის მიერ სანქცირებული კრიპტოფირმების მსგავსად, არც „შელბითია“ მითითებული ეროვნული ბანკის ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერების (VASPs) რეესტრში.
რატომ დაუწესეს სანქციები
აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს საგარეო აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC) ირანის რეჟიმის მიერ სანქციების გვერდის ავლისა და ფულის გათეთრებისთვის გამოყენებული კრიპტოვალუტის ქსელის წინააღმდეგ ახალი სანქციები 2026 წლის 8 აგვისტოს დააწესა.
ამ სანქციების სიაში მოხვდა საქართველოში რეგისტრირებული კომპანია, „შპს შელბითი“ (Shelbit) და მისი მფლობელი, სავაშ კაივანპური.
ვაშინგტონის განცხადებით, კაივანპური მრავალ ქვეყანაში მართავს კომპანიათა ქსელს, რომელიც უკანონო ციფრულ აქტივებთან დაკავშირებულ საქმიანობას უწყობს ხელს.
და მითითებულია, რომ კაივანპური, საქართველოში დაფუძნებული „შელბითის“ მეშვეობით მართავს კრიპტოაქტივების ბირჟას - Shelbit Exchange-ს.
„დახმარება IRGC-ს“
OFAC-ის თანახმად, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან (IRGC) დაკავშირებულმა კრიპტოვალუტის მისამართებმა Shelbit Exchange-ის მისამართებზე ერთ მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების ციფრული აქტივები გადარიცხეს.
ამასთან, Shelbit Exchange-ის მისამართებიდან ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან დაკავშირებულ მისამართებზე 2 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების აქტივები გადაირიცხა.
„გუშაგთა კორპუსი“, არმიასთან ერთად ირანის შეიარაღებულ ძალებს წარმოადგენს და სახელმწიფოს მნიშვნელოვანი და მძლავრი სტრუქტურაა. ბოლო პერიოდში, ანალიტიკოსების თანახმად, სწორედ ის იქცა ირანის მოქმედი მმართველობის სისტემის უმთავრეს საყრდენად.
ამერიკული უწყების ცნობით, კაივანპურთან დაკავშირებულმა ციფრული ვალუტის მისამართებმა დამატებით ორ მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების კრიპტოაქტივები გაუგზავნეს აშშ-ის მიერ სანქცირებულ ირანულ კრიპტობირჟა Nobitex-ს.
აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს თანახმად, Shelbit-ი ასევე ემსახურებოდა სპარსულენოვანი ონლაინ აზარტული თამაშების ვებსაიტების ქსელს, რომლის მეშვეობითაც ათეულობით მილიონი დოლარის ღირებულების „ციფრული აქტივები გაირეცხა“.
სხვა სანქცირებულები
კაივანპურის გარდა, სანქციები დაუწესდა მის მიერ კონტროლირებულ სხვა კომპანიებსაც, მათ შორის არაბთა გაერთიანებულ საამიროებში რეგისტრირებულ Shelbit General Trading LLC-ს, პოლონურ Shelbit Technologies Ltd-ს, ასევე Crypto Home DMCC-სა და NFT Home DMCC-ს.
აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, კაივანპური სანქციების სიაში შეიყვანეს იმის გამო, რომ მან მატერიალური, ფინანსური ან ტექნოლოგიური მხარდაჭერა გაუწია ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუს და Nobitex-ს.
რა ირკვევა სამეწარმეო რეესტრიდან?
„შელბითი“ სამეწარმეო რეესტრში დარეგისტრირდა 2025 წლის 29 აპრილს და იურიდიულ მისამართად მიუთითა „საქართველო, თბილისის, ომარ ხიზანიშვილსი ქუჩა #264, თბილისის ტექნოლოგიური პარკის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა“.
დომინიკა კარიბის ზღვაში მდებარე კუნძულოვანი სახელმწიფოა.
დოკუმენტაციას თან ახლავს დოკუმენტი, სადაც საქართველოს ტექნოლოგიური პარკის უფლებამოსილი წარმომადგენელი თანხმობას აცხადებს, რომ „შელბითის“ მისამართად „თავისუფალი ინდუსტრიული ზონა“ ჩაითვალოს.
ირანში დაბადებული, დუბაიში მცხოვრები
კომპანიის ერთპიროვნულ მესაკუთრედ და დირექტორად მითითებულია დომინიკის მოქალაქე „სიავაშ ქაივანპოური“.
იგი 47 წლისაა და, მართალია, დომინიკის თანამეგობრობის მოქალაქეა, თუმცა დუბაიში ცხოვრობს.
დაბადებულია ირანში.
დომინიკაში პასპორტი აღებული აქვს 2021 წელს, 10 წლის ვადით.
მას საქართველოში, კომპანიის სამეწარმეო რეესტრსა და თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში რეგისტრაციის მიზნით, საქართველოს 4 მოქალაქეზე - იურისტებისთვის, - ჰქონდა მინდობილობა გაცემული.
ტელეფონის ნომერი, რაც „შელბითის“ საკონტაქტო ნომრადაა მითითებული, ემთხვევა საქართველოში, თბილისში მოქმედ იურიდიულ კომპანიას, PB Services-ის საკონტაქტო ნომერს.
სწორედ ამ კომპანიის იურისიტები არიან მინდობილი პირების ნაწილი.
10 აგვისტოს PB Service-ის დირექტორმა რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ კაივანპურთან პირადად კომუნიკაციაც კი არ ჰქონიათ და მისი მონაცემები მესამე მხარემ - მათმა პარტნიორმა უცხოურმა ფირმამ - გადასცათ.
ეს იურიდიული ფირმა უცხოელებს სთავაზობს მრავალ სერვისს - ბიზნესის რეგისტრაციას კომპანიებისთვის თუ ინდივიდუალური მეწარმეებისთვის, „IT ვირტუალური ზონის კომპანიის“ რეგისტრაციას, „თავისუფალ ზონებში“ რეგისტრაციას თუ საბანკო ანგარიშების გახსნას; მუშაობს უძრავ ქონებაზეც.
ეს ლეგალური ბიზნესია და წარმომადგენლობა არ ნიშნავს, რომ კომპანიამ რაიმე იცოდა მოგვიანებით სანქცირებული პირის IRGC-სთან კავშირების შესახებ.
„დაშლის რეგისტრაცია“ და „რეგისტრაციის გაუქმება“
2026 წლის 2 აპრილს რეესტრში განახლებულო მონაცემების თანახმად, 30 მარტს დაწყებულია „საზოგადოების დაშლის რეგისტრაცია“.
2026 წლის 26 ივნისს კომპანიამ რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით მიმართა რეესტრს, პროცესი კი საბოლოოდ 30 ივლისს დასრულდა.
რეესტრთან კომუნიკაციაში კომპანიის „ლიკვიდატორად“ მითითებული იურისტი - აღნიშნული იურიდიული ფირმის წარმომადგენელი, - წერს, რომ მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება:
- „გაუქმდეს კომპანიის რეგისტრაცია საქართველოს კანონმდებლობის დაცვით, რადგან კომპანია არ ფლობს და არასოდეს ფლობდა უძრავ და მოძრავ ქონებას და ასევე ნებისმიერი სახის არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეს.
- კომპანიას არ ჰყავს კრედიტორები და მოვალეები, შესაბამისად, მას არ გააჩნია გასანაწილებელი ქონება და აქტივები“.
რას ამბობენ იურიდიულ ფირმაში?
PB Service-ის მმართველი პარტნიორი რატი (იესე) აბაშმაძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში 10 აგვისტოს ამბობს, რომ ზოგადად, კომპანიას კლიენტები ძირითადად ოთხი არხიდან მიმართავენ:
- ინტერნეტით - ვებსაიტზე პოულობენ და სწერენ;
- არიან ძველი კლიენტები;
- „ნეთვორქინგით“ - წინა კლიენტების რეკომენდაციით;
- „მეოთხე არხი, რითაც ეს კლიენტი ჩვენთან მოვიდა, შემდეგია: ჩვენ გვყავს დაახლოებით 25-30 პარტნიორი უცხოეთში, რომლებიც ჩვენთან „გვიგზავნიან“ კლიენტებს; გვიგზავნიან ნიშნავს, რომ ჩვენ ვაკეთებთ მათთვის საქმეს; თუ ვინმეს უნდა კომპანიის რეგისტრაცია, ვარეგისტრირებთ“.
როგორც ის იხსენებს, სწორედ ამ გზით აღმოჩნდა სავაშ კაივანპური PB Service-ის კლიენტი:
„თუ არ ვცდები, ეს იყო შვეიცარიული კომპანია, რომლის კლიენტიც არის აღნიშნული პიროვნება, რომელთანაც ჩვენ საერთოდ არ გვქონია არანაირი მიმოწერა“, - ამბობს ის.
„ჩვენ ამ პარტნიორთან გვქონდა კომუნიკაცია - ვკითხეთ, რა იყო საჭირო, - მინდობილობა, - შემდგომ თანხის გადახდა და ა.შ.. გამოგვიგზავნეს [დეტალები], თვითონ დააორგანიზეს ყველაფერი“.
„პირდაპირი კომუნიკაცია არ გვქონია“
რატი აბაშმაძე ხაზს უსვამს: „ამ პიროვნებასთან არცერთი პირდაპირი კომუნიკაცია არ გვაქვს, არც „მესიჯი“, არც „იმეილი“. ხდებოდა შუამავლის მეშვეობით. არც კლიენტს ვიცნობთ, თავისთავად, არც ის გვეცოდინებოდა, რომ ასეთ რაღაცებში ყოფილა გარეული“.
კომპანიის იურისტის განმარტებით, რადიო თავისუფლებაზე სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, 10 აგვისტოს, დაუკავშირდნენ აღნიშნულ პარტნიორ კომპანიას და შეატყობინეს მომხდარის შესახებ.
კითხვაზე, თუ რა არის ამ შუალედური უცხოური კომპანიის დასახელება/საიდენტიფიკაციო ნომერი, კომპანიაში ამბობენ, რომ ამ ინფორმაციის გაზიარებამდე პარტნიორებისგან ნებართვა უნდა მიიღონ.
მათივე ცნობით, მანამდე ამავე კომპანიიდან 5-6 კლიენტი ჰყავდათ.
რადიო თავისუფლების კითხვაზე რატი აბაშმაძე ამბობს, რომ სახელმწიფო უწყებებს - მათ შორის ეროვნულ ბანკს - კომუნიკაცია არ ჰქონიათ.
„არც ვიცოდით, რა აქტივობა ჰქონდათ“
კომპანიის წარმომადგენლის ცნობით, 2026 წელს იმავე შუალედურმა კომპანიამ მისწერათ, რომ „შელბითის“ ლიკვიდაცია სურდათ. „მეტი არაფერი. ახსნა-განმარტება არ მოუწერიათ, უბრალოდ მოითხოვეს ლიკვიდაცია. ჩვენც ფასი ვუთხარით და დადასტურების შემდეგ დავიწყეთ ლიკვიდაციის პროცესი“.
კომპანიაში ამბობენ იმასაც, რომ „შელბითს“ არ მოუთხოვია საბანკო ანგარიშის გახსნა: „როცა დაარეგისტრირეს კომპანია, არც საბანკო ანგარიში არ გაუხსნიათ. კომპანიას რეალურად რა აქტივობები ჰქონდა, არც ვიცოდით. ვიცოდით, რომ საერთოდ არააქტიური იყო - ლიკვიდაციაც რომ დავიწყეთ, შემოსავლების სამსახურში არანაირი ისტორია არ ჰქონია ამ კომპანიას“.
„ქართული ოცნების ხელშეწყობით“?
სანქციებში საქართველოში რეგისტრირებული კრიპტოკომპანიის მოხვედრის შემდეგ ამერიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა, - რომელსაც ოფიციალური თბილისი მწვავედ აკრიტიკებს, - განაცხადა, რომ ეს არის მტკიცებულება, რომ ირანი ქართულ კომპანიების სანქციებისგან თავის არიდებისათვის იყენებს, რაშიც „ქართული ოცნება“ ეხმარება.
„როგორც ნავარაუდები იყო, ირანელი ტერორისტები ქართულ კომპანიებს სანქციებისგან თავის დასაღწევად, ფულის გასათეთრებლად და ამერიკული ინტერესების შესალახად იყენებენ“, - დაწერა მან X-ზე.
„ქართული ოცნება“ ხელს უწყობს ირანული ტერორისტული ქსელების უკანონო გაფართოებას, მაგრამ მაინც ამერიკისგან მოთხოვნებს უყენებს“? - დაწერა მან.
„ქართული ოცნების“ ლიდერებს ჯერჯერობით უილსონის ამ უკანასკნელი განცხადებისთვის არ უპასუხიათ.
თუმცა ყველა წინა შემთხვევაში, როდესაც კონგრესმენი ირანის, ასევე ჩინეთისა და რუსეთის გავლენებსა და ხელშეწყობაზე საუბრობდა, „აბსურდულს“ უწოდებდნენ ბრალდებებს.
რას ამბობს ეროვნული ბანკი
9 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში ეროვნული ბანკი (სებ-ი) წერს:
„ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის (OFAC) მიერ სანქცირებულ სუბიექტს - შპს „შელბითს“ (SHPS SHELBIT) - ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერად რეგისტრაციის თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკისთვის არ მოუმართავს და შესაბამისად ის არ წარმოადგენს სებ-ის მიერ რეგულირებულ სუბიექტს“.
სებ-ის თანახმად, ქვეყნის ტერიტორიაზე ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის (იგივე VASP-ის) საქმიანობა „წარმოადგენს მკაცრად რეგულირებად სფეროს“ და „ნებისმიერი პირი, რომელიც ახორციელებს ამ ტიპის საქმიანობას, უნდა გაიაროს სავალდებულო რეგისტრაცია საქართველოს ეროვნულ ბანკში“.
სებ-ი მიუთითებს იმასაც, რომ „სამეწარმეო რეესტრის მონაცემების თანახმად, აღნიშნულ კომპანიას გაუქმებული აქვს რეგისტრაცია“.
„კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მარეგულირებელი ჩარჩო აწესებს ბაზარზე შესვლისა და ოპერირების მკაცრ მოთხოვნებს და წარმოადგენს მნიშვნელოვან ფილტრს უკანონო საქმიანობასთან დაკავშირებული სუბიექტებისთვის“, - წერს სებ-ი.
- „ამასთან, ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული ვირტუალური აქტივის სერვისის პროვაიდერების მარეგულირებელი ჩარჩო შესაბამისობაშია ფულის გათეთრების წინააღმდეგ მებრძოლი სპეციალურ ქმედებათა საერთაშორისო ჯგუფის (FATF) სტანდარტებსა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან, რასაც ადასტურებს ევროპის საბჭოს ექსპერტთა კომიტეტის (Moneyval) 2024 წლის შეფასება“;
- „შეფასების თანახმად, მე-15 რეკომენდაციასთან მიმართებით (რომელიც ითვალისწინებს ახალი ტექნოლოგიების დანერგვის მოთხოვნებთან შესაბამისობას და ვირტუალური აქტივების პროვაიდერების (VASP) საქმიანობის რეგულირებას) საქართველოს რეიტინგი შეადგენს "მნიშვნელოვნად შესაბამისს" (largely compliant). აღნიშნულ რეკომენდაციასთან მიმართებით ანალოგიური შეფასება აქვს მაგალითად, დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთს“, - წერია განცხადებაში.
სტატია განახლდა 2026 წლის 10 აგვისტოს, 17:40 საათზე, PB Service-ის დირექტორის განმარტებებით.
ფორუმი