Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მე აღარ ვმონაწილეობ თქვენს სპექტაკლში - ღარიბაშვილი სასამართლოში არმისვლაზე

ექსპრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი
ექსპრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი

პატიმრობაში მყოფი ექსპრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ₾750 000-იანი ქრთამის აღების ბრალის წარდგენის შემდეგ პირველ განცხადებას აქვეყნებს და განმარტავს, რატომ არ დასწრებია საკუთარ სასამართლო სხდომას.

25 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა ღარიბაშვილისთვის წარდგენილ ახალ კორუფციულ ბრალდებასთან დაკავშირებული სხდომა, თუმცა ყოფილი პრემიერ-მინისტრი სხდომას არ დასწრებია. მას ბრალი, - რომელსაც უარყოფს, - წინა დღეს წარუდგინეს.

სხდომის დასრულებიდან ოთხ საათში, 18:30 საათისთვის მისი ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნდა მორიგი, რიგით მეოთხე განცხადება, სადაც იგი წერს:

„მე აღარ ვაპირებ ამ სამარცხვინო და ჩვენი ქვეყნისთვის შეურაცხმყოფელ პოლიტიკურ მასკარადში მონაწილეობას. შესაბამისად, არც სასამართლო პროცესში მივიღებ მონაწილეობას“.

ის დასძენს, რომ ამით არ აყენებს შეურაცხყოფას პროკურორებსა და მოსამართლეებს:

„უბრალოდ, მხოლოდ იმიტომ, რომ ეს არის პოლიტიკური პროცესი და ვიცი, რა და როგორ მართავს პოლიტიკურ პროცესს სისტემა, აზრს ვერ ვხედავ, ვიარო სასამართლო სხდომებზე და ჩავერთო პოლიტიკურ მასკარადში“.

„მე აღარ ვმონაწილეობ თქვენს სპექტაკლში! აღარც ის მაინტერესებს, რომელ პატიმარს/მძევალს თქვენი მხრიდან განხორციელებული ფსიქოლოგიური და მორალური ზეწოლის მეთოდებით რას დააწერინებთ ჩემზე და რა ბრალს წამიყენებთ“, - აცხადებს იგი.

„წერილის ავთენტურობა თავად დაამოწმეს“

ირაკლი ღარიბაშვილი ასევე წერს, რომ წინა დღეს „ხელისუფლებამ თავად დაამოწმა წინა კვირას გამოქვეყნებული წერილის ავთენტურობა“, - სავარაუდოდ, გულისხმობს კორუფციის შესახებ ბრალის წარდგენას, რის რისკზეც წერილში საუბრობდა.

„საზოგადოებას მინდა კიდევ ერთხელ ვუთხრა, რომ მე ყველაფერი ვცადე და მაქსიმუმი გავაკეთე იმისთვის, რომ თავიდან ამერიდებინა ეს პროცესი, მაგრამ აღმოვჩნდი სასტიკი რეალობის წინაშე“, - წერს ექსპრემიერი.

25 აგვისტოს „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა დეპუტატმა თენგიზ შარმანაშვილმა თქვა, - „ბევრი ვარიანტია, საიდან შეიძლება თეორიულად სცოდნოდა“ ღარიბაშვილს, რომ ბრალს წარუდგენდნენ.

„ეჭვმიტანილები ამ ქრთამის აღების საქმეში ბევრნი არიან. მათ ჰყავთ თავიანთი ადვოკატები, ამ ადვოკატებს ერთმანეთთან ურთიერთობები აქვთ. ამიტომ, თუნდაც აქედან არის შესაძლებელი, რომ მათ სცოდნოდათ ერთმანეთის საკითხები ამასთან მიმართებაში“, - თქვა მან.

ახალი ბრალდება ღარიბაშვილს

2026 წლის 24 აგვისტოს დილას საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს ახალი, კორუფციის შესახებ ბრალდება პირადად წარუდგინეს, რაც 11-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

გამოძიების თანახმად, - თავდაცვის ყოფილი მინისტრის, კორუფციისთვის მსჯავრდადებული ჯუანშერ ბურჭულაძის ჩვენებით, - მან გორის სამხედრო ჰოსპიტლის ტენდერში გამარჯვებული ბიზნესმენისგან, ზურაბ ტუკვაძისგან ქრთამად მიღებული 1.5 მილიონი ლარიდან 750 000 ლარი რამდენიმე ეტაპად „ქეშად“ პირადად გადასცა ირაკლი ღარიბაშვილს.

ახალი ბრალდება მოჰყვება პატიმრობაში მყოფი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებს, სადაც იგი ყოფილი თანაგუნდელების მხრიდან მუქარასა და ზეწოლაზე საუბრობდა, - რაც „ქართულ ოცნებაში“ უარყვეს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG