Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სკოტ ბესენტი ირანზე: ხაზინა გააგრძელებს რეჟიმის მხარდამჭერი ყველა სასიცოცხლო ხაზის ჩაჭრას

სკოტ ბესენტი, აშშ-ის ფინანსთა მინისტრი
სკოტ ბესენტი, აშშ-ის ფინანსთა მინისტრი

აშშ-ის ფინანსთა მინისტრი სკოტ ბესენტი პლატფორმა X-ზე წერს, რომ ირანის წინააღმდეგ დაწესებული ეკონომიკური სანქციები ეფექტიანია:

“ირანის ხელისუფლება აღიარებს იმას, რისი დანახვაც ახლა მთელ მსოფლიოს შეუძლია: ზეწოლა მოქმედებს. პრეზიდენტმა მასუდ ფეზეშქიანმა აღიარა ირანის ეკონომიკური პრობლემები, როცა განაცხადა, რომ “ომი რაღაც დროს უნდა დასრულდეს“. მოჰამად ბაღერ ღალიბაფმა, ირანის პარლამენტის სპიკერი კიდევ უფრო პირდაპირი იყო: „მნიშვნელობა არ აქვს რა მასშტაბის სამხედრო ძალას ვფლობთ, თუ ადამიანები მშივრები არიან, არ გაგვაჩნია ფინანსური ბრუნვა და ადგილობრივი წარმოება, ვერ გავძლებთ“. პრეზიდენტ ტრამპის თაოსნობით, ხაზინა გააგრძელებს ამ რეჟიმის მხარდამჭერი ყველა ეკონომიკური სასიცოცხლო ხაზის ჩაჭრას მანამდე, სანამ თეირანი მარტო არ დარჩება“, - წერს ბესენტი.

24 აგვისტოს აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მითითების საფუძველზე, დაიწყო „ოპერაცია - ეკონომიკურად გარიყული“, რაც გულისხმობს ირანის ისლამური რესპუბლიკისა და მისი ხელშემწყობების წინააღმდეგ „უპრეცედენტო“ ეკონომიკურ კამპანიას:

“მეორე მსოფლიო ომში D-Day აღნიშნავდა ჩვენს მოკავშირეებთან ერთად მომზადებული კამპანიის ისტორიულ დასაწყისს მტრის პოზიციებიდან განსადევნად, მათ შორის - მესამე ქვეყნებში. დღეს, იმავე სულისკვეთბით, ვიწყებთ ეკონომიკურ იერიშს ირანის ფინანსური კავშირების წინააღმდეგ მთელ მსოფლიოში. ჩვენი მიზანია ყველა სასიცოცხლო ეკონომიკური ხაზის ჩაჭრა, რომელიც ამ ტირანულ რეჟიმს აცოცხლებს, სანამ თეირანი მარტო არ დარჩება“.

აშშ-ის ხაზინის განცხადებით, ის ფლობს ინფორმაციას ქსელებზე, ხელშემწყობებსა და ფინანსურ არხებზე, რომლებსაც ირანი იყენებს ნავთობის კონტრაბანდისთვის, სანქციებისთვის გვერდის ასავლელად და ტერორის დასაფინანსებლად.

„ხაზინა იქნება უკომპრომისო რეჟიმის უკანონო შემოსავლების ნებისმიერი წყაროს მიზანში ამოღებისას. ირანის რეჟიმი მკაფიო არჩევანის წინაშე დგას: მწვავე გლობალური იზოლაცია ან გზა გლობალურ ეკონომიკაში რეინტეგრაციისკენ.

ხაზინის, სახელმწიფო და ომის დეპარტამენტების გუნდები თანამშრომლობენ თავიანთ კოლეგებთან მთელ მსოფლიოში, რომ მკაფიო გზავნილით, რომ აშშ მოელის მყისიერ მოქმედებას. თითოეულ ქვეყანას მიეცემა განსაზღვრული ვადა ჩვენს მიერ გამოვლენილი ირანთან დაკავშირებული ქმედებების შესაჩერებლად. თუკი ისინი ამას არ გააკეთებენ, გააკეთებს ხაზინა“.

აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს განმარტებით, ნებისმიერი ერთეული, რომელიც “ხელს უწყობს ირანის მიერ ფულის გათეთრებას ან საქციებისთვის გვერდის ავლას, თავს იყენებს აშშ-ის საფინანსო სისტემიდან გათიშვის საფრთხის წინაშე”.

ფორუმი

XS
SM
MD
LG