Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეთრ სახლი ამბობს, რომ ირანთან მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს, თუმცა ყველა ვარიანტი დღის წესრიგში რჩება

 სატვითრო ხომალდები ომანის სრუტეში. (საილუსტრაციო ფოტო)
სატვითრო ხომალდები ომანის სრუტეში. (საილუსტრაციო ფოტო)

აშშ-სა და ირანს შორის ამჟამად არანაირი მოლაპარაკება არ მიმდინარეობს, თუმცა თუმცა ყველა ვარიანტი დღის წესრიგში რჩება, განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეროლაინ ლევიტმა Fox News-თან ინტერვიუში.

Reuters-ის ცნობით, ამ დროს, ირანის უმაღლესი რანგის დიპლომატი ხუთშაბათს თეირანში თავის კატარელ კოლეგას შეხვდა სტრატეგიულ ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებული მოლაპარაკებებისთვის იმის ფონზე, როდესაც აშშ-ის საზღვაო ბლოკადა ირანისთვის ნავთობის მიწოდებას ზღუდავს შიდა დეფიციტის პირობებში.

კატარის საგარეო საქმეთა მინისტრის, შეიხ მოჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ-თანის ვიზიტი მოჰყვა ირანში გამართულ ერთკვირიან ინტენსიურ დიპლომატიურ შეხვედრებს, რომლებიც ცალ-ცალკე შედგა ომანის უმაღლესი რანგის დიპლომატთან და პაკისტანის მაღალი რანგის ოფიციალურ პირებთან, ახლო აღმოსავლეთის ომის დასრულებისა და ჰორმუზის სრუტის გახსნის გზების ძიების მიზნით.

ეს ვიზიტი ასევე ემთხვევა ვაშინგტონის მუქარას უფრო ფართო მეორადი სანქციების დაწესების შესახებ იმ ქვეყნებზე, ბანკებსა და კომპანიებზე, რომლებიც ირანთან ბიზნესს აგრძელებენ.

ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ განაცხადა, რომ ალ-თანი, რომელიც ასევე კატარის პრემიერ-მინისტრია, შეხვდა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ აბას არაყჩის, თუმცა დეტალები არ გავრცელებულა.

კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ მხარეებმა განიხილეს დეესკალაციისკენ მიმართული ძალისხმევა, ისევე როგორც ირანსა და ომანს შორის ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებით შეთავაზებული ჩარჩო-შეთანხმება.

სამინისტროს ცნობით, ალ-თანიმ „ხაზი გაუსვა მეზობელი სახელმწიფოების სუვერენიტეტისა და ნაოსნობის თავისუფლების პატივისცემისა“ და დიალოგის გაგრძელების აუცილებლობას.

კატარმა, პაკისტანთან ერთად, რომელიც შუამავლის როლს ასრულებს, საკვანძო როლი ითამაშა ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის აპრილის ცეცხლის შეწყვეტისა და ივნისის შეთანხმებების მიღწევაში, თუმცა მას შემდეგ ეს შეთანხმებები ჩაიშალა.


მას შემდეგ, რაც 28 თებერვალს შეერთებულ შტატებთან ომი დაიწყო, ირანი მტკიცედ ინარჩუნებს კონტროლს ენერგორესურსების გლობალურ სასიცოცხლო არხზე, ჰორმუზის სრუტეზე, ხოლო ვაშინგტონმა ირანის ნავსადგურებს საზღვაო ბლოკადა დაუწესა.

ირანი უკვე რამდენიმე კვირის განმავლობაში აწარმოებს მოლაპარაკებებს ომანთან (რომელიც ასევე ესაზღვრება ჰორმუზის სრუტეს) ჩარჩო-შეთანხმებაზე, რომელმაც ნაოსნობისთვის „დროებითი დერეფანი“ უნდა შექმნას და უზრუნველყოს იმ ნაღმებისგან გაწმენდა, რომლებიც, თეირანის განცხადებით, ომის დროს განთავსდა.

ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ ორმა ქვეყანამ შეთანხმებას მიაღწია სრუტის წყლებში თითოეული ქვეყნის წილსა და საზღვაო გზაზე მართვიდან მიღებული შემოსავლების განაწილებაზე.

ამის მიუხედავად, თეირანმა კატეგორიულად განაცხადა, რომ სრუტე ხელახლა არ გაიხსნება, სანამ ვაშინგტონი არ შეასრულებს მის მოთხოვნებს, მათ შორის საზღვაო ბლოკადის მოხსნას, საზღვარგარეთ გაყინული ირანული აქტივების ირანისთვის დაბრუნებას და ნავთობის სანქციების გაუქმებას.


ომის დაწყების შემდეგ, ირანის ძალები გემებისგან მოითხოვენ ნებართვის აღებას საზღვაო გზაზე ტრანზიტით გავლისთვის და დარტყმებს აყენებენ იმ ხომალდებს, რომლებიც ამ მოთხოვნას არ ემორჩილებიან.

თეირანმა ასევე სცადა მომსახურების საფასურის დაწესება იმ გემებისთვის, რომლებიც სრუტით სარგებლობენ — ამ ნაბიჯს მკვეთრად ეწინააღმდეგებიან ვაშინგტონი და რეგიონის ქვეყნები.

ხუთშაბათს, დიდი ბრიტანეთის საზღვაო სავაჭრო ოპერაციების სამსახურმა (UKMTO) განაცხადა, რომ ამ კვირაში ჰორმუზის სრუტეში ტანკერს „უცნობი ჭურვი“ მოხვდა, რამაც ხანძარი გამოიწვია, თუმცა მოგვიანებით მისი ჩაქრობა მოხერხდა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG