გარდა ამისა, ხელშეკრულების ის ნაწილი შეიცვალა, რომელშიც რეაბილიტაციის დეტალები იყო გაწერილი:
- მგზავრთა მოსაცდელი დარბაზის და დახრილი გვირაბის ჭერი აკვაპანელის ნაცვლად ალუმინის ფირფიტებით მოპირკეთდა;
- იატაკის კერამო-გრანიტის მოპირკეთების ნაცვლად არსებული ბუნებრივი გრანიტი დატოვეს - მოხვეწეს და მოაპრიალეს;
- სალიანდაგო კედელზე კერამო-გრანიტით მოპირკეთების ნაცვლად გრანიტის ფილები გაიკრა.
ცვლილებების შემდეგ კონტრაქტის ღირებულება 13 240 611 ლარი გახდა. ამ დროისთვის „თბილისის სატრანსპორტო კომპანიას“ გადახდილი აქვს თანხის 71% 9 380 792 ლარი.
- დედაქალაქის ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული მეტროსადგურის რეაბილიტაცია 2022 წლის 21 დეკემბერს დაიწყო. სამუშაოებს ატარებს შპს „ბადა ქონსთრაქშენი“, რომელსაც თავდაპირველად 18-თვიანი ვადა მისცეს - ანუ 2024 წლის 21 ივნისამდე. რეაბილიტაციის ვადა რამდენჯერმე გახანგრძლივდა.
- 2025 წლის 12 ივლისს მეტროსადგური 45 დღით დაიკეტა. ამ დროის განმავლობაში იწმინდებოდა და სპეციალური სამუშაოები უტარდებოდა ბაქნისა და დახრილი გვირაბების ჭერს;
- უკვე მოპირკეთებულია ქვედა ვესტიბიულში, მგზავრთა მოსაცდელი სივრცე;
- 2025 წლის 5 სექტემბრიდან სამუშაოები შეჩერებულია. რეაბილიტაციის პროცესში აღმოაჩინეს, რომ დაზიანებულია ზედა ვესტიბიულის ჭერი - „23.09.2025 წლის დასკვნით დადგინდა ძალოვანი სახის ბზარების სიდიდის დაუშვებლობა და შეუსაბამობა ნორმატივებით გათვალისწინებულ სიდიდესთან“;
- კონტრაქტორი სამუშაოების გასაგრძელებლად ნებართვას ელოდებოდა.
მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაციის შესახებ
ბოლო წლებში მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაცია მესამედ მიმდინარეობს - პირველ შემთხვევაში ბაქანი, დახრილი გვირაბი და ვესტიბიულები „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს გარემონტდა.
დედაქალაქის ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ, დავით ნარმანიას მერობის დროს, 2017 წელს კი, მეტროსადგურის ხელახალი რეაბილიტაცია დაიწყო. განახლებული მეტროსადგურის დათვალიერების შემდეგ თბილისის იმდროინდელმა მერმა თქვა, რომ „რეაბილიტაციის შემდეგ მგზავრთა გადაადგილება გაცილებით უსაფრთხო და კომფორტული გახდა“. ამ სიტყვებიდან წელიწადსა და ოთხ თვეში, 2018 წლის 30 იანვარს, მეტროსადგურის ბაქნის ჭერზე კონსტრუქცია ჩამოვარდა - იმ დღეს იქ 14 ადამიანი დაშავდა.
კახა კალაძის მერობის პირობებში კიდევ ორი მეტროსადგურის რეაბილიტაცია დაიწყო:
- „ავლაბრის“ ზედა ვესტიბიულის განახლება რვა თვეში უნდა დასრულებულიყო და 28 თვეს გაგრძელდა;
- დათქმული ვადის დარღვევით, დაგვიანებით გაიხსნა მეტროსადგური „გოცირიძეც“. სამუშაოები, რომლებისთვისაც შვიდი თვე იყო გათვალისწინებული, თითქმის სამ წელს გაგრძელდა.
ფორუმი