შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.
რადიო თავისუფლებას რამდენიმე წყარომ უთხრა, რომ ბუავა თბილისში, თავის საცხოვრებელ ბინაში გარდაცვალებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, გუშინ, 27 აგვისტოს იპოვეს.
მოგვიანებით შსს-ში განაცხადეს, რომ მისი დროებითი საცხოვრებელი ბინის კარი შიგნიდან იყო ჩაკეტილი:
„პირველადი ინფორმაციით, გარდაცვლილს ძალადობის კვალი არ აღენიშნება. ასევე, ბინის დათვალიერებისას სამართალდამცველებს რაიმე საეჭვო გარემოება არ აღმოუჩენიათ. გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ გახდება ცნობილი“.
- აფხაზეთის დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახურმა 2022 წლის 19 მაისს „სახელმწიფოს ღალატისთვის“ ბრალი წაუყენა დაურ ბუავას, რომელიც 2021 წელს ტყვარჩელიდან თბილისში ჩამოვიდა და უკან არ დაბრუნდა;
- ბრალის წაყენებას წინ უსწრებდა ქართულ-აფხაზური მეგობრობის თემაზე ვიდეოების გავრცელება - დე ფაქტო რეჟიმის უსაფრთხოების სამსახურმა მიიჩნია, რომ ტიკ-ტოკზე გამოქვეყნებული ვიდეოები, სადაც ბუავა საქართველოს შემადგენლობაში აფხაზეთის ავტონომიის სტატუსით არსებობაზე საუბრობდა, „ემსახურება საქართველოს ხელისუფლების პროპაგანდისტულ მიზნებს“;
- ბუავამ საქართველოს მოქალაქეობა 2022 წლის დეკემბერში გამარტივებული წესით მიიღო.
ფორუმი