აფხაზი ბლოგერის დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ განსაცდელში მიტოვების ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე, ახალგაზრდა ქალი დააკავა.
შსს-ს ინფორმაციით, ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე და დაურ ბუავა მეგობრები იყვნენ. ისინი თბილისში, დიდ დიღომში, დაურ ბუავას დროებით საცხოვრებელ ბინაში ერთად იმყოფებოდნენ, „სადაც მოიხმარეს ნარკოტიკული საშუალება, რის შემდეგაც ორივე მათგანი შეუძლოდ გახდა“, - წერია შსს-ს განცხადებაში.
შსს-ს ინფორმაციითვე, ბრალდებულის გამოკითხვის შედეგად ირკვევა, რომ შეუძლოდ მყოფი დაურ ბუავა, რომელიც იმყოფებოდა კრიტიკულად მძიმე და სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში, მან მარტო დატოვა:
„ბრალდებულმა საცხოვრებელი ბინის კარი მეორე გასაღებით გარედან ჩაკეტა და შემთხვევის ადგილიდან წავიდა ისე, რომ მომხდარის შესახებ არავისთვის უცნობებია და დაურ ბუავას დასახმარებლად არავისთვის მიუმართავს“, - წერია შსს-ს განცხადებაში.
დაურ ბუავა თბილისში, თავის საცხოვრებელ ბინაში გარდაცვალებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, 27 აგვისტოს იპოვეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე - თვითმკვლელობამდე მიყვანისა და 128-ე - განსაცდელში მიტოვების მუხლებით მიმდინარეობს, საქმეზე გრძელდება შესაბამისი კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებები.
- აფხაზეთის დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახურმა 2022 წლის 19 მაისს „სახელმწიფოს ღალატისთვის“ ბრალი წაუყენა დაურ ბუავას, რომელიც 2021 წელს ტყვარჩელიდან თბილისში ჩამოვიდა და უკან არ დაბრუნდა;
- ბრალის წაყენებას წინ უსწრებდა ქართულ-აფხაზური მეგობრობის თემაზე ვიდეოების გავრცელება - დე ფაქტო რეჟიმის უსაფრთხოების სამსახურმა მიიჩნია, რომ ტიკ-ტოკზე გამოქვეყნებული ვიდეოები, სადაც ბუავა საქართველოს შემადგენლობაში აფხაზეთის ავტონომიის სტატუსით არსებობაზე საუბრობდა, „ემსახურება საქართველოს ხელისუფლების პროპაგანდისტულ მიზნებს“;
- ბუავამ საქართველოს მოქალაქეობა 2022 წლის დეკემბერში გამარტივებული წესით მიიღო.
ფორუმი