Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა უკრაინაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. არის მსხვერპლი

კიევის ოლქში დაბომბვის შედეგები 1 სექტემბერი
კიევის ოლქში დაბომბვის შედეგები 1 სექტემბერი

რუსეთის ჯარებმა 1 სექტემბრის ღამეს მასშტაბური იერიში მიიტანეს კიევზე, კიევისა და ოდესის ოლქებზე. ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 12 ადამიანი, კიდევ 19 კი დაშავდა.

კიევში 8 ადამიანი დაიღუპა, 5 დაშავდა, მათ შორის ორი ბავშვი - განაცხადა ქალაქის მერმა ვიტალი კლიჩკომ. მისი ინფორმაციით გოლოსივის რაიონში რამდენიმე ადგილზე უპილოტო საფრენი აპარატებისა და რაკეტის ნამსხვრევები ჩამოვარდა. დარნიცის რაიონში ხანძარი გაჩნდა არასაცხოვრებელ ობიექტზე დარტყმის შედეგად.

სოლომენსკის რაიონში დრონი არასაცხოვრებელ ობიექტს შეეჯახა, კიდევ ერთი დრონი კი კერძო სახლს დაეცა.

კიევის ოლქში 4 ადამიანი დაიღუპა, კიდევ 13 დაშავდა. ასეთ მონაცემებს ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ტიმურ ტკაჩენკო ავრცელებს.

ბორისპოლში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაზიანდა ხუთსართულიანი საცხოვრებელი სახლი, მაღაზია, კერძო სახლები, ავტომობილები, საწარმო და ავტოსერვისის შენობა.

ობუხოვის რაიონში დაზიანდა 11 კერძო საცხოვრებელი სახლი, საწყობები და ავტოგასამართი სადგური.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურში განაცხადეს, რომ სოფელ გრიგოროვკაში ნამსხვრევებმა დააზიანა ინფრასტრუქტურული ობიექტი და ორი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი.

ოდესის ოლქში ერთი ადამიანი დაშავდა. ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეგ კიპერმა განაცხადა, რომ დაზიანდა ორი საცხოვრებელი სახლი და ხანძარი გაჩნდა სამკერვალო საამქროს ტერიტორიაზე.

რუსმა სამხედროებმა ასევე შეუტიეს რუმინეთის საზღვართან მდებარე საერთაშორისო საბორნე გამშვებ პუნქტ „ორლივკას“. იქ გაჩენილი ხანძრის ლოკალიზება მოხერხდა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG