აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს მიერ სამშაბათს გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია:
"დღევანდელი ქმედების სამიზნეში არიან აგრეთვე ფარული კომპანიები, უცხოური საშუამავლო კომპანიები და ცრუ გადამზიდავი მარშრუტები, რომლებსაც ირანი იყენებს ამერიკული წარმოშობის თვითმფრინავისა და საიდუმლო ტექნოლოგიის მოსაპოვებლად. OFAC-ის ქმედებასთან ერთად, ფინანსთა სამინისტროს ფინანსურ დანაშაულთან ბრძოლის ქსელი (FinCEN) გამოსცემს გაფრთხილებას, რომლითაც საფინანსო ინსტიტუტებს სთხოვს ინფორმაციის მიწოდებას შესყიდვების იმ ქსელებზე, რომლებიც მხარს უჭერენ ირანის ავიაციის ინდუსტრიას".
აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა განაცხადა:
"„ოპერაცია ეკონომიკური მოკვეთის“ (Economic Outcast) ეგიდით, მკაცრ შედეგებს დავპირდით მათ, ვინც სასიცოცხლო ფინანსური ხაზებით უზრუნველყოფს ირანის რეჟიმს. დღეს გავაგრძელეთ დაპირების შესრულება იმ კომპანიების დასანქცირებით, რომლებიც განაგრძობენ კომპანია Mahan Air-ის მხარდაჭერას. დაე, ეს იყოს გაფრთხილება ნებისმიერისთვის, ვინც აწარმოებს ბიზნესს ირანის დანარჩენ ავიაკომპანიებთან, რომლებიც დღეს დავასანქცირეთ: თქვენ ხართ გლობალური ფინანსური სისტემიდან გათიშვის საფრთხის ქვეშ“.
აშშ-ის ხაზინის ოფიციალური ვებსაიტი იუწყება, რომ 8 სექტემბრის გადაწყვეტილებით, OFAC სამიზნეში იღებს აგრეთვე მესამე ქვეყნების კომპანიებს, რომლებიც ხელს უწყობენ აშშ-ის მიერ სანქცირებულ Mahan Air-ის მოქმედებებს, ტერორისტებთან დაკავშირებულ რეისებს და აშშ-ში წარმოებული თვითმფრინავების უკანონოდ შეძენას:
"ამასთან ერთად, OFAC აუქმებს ირანთან დაკავშირებულ სამ საავიაციო ნებართვას, რითაც დამატებით ზეწოლას ახორციელებს ირანის რეჟიმზე. ეს მოიცავს ნებართვას გადაფრენაზე და არაამერიკული ავიაკომპანიების მიერ აშშ-ში წარმოებული თვითმფრინავის გამოყენებას ან აშშ-ის მიერ კონტროლირებული კომერციული თვითმფრინავის ირანში ფრენას. OFAC ინდივიდუალურ რეჟიმში განიხილავს ფრენის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს.
ნებისმიერი უცხოური კომპანია ან პირი, რომელიც ხელს უწყობს სანქცირებულ ირანულ ავიაკომპანიებს - მათ შორის, თვითმფრინავების ტრანსფერის, ტვირთების მომსახურების ან გაყიდვების გენერალური აგენტის მომსახურებით მხარდაჭერის გზით - დაემუქრება სერიოზული შედეგები ტერორიზმის სპონსორი მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოს მხარდაჭერისთვის".
ვაშინგტონის მიერ გავრცელებულ განცხადებაში არაერთგზის მეორდება გაფრთხილება როგორც კომპანიების, ისე ფიზიკური პირებისთვის, რომლებიც თეირანს სანქციებისთვის გვერდის ავლაში ეხმარებიან:
"„ოპერაცია ეკონომიკური მოკვეთა“ ჩახსნის ეკონომიკურად სასიცოცხლო მნიშვნელობის ხაზებს, რომლებიც მხარს უჭერს ირანის რეჟიმსა და ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს (IRGC), მდგრადი და სისტემატური კამპანიით, რომ გადაკეტოს ყველა ფინანსური წყარო, საავიაციო სექტორის ჩათვლით, რომელიც ეხმარება ტერორის სპონსორ წამყვან სახელმწიფოს. ნებისმიერი პირი, ვინც დაეხმარება ირანის ავიაციის სექტორს, გაყიდვების გენერალური აგენტის სერვისების შეთავაზებით დაწყებული, ირანის მიერ თვითმფრინავების ფარული შესყიდვის სქემების ჩათვლით, პასუხს აგებს".
საკუთრივ კომპანია Mahan Air-ი არაერთგზის არის სანქცირებული აშშ-ის მიერ, მათ შორის სხვადასხვა წელს: ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ფინანსური, მატერიალური და ტექნოლოგიური მხარდაჭერისთვის; რამდენიმე ტერორისტული ორგანიზაციის მხარდაჭერისთვის; 2019 წლის დეკემბერში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დაასანქცირა კომპანია Mahan Air-ი იმ აღმასრულებელი ორდერით, რომელიც მიმართულია მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელებისა და მისი მხარდამჭერების მოქმედებების აღკვეთისკენ.
მიმდინარე წლის 24 აგვისტოს გამოცხადებული „ოპერაცია ეკონომიკური მოკვეთა“ ჭრის დარჩენილ ეკონომიკურ ხაზებს, რომლებიც ირანის რეჟიმს ეხმარება. აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო აცხადებს, რომ "მონიშნა ქსელები, ხელშემწყობები და ფინანსური არხები, რომლებსაც ირანი იყენებს ნავთობის კონტრაბანდისთვის, სანქციებისთვის გვერდის ასავლელად და ტერორის დასაფინანსებლად" და რომ "აშშ-ის მთავრობაში, ევროკავშირში, გაერთიანებულ სამეფოში, სპარსეთის ყურისა და სხვა ქვეყნებში მყოფ პარტნიორებთან თანამშრომლობით, აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო სანქციების სამიზნეში იღებს ირანის რეჟიმის უკანონო შემოსავლების ნებისმიერ წყაროს".
ფინანსთა სამინისტრომ გამოსცა გაფრთხილება, რომ ნებისმიერი, ვინც ხელს უწყობს ირანის სახელით ფულის რეცხვას ან სანქციებისთვის გვერდის ავლას, დგას აშშ-ის საფინანსო სისტემიდან გათიშვის საფრთხის წინაშე.
აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო მეორად სანქციებს ავრცელებს მათზე, ვინც განაგრძობს ბიზნესს ირანის რეჟიმთან. ვაშინგტონი აცხადებს, რომ დააჩქარებს ამერიკული სანქციების გატარებას.
8 სექტემბრის განცხადებაში ასეა განმარტებული ირანული ავიაკომპანიების დასანქცირების საფუძველი:
"ირანის კომერციული ავიაკომპანიები დიდი ხანია მხარს უჭერენ ირანის რეჟიმს მის მადესტაბილიზებელ ქმედებებში, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი, როგორც ჩანს, იყენებს კერძო ავიაკომპანიებს, როგორიცაა Mahan Air-ი, იარაღის შესყიდვისა და ტრანსპორტირების, აგრეთვე პერსონალის გადასაყვანად".
2026 წლის 24 აგვისტოს ფინანსთა სამინისტრომ გამოსცა გადაწყვეტილებები კრიტიკული სექტორების - მათ შორის, ავიაციის წინააღმდეგ, "რომელსაც ირანის რეჟიმი იყენებს მისი დასუსტებული ეკონომიკის გამოსაცოცხლებლად".
8 სექტემბრის გადაწყვეტილებით კი დასანქცირდა 27-ვე ირანული ავიაკომპანია „ირანის ეკონომიკის ავიაციის სექტორში საქმიანობისთვის“. მათ შორის არის რამდენიმე კომპანია, რომლებიც საქართველოშიც ასრულებენ რეისებს. ასეთებია, მაგალითად: Qeshm Air-ი, Sepehran Airlines-ი, Iran Aseman Airlines-ი, Varesh Airlines-ი, Fly Kish Airlines-ი.
სანქცირებული კომპანიების სრული ჩამონათვალი:
- Air Shiraz
- Asa Jet Airline
- Ata Airlines Company
- Atlas Aviation Group
- Ava Airlines
- Chabahar Airlines Company
- Erwan Airline Company
- Fly Kish Airlines
- Fly Persia Airlines
- Iran Air Tour
- Iran Aseman Airlines
- Jsky Airlines
- Kish Airlines
- Karun Airlines Company
- Lad Airways
- Mehr Airways
- Nasim Air
- Pars Oghyanous Kish Company
- Qeshm Air
- Raimon Airways
- Saha Airlines
- Sepehran Airlines
- Soroush Air
- Taban Airlines
- Toos Airlines
- Varesh Airlines
- Zagros Airlines
2026 წლის აგვისტოს ბოლოს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება ირანის წინააღმდეგ სანქციების ახალი ტალღის განხორციელებაზე, რომელიც, ვაშინგტონის შეფასებით, ყველა სასიცოცხლო წყაროს ჩაუკეტავდა თეირანს.
"ჩვენ ვიწყებთ ეკონომიკურ შტურმს ირანის ფინანსური კავშირების წინააღმდეგ, მსოფლიოს მასშტაბით. ჩვენი მიზანია, გადაიჭრას ყოველი ეკონომიკური ხაზი, რომელიც ინარჩუნებს ამ ტირანულ რეჟიმს - მანამ, სანამ თეირანი მარტო დარჩება", - განაცხადა 23 აგვისტოს სკოტ ბესენტმა.
აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ "ოპერაცია ეკონომიკურად მოკვეთისთვის" განსაზღვრა ხუთი სექტორი: ციფრული ქონება, ტექნოლოგია, ოქრო, ავიაცია და გადაზიდვები - რომლებსაც ირანის მთავრობა იყენებს თავისი ეკონომიკის გასაძლიერებლად.
ფორუმი