აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა დაარტყეს ირანის რამდენიმე ნავთობის ტანკერს, რომლებიც ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან (IRGC) არიან დაკავშირებული. ამის შესახებ აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა ჟურნალისტებს 8 სექტემბერს განუცხადეს.
ვაშინგტონსა და თეირანს შორის დაძაბულობა მას შემდეგ გამწვავდა, რაც ირანმა აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდებზე სარაკეტო თავდასხმების განხორციელება კიდევ ერთხელ სცადა.
ერთ-ერთი ამერიკელი ოფიციალური პირის განცხადებით, აშშ-ის ძალებმა იერიში მიიტანეს ირანის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ხარგის კუნძულზე მდებარე ნავთობის ტერმინალისა და ჯასკის პორტის მიმდებარე ტერიტორიებზე. სამიზნეებს შორის ირანის ნავთობის ტანკერებიც იყო.
დარტყმები ვაშინგტონის უფრო ფართო კამპანიის ნაწილია, რომლის მიზანიც თეირანზე ეკონომიკური ზეწოლის გაძლიერებაა. აშშ ცდილობს, შეზღუდოს ირანის ნავთობიდან მიღებული შემოსავლები, რომლებიც, ვაშინგტონის შეფასებით, რევოლუციურ გუშაგთა კორპუსს უკავშირდება.
ამავდროულად, ირანულმა მედიამ ხარგის კუნძულისა და ჯასკის მახლობლად აფეთქებების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. ირანულმა საინფორმაციო სააგენტო Tasnim-მა განაცხადა, რომ ხარგის კუნძულთან ირანის ტანკერს აშშ-ის რაკეტა მოხვდა. ირანის სახელმწიფო მედიამ კი გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჯასკის მახლობლად მეორე ტანკერს დაესხნენ თავს. ამ ცნობების დამოუკიდებლად გადამოწმება ჯერჯერობით ვერ ხერხდება.
ბოლო დარტყმები აშშ-ის მიერ ირანის რამდენიმე ნავთობის ტანკერზე განხორციელებულ თავდასხმებს მოჰყვა. აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) 8 სექტემბერს განაცხადა, რომ ხუთი ირანული გემი გაანეიტრალა მას შემდეგ, რაც „რევოლუციურმა გუშაგთა კორპუსმა ბოლო ორი დღის განმავლობაში აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდზე ბალისტიკური რაკეტებით ორჯერ მიიტანა იერიში“.
CENTCOM-ის განცხადების თანახმად, ინციდენტების შედეგად არცერთი ამერიკელი სამხედრო არ დაშავებულა და არ დაზიანებულა აშშ-ის არცერთი ხომალდი.
აშშ-ის სამხედრო უწყების ინფორმაციით, ირანმა ბალისტიკური რაკეტები ამერიკის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდების მიმართულებით მას შემდეგ გაუშვა, რაც მათზე თავდასხმა სცადა.
8 სექტემბერს კოლუმბიაში ჟურნალისტებთან საუბრისას აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს, ბოლო 24 საათის განმავლობაში აშშ-სა და ირანს შორის განხორციელებულ საპასუხო მოქმედებებსა და ირანის ტანკერებზე ამერიკის დარტყმებზე ჰკითხეს.
„მათი საპასუხო მოქმედებები საკმაოდ მარტივად აიხსნება“, - განაცხადა რუბიომ. „ირანი კვლავ ცდილობს აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდებზე თავდასხმას და ყოველ ჯერზე, როდესაც ამას გააკეთებენ ან ამის მცდელობა მაინც ექნებათ, ისინი ტანკერებს დაკარგავენ. ვფიქრობ, ამას დღესაც კიდევ ერთხელ იხილავთ.“
რუბიოს განცხადება იმ ფონზე გაკეთდა, როდესაც ვაშინგტონმა ირანის ნავთობიდან მიღებული შემოსავლების შეზღუდვის კამპანია გააძლიერა.
8 სექტემბერს აშშ-მა ასევე ახალი სანქციები დააწესა ირანის საავიაციო სექტორის წინააღმდეგ.
აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC) ირანის საავიაციო სექტორის მხარდაჭერისთვის სანქციები დაუწესა 36 კომპანიას, რომლებსაც რეჟიმი იყენებს იარაღის, პერსონალისა და უკანონო ტვირთების ტრანსპორტირებისთვის.
ფორუმი