Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას ნიშნავს ნორვეგიის პრემიერის განცხადება ზელენსკის თვითმფრინავისა და მოლდოვაში დრონის შესახებ

საილუსტრაციო ფოტო: უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საპრეზდენტო თვითმფრინავის წინ. ანკარა, 15 მაისი, 2025.
საილუსტრაციო ფოტო: უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საპრეზდენტო თვითმფრინავის წინ. ანკარა, 15 მაისი, 2025.

მოლდოვისა და ნორვეგიის ოფიციალურმა პირებმა განმარტებები გააკეთეს მას შემდეგ, რაც ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა იონას გარ სტიორემ განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თვითმფრინავს სამშაბათს მოლდოვიდან აფრენისას „ლამის მოხვდა“ რუსეთის დრონი.

ოთხშაბათს ზელენსკი დაესწრო ნორვეგიის მეფე ჰარალდ V-ის დაკრძალვას, რომელიც 89 წლის ასაკში გარდაიცვალა. ცერემონიას ესწრებოდნენ მთელი მსოფლიოდან ჩასული ლიდერები.

ოსლოში ზელენსკიმ პრემიერ-მინისტრ სტიორესთან და მთავრობის სხვა წევრებთან გამართა მოლაპარაკებები უკრაინისთვის ნორვეგიის მიერ შეთავაზებული ახალი სამხედრო და სამოქალაქო დახმარების შესახებ.
ნორვეგიის პრემიერ-მინისტრის კანცელარიის სახელმწიფო მდივანმა ბჰანუჯა რასიამ მოგვიანებით პრესას განუცხადა, რომ მოლდოვაში 8 სექტემბერს მომხდარმა დრონის ინციდენტმა, რომელიც იონას გარ სტიორემ ახსენა, ზელენსკის აფრენა შეაფერხა, თუმცა უცნობია, არსებობდა თუ არა საპრეზიდენტო თვითმფრინავისთვის პირდაპირი საფრთხე.

„მოლდოვის საჰაერო სივრცეში დრონის გამო საფრთხე გაჩნდა, რამაც ოსლოს მიმართულებით ზელენსკის აფრენა დააყოვნა. ეს არის საფრთხეები, რომლებსაც ისინი ყოველდღიურად აწყდებიან. უცნობია, რამდენად ახლოს იმყოფებოდა დრონი მის თვითმფრინავთან“, აღნიშნა ოფიციალურმა პირმა.

ნორვეგიის ფინანსთა მინისტრმა, ნატოს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა, განაცხადა, რომ ინციდენტის შესახებ ზელენსკისგან შეიტყო 8 სექტემბერს საღამოს გამართულ შეხვედრაზე. ნორვეგიის საზოგადოებრივ მაუწყებელ NRK-სთან ინტერვიუში სტოლტენბერგმა დაადასტურა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა მისი თვითმფრინავის მიმართ არსებულ „საფრთხეზე“ ისაუბრა.

„მან ამის შესახებ წუხელ გვითხრა, როდესაც ერთმანეთს შევხვდით. დეტალებზე ვერ ვილაპარაკებ, მაგრამ ფრენა გადაიდო - თვითმფრინავისთვის გარკვეული საფრთხეები არსებობდა. თუმცა, დეტალები საკმარისად კარგად არ ვიცი საიმისოდ, რომ მეტი რამ ვთქვა“, განაცხადა მან.

ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა იონას გარ სტიორემ ნორვეგიულ საზოგადოებრივ ტელეარხ NRK-ს განუცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტის თვითმფრინავი დრონის დარტყმის პირას იყო, როდესაც ის კიშინიოვიდან ოსლოში მიფრინავდა.

„მოლდოვიდან აფრენისას მის თვითმფრინავს ლამის მოხვდა დრონი. ეს არის რეალობა, რომლის წინაშეც ისინი დგანან“, განაცხადა ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა.

სახელმწიფოს მეთაურები, მათ შორის უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, ნორვეგიის მეფე ჰარალდის დაკრძალვაზე ოსლოში. ფოტო მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუს ადმინისტრაციამ გაავრცელა 2026 წლის 9 სექტემბერს.
სახელმწიფოს მეთაურები, მათ შორის უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, ნორვეგიის მეფე ჰარალდის დაკრძალვაზე ოსლოში. ფოტო მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუს ადმინისტრაციამ გაავრცელა 2026 წლის 9 სექტემბერს.

კიშინიოვის განმარტებები

კიშინიოვში, მთავრობის სპიკერმა დუმიტრუ ჩორიჩმა ოთხშაბათს საღამოს განაცხადა (ციტირებულია სააგენტო „მოლდპრესის“ მიერ), რომ უკრაინიდან შემოსული რუსული დრონის გამო ქვეყნის საჰაერო სივრცე 8 სექტემბერს დროებით დაიხურა (16:30-დან 17:39 საათამდე - რედ.). ამ ზომამ შეფერხება გამოიწვია სამი თვითმფრინავის აფრენასა და ოთხის დაფრენაში.

„ასევე ამ მიზეზის გამო უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თვითმფრინავი კიშინიოვის საერთაშორისო აეროპორტიდან დაგვიანებით აფრინდა“, აღნიშნა სპიკერმა.

ზელენსკის თვითმფრინავს აფრენის ნებართვა მას შემდეგ მიეცა, რაც მოლდოვის ხელისუფლებამ მიიღო დასტური იმის შესახებ, რომ დრონი მიწაზე, რიშკანის რაიონის სოფელ მიხაილენი-ვეკის ტერიტორიაზე აფეთქდა, კიშინიოვის საერთაშორისო აეროპორტიდან დაახლოებით 160 კილომეტრში. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.

გლობალური საჰაერო მოძრაობის მონიტორინგის პორტალის, adsbexchange.com-ის მონაცემებით, ვოლოდიმირ ზელენსკის თვითმფრინავი კიშინიოვიდან 17:52 საათზე აფრინდა.

ზელენსკის ოფისი: ეს „გაზვიადებაა“

ამავე დროს წყარომ უკრაინის პრეზიდენტის ოფისში AFP-სთან საუბარში ზელენსკის საფრთხის შესახებ გაკეთებულ განცხადებებს „გაზვიადება“ უწოდა. „მოლდოვაში განგაში გამოცხადდა, როდესაც დრონი ჯერ მოლდოვის, ხოლო შემდეგ რუმინეთის საჰაერო სივრცეში შევიდა“, თქვა სააგენტოს თანამოსაუბრემ.

სამშაბათს შუადღისას, თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, „შაჰედის“ ტიპის დრონმა მოლდოვის რესპუბლიკა აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ გადაკვეთა, მათ შორის კიშინიოვის მახლობლად, სანამ იასის ოლქის გავლით რუმინეთის საჰაერო სივრცეში შევიდოდა. მალევე დრონი მობრუნდა და რიშკანის რაიონში, მიხაილენი-ვეკის მახლობლად ჩამოვარდა.

დრონის გამო მოლდოვის რესპუბლიკის ცენტრალურ ნაწილში საჰაერო სივრცე ერთ საათზე მეტი ხნით დაიხურა. სამოქალაქო ავიაციის ორგანოს ცნობით, სამ თვითმფრინავს, რომლებიც უკვე ფრენის რეჟიმში იმყოფებოდნენ, რუმინეთის საჰაერო სივრცეში დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში მოუწიათ მოლოდინის რეჟიმში დარჩენა, კიდევ სამი კიშინიოვში მიწაზე დარჩა, ხოლო ერთმა თვითმფრინავმა იასიში იძულებითი დაშვება განახორციელა.

რუმინეთში დრონის შესვლამ იასის მიმართულებით ფრენების დროებითი შეჩერებაც გამოიწვია.

რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 57-ე ავიაბაზა „მიჰაილ კოგელნიჩანუდან“ ჰაერში აფრინდა ორი F-18 ტიპის სამხედრო თვითმფრინავი „ვითარების მონიტორინგის მიზნით“.

მეორე დღეს, 9 სექტემბერს, რუსეთის ძალებმა დრონით იერიში მიიტანეს ოდესის ოლქში, მოლდოვის რესპუბლიკის საზღვართან მდებარე უკრაინულ გამშვებ პუნქტ „სტაროკაზაჩიეზე“. ხელისუფლების ცნობით, თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა.

რატომ დაფრინავს ზელენსკი კიშინიოვის გავლით

2026 წლის ივნისიდან პრეზიდენტი ზელენსკი უცხოურ ვიზიტებში ხშირად მიემგზავრება კიშინიოვის აეროპორტის გავლით და არა აღმოსავლეთ პოლონეთში მდებარე ჟეშუვის აეროპორტიდან, როგორც ამას მანამდე აკეთებდა.

მედიამ აღნიშნა, რომ ეს ცვლილება მოხდა უკრაინასა და პოლონეთს შორის ურთიერთობებში წარმოქმნილი ახალი დაძაბულობის ფონზე, რომელიც მას შემდეგ გაჩნდა, რაც ზელენსკიმ თავის ქვეყანაში ერთ-ერთ სამხედრო ნაწილს „უპა-ს გმირების პატივსაცემად“ გადაარქვა სახელი (უპა - უკრაინის მეამბოხეთა არმია).

უკრაინის მეამბოხეთა არმია მეორე მსოფლიო ომში წითელი არმიის წინააღმდეგ იბრძოდა, თუმცა ასევე ჩართული იყო 1943-1945 წლების ვოლინის ხოცვა-ჟლეტაში, რის შედეგადაც, ვარშავის ცნობით, დაახლოებით 100 000 ეთნიკური პოლონელი დაიღუპა.

მიუხედავად იმისა, რომ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მისი ჟესტი არ არის ანტიპოლონური, პოლონეთის პრეზიდენტმა კაროლ ნავროცკიმ გადაწყვიტა, თავისი უკრაინელი კოლეგისთვის ჩამოერთმია 2023 წელს მინიჭებული „თეთრი არწივის ორდენი“.

არც კიევს, არც ვარშავას და არც კიშინიოვს არ გაუკეთებიათ კომენტარი სპეკულაციებზე, რაც მოჰყვა საზღვარგარეთ ვიზიტებისთვის ზელენსკის მიერ გამოყენებული აეროპორტის შეცვლას. წინა წლებში კიევის ლიდერისა და უკრაინის სხვა დელეგაციების საერთაშორისო ვიზიტები, რომლებიც საპრეზიდენტო თვითმფრინავს იყენებდნენ, როგორც წესი, იწყებოდა და მთავრდებოდა ჟეშუვის აეროპორტში.


ფორუმი

XS
SM
MD
LG