რუსეთმა ურალში ააგო ახალი გასაიდუმლოებული სამეთაურო ბუნკერი, რომელიც შედის საპასუხო ბირთვული დარტყმის სისტემა „პერიმეტრში“ (დასავლეთში ცნობილია როგორც „მკვდარი ხელი“), - ნათქვამია The Sunday Times-ის, Danwatch-ისა და ცენტრ „დოსიეს“ ერთობლივ გამოძიებაში. ჟურნალისტებმა 2,5 მილიონამდე დოკუმენტი და ღია წყარო გააანალიზეს დაუზარმაზარი სამხედრო კომპლექსი აღმოაჩინეს მთის შიგნით. ობიექტი სვერდლოვსკის ოლქში, კოსვინსკი-კამენის მთის შიგნით მდებარეობს და ატარებს კოდურ სახელწოდებას „გროტი“ (ნომერი 1335). ჟურნალისტების გამოთვლებით, ახალი მიწისქვეშა ნაგებობების მშენებლობა დაჯდა თანხა, რომელიც ასობით მილიონ გირვანქა სტერლინგს უტოლდება. დოკუმენტების თანახმად, 2018 წლიდან გაიშალა მასშტაბური სამშენებლო სამუშაოები: ობიექტისთვის ყიდულობდნენ მძიმე მიწისსათხრელ და საბურღ ტექნიკას, შახტის ვენტილაციას, ჰაერის ფილტრაციის სისტემებს ქიმიური, ბიოლოგიური და რადიოაქტიური დაბინძურებისგან დასაცავად, კონდიცირების სეისმომედეგ სისტემებს, ფოლადს, მილებს, კაბელებსა და ბეტონს. ობიექტისთვის შესყიდულ აღჭურვილობას შორის აღმოჩნდა დასავლური კომპანიების პროდუქციაც - კერძოდ, დანიური მწარმოებლის, Rockwool-ისა და შვეიცარიული Belimo-სი. მიწოდების ნაწილი განხორციელდა უშუალოდ 2014 და 2022 წლებში სანქციების დაწესების შემდეგ. გამოძიების ავტორები ობიექტს უკავშირებენ საბჭოთა სისტემა „პერიმეტრს“, რომელიც შეიქმნა საპასუხო ბირთვული დარტყმის ბრძანების გადაცემის შესაძლებლობის შესანარჩუნებლად იმ შემთხვევაში, თუ მართვის არხები განადგურებულია. ობიექტის დანიშნულების დამატებით მტკიცებულებად ჟურნალისტები მიიჩნევენ რუსეთის სამხედროების პუბლიკაციებს. 2022 წელს გენერალ-მაიორი ვიქტორ ხალინი, რომელიც 1970-იან წლებში მონაწილეობდა „პერიმეტრის“ შემუშავებაში, ხოლო 2005-2010 წლებში ხელმძღვანელობდა მის მოდერნიზაციას, წერდა, რომ სისტემის განახლებული მმართველი რგოლი სწორედ 1335 ობიექტზე განათავსეს. პოლკოვნიკი იური ანდრეევი თავის 2025 წლის პუბლიკაციაში ამტკიცებდა, რომ მრავალწლიანი საცდელი ექსპლუატაციის შემდეგ ობიექტი საბრძოლო მორიგეობაზე დააყენეს 2023 წელს. თუმცა გაეროს ექსპერტი პაველ პოდვიგი აღნიშნავს, რომ არ შეიძლება ლაპარაკი სისტემა „პერიმეტრის“ აღორძინებაზე, რადგან არ არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ეს სისტემა დეაქტივირებული იყო. პოდვიგის აზრით, 1335 წარმოადგენს ბირთვული ძალების სარდლობისა და მართვის სისტემის ელემენტს, ხოლო თავად „პერიმეტრი“, უპირველეს ყოვლისა, არის კავშირგაბმულობის სარეზერვო სისტემა, რომელიც განკუთვნილია გაშვების ბრძანების გადასაცემად ჩვეულებრივი არხების განადგურების შემთხვევაში. |
გამომძიებელი ჟურნალისტები: რუსეთმა ააგო გიგანტური ბუნკერი საპასუხო ბირთვული დარტყმის სისტემისთვის
ფორუმი