Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პესკოვი: ლიეტუვა შეიძლება რუსეთის ბირთვული იარაღის სამიზნე გახდეს

დმიტრის პესკოვი. მოსკოვი, 18 ნოემბერი, 2025.
დმიტრის პესკოვი. მოსკოვი, 18 ნოემბერი, 2025.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა 11 სექტემბერს, „პირველი არხის“ ეთერში განაცხადა, რომ ლიეტუვის ტერიტორიაზე ბირთვული იარაღის განთავსების შემთხვევაში, ეს ქვეყანა რუსეთის ბირთვული დარტყმის სამიზნე გახდება.

რუსულ მედიასთან საუბრისას პესკოვმა ვილნიუსის შესაძლო გეგმებს „ესკალაციისა და დაძაბულობის ზრდისკენ გადადგმული ძალიან სერიოზული ნაბიჯი“ უწოდა. მისი თქმით, ეს იარაღი აღმოსავლეთისკენ, ანუ რუსეთისკენ იქნება მიმართული. „თუ მათ ტერიტორიაზე განთავსდება ჩვენკენ დამიზნებული ბირთვული იარაღი, შესაბამისად, ამ ქვეყნის ტერიტორიაც ჩვენი ბირთვული იარაღის სამიზნე გახდება“, მოჰყავს პესკოვის სიტყვები სააგენტო „ინტერფაქსს“.

კრემლის ეს მუქარა უკავშირდება ლიეტუვის პარლამენტში მოსალოდნელ საკანონმდებლო ცვლილებებს. 7 ივლისს ლიეტუვის სეიმმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის განხილვას, რომელიც ქვეყნის კონსტიტუციიდან ბირთვული იარაღის განთავსების აკრძალვის ამოღებას ითვალისწინებს. ძირითად კანონში ცვლილების შესატანად საჭიროა 141 დეპუტატიდან სულ მცირე 94-ის მხარდაჭერა ორ განსხვავებულ კენჭისყრაზე, რომელთა შორის მინიმუმ სამთვიანი ინტერვალი უნდა იყოს. პროექტის არსებითი განხილვა საშემოდგომო სესიისთვისაა დაგეგმილი.

მანამდე, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის ფონზე, ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ განაცხადა, რომ ქვეყანა მზადაა, შეურთდეს ნატოს ბირთვული შეკავების სისტემას. თუმცა მან დააზუსტა, რომ მშვიდობიან პერიოდში საკუთარ ტერიტორიაზე ბირთვული საბრძოლო მასალის განთავსების უშუალო გეგმა ლიეტუვას ჯერ არ აქვს.

ივნისის დასაწყისში გამოცემა Financial Times-ი წერდა, რომ ვილნიუსმა ვაშინგტონთან დაიწყო კონსულტაციები ლიეტუვის ტერიტორიაზე ამერიკული ბირთვული იარაღის შესაძლო განთავსებაზე. ეს პროცესი ევროპაში ამერიკული სამხედრო ყოფნის შემცირების პარალელურად მიმდინარეობს. FT-ის ცნობით, მოსკოვის სამხედრო შეკავების მიზნით, თეთრი სახლი განიხილავს ამერიკული ბირთვული ქობინების განთავსებას ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ევროპელ წევრ ქვეყნებში.


ფორუმი

XS
SM
MD
LG