ბიუსტის დაზიანების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად სოციალურ ქსელებში გავრცელდა. ფაქტს გამოეხმაურა საქართველოში აზერბაიჯანის ელჩი.
ფაიგ გულიევი ამბობდა, რომ შემთხვევა 21 სექტემბერს, დილის საათებში მოხდა, სავარაუდო დამნაშავე დაკავებულია, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტრო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და სხვა შესაბამისი უწყებები საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებს აგრძელებენ.
ელჩმა საქმის დეტალებზე დამატებითი საუბრისგან თავი შეიკავა და აღნიშნა, რომ გამოძიება ჯერ არ დასრულებულა.
„ზოგიერთი ადამიანი, მედიის წარმომადგენელი თუ სხვა წრე ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით სპეკულირებს. მათ მოვუწოდებ, მსგავსი ინფორმაციის გავრცელებისას სიფრთხილე გამოიჩინონ. საჭიროა საპროცესო მოქმედებები დასრულდეს. დარწმუნებული ვართ, რომ დანაშაულის ჩამდენი პირი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სათანადოდ დაისჯება. ამიტომ დაველოდოთ გამოძიების შედეგებს“, - უთხრა დიპლომატმა გამოცემა Aktual.ge-ს.
რა სახის „სპეკულაციებს“ გულისხმობდა, ელჩს არ დაუკონკრეტებია.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ ალიევის ბიუსტის დაზიანების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეა დაკავებული.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. კანონის ეს მუხლი სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო ან გამასწორებელ სამუშაოს, შინაპატიმრობას ან ერთიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას.
სხვა დეტალებს შსს და პროკურატურა არ აკონკრეტებენ.
ალიევის ბიუსტი შეფუთულია, რაც დაზიანების გარჩევას შეუძლებელს ხდის. არსებული ინფორმაციით, ბიუსტს სახის ნაწილი აქვს ჩამოტეხილი. ამ ეტაპზე უცნობია, რით არის ძეგლი დაზიანებული და რა მტკიცებულებები აქვს გამოძიებას. უცნობია დანაშაულის მოტივიც.
რა ვიცით დაკავებულზე?
საზოგადოებრივი ადვოკატის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ამ ეტაპზე დუმილის უფლებას იყენებს - 40 წელს გადაცილებული კაცი სომხეთის მოქალაქეა.
„საქართველოსთან მჭიდრო კონტაქტი არ ჰქონია, ტურისტულად იყო ჩამოსული“, - გვითხრა თეონა ფერაძემ.
ადვოკატის თქმით, დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. წინასასამართლო სხდომა 12 ნოემბერს გაიმართება.
ადვოკატს გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებები გადაეცა, თუმცა ის არ აკონკრეტებს, არის თუ არა მათ შორის ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალა.
პირველი შემთხვევა არ არის
ბიუსტის დაზიანებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა იურისტი ელმან ჰასანლი. ის ირწმუნება, რომ ჰეიდარ ალიევის ბიუსტი, რამდენიმე წლის წინაც დააზიანეს.
ჰასანლი წერს, რომ „იმ პერიოდში, როდესაც საქართველოში აზერბაიჯანის ახალი ელჩი დაინიშნა“, ბიუსტი „უფრო მძიმე ფორმით შეურაცხყვეს“.
„თუმცა ბიუსტის დამცავი, SOCAR-ის კუთვნილი 12 სათვალთვალო კამერის ჩანაწერების საზოგადოებისთვის არწარდგენამ სერიოზული კითხვები გააჩინა“, - წერს ჰასანლი.
მისი თქმით, „ბატონი ელჩის თანამდებობიდან წასვლამდე ცოტა ხნით ადრე მსგავსი ხასიათის ქმედების კვლავ განმეორება ამ საკითხს კიდევ უფრო აქტუალურს ხდის“.
ფაიგ გულიევის მიერ საქართველოში დიპლომატიური მისიის დასრულების შესახებ საჯარო ინფორმაცია ამ ეტაპზე არ გავრცელებულა.
„ჩნდება კითხვა: როგორ შეუძლია უწყებას, რომელსაც ჰეიდარ ალიევის ბიუსტის დაცვა არ შეუძლია, ჩვენი თანამემამულეების უფლებებისა და ინტერესების დაცვა?“ - წერს ჰასანლი. მას ასევე ციტირებს გამოცემა TodayPress-ი.
- 2017 წელს თბილისში, მარჯვენა სანაპიროზე მდებარე ჰეიდარ ალიევის მემორიალს წითელი საღებავი შეასხეს. თბილისის მერიის დასუფთავების სამსახურმა ის მეორე დღესვე გაწმინდა. შემთხვევა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის თბილისიდან გაუჩინარებიდან რამდენიმე დღის შემდეგ მოხდა, თუმცა ძეგლის დაზიანების მოტივი ოფიციალურად არ დასახელებულა.
მუხთარლი აცხადებდა, რომ 2017 წლის 29 მაისს თბილისში გაიტაცეს და ძალის გამოყენებით აზერბაიჯანში გადაიყვანეს. მოგვიანებით ბაქოს სასამართლომ მას ექვსი წლით პატიმრობა მიუსაჯა საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის, კონტრაბანდისა და სამართალდამცველისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებებით, რომლებსაც თავად მუხთარლი უარყოფდა. 2020 წლის მარტში ის ვადამდე გაათავისუფლეს და გერმანიაში, ოჯახთან გაუშვეს.
ჰეიდარ ალიევი და საქართველო
თბილისში, აბანოთუბანში მდებარე ჰეიდარ ალიევის სახელობის სკვერი და მისი ბიუსტი 2007 წლის 12 მაისს საქართველოს მაშინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა გახსნეს.
მანამდე, 2007 წლის 7 თებერვალს, მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მონაკვეთს, „ვეფხისა და მოყმის“ ძეგლიდან „ლაგუნა ვერემდე“, ჰეიდარ ალიევის სახელი მიენიჭა. იქვე განთავსდა ჰეიდარ ალიევის მემორიალური დაფაც.
ჰეიდარ ალიევის სახელობის სკვერი რუსთავშიც მდებარეობს. სკვერი 2009 წელს გაიხსნა და მასში ალიევის ძეგლიც არის განთავსებული.
თბილისში იგეგმება ჰეიდარ ალიევის სახელობის კულტურის ცენტრის მშენებლობაც. პროექტისთვის გორგასლის ქუჩისა და მიმდებარე ტერიტორიის რამდენიმე კერძო მესაკუთრის ქონება ექსპროპრიაციას ექვემდებარება. ადგილობრივ მცხოვრებთა ნაწილი გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგებოდა.
ჰეიდარ ალიევი აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანამდებობას 1993-2003 წლებში იკავებდა. მის სახელს უკავშირდება ქვეყნის ენერგეტიკული სტრატეგიისა და რამდენიმე მსხვილი საერთაშორისო პროექტის განხორციელება, მათ შორის საქართველოს გავლით ბაქო-სუფსისა და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენების პროექტები.
ჰეიდარ ალიევის პოლიტიკური მემკვიდრე მისი შვილი, ილჰამ ალიევი გახდა, რომელიც აზერბაიჯანის პრეზიდენტად 2003 წელს აირჩიეს.
როგორც ჰეიდარ, ისე ილჰამ ალიევის მმართველობის პერიოდში საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები აზერბაიჯანის ხელისუფლებას აკრიტიკებდნენ პოლიტიკური ოპოზიციისა და ხელისუფლების კრიტიკოსების დევნის, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების შეზღუდვისა და სხვა უფლებების დარღვევების გამო.
ფორუმი