Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მუხთარლის საქმე და საქართველოს პასუხისმგებლობა


აფგან მუხთარლი
აფგან მუხთარლი

საერთაშორისო თანამეგობრობა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის - აფგან მუხთარლის - საქმის გადასინჯვასა და მის გათავისუფლებას ითხოვს. შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის შემდეგ, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვაზე ყურადღებას ამახვილებს ევროკავშირიც და მათი მოწოდებები საქართველოსაც უკავშირდება. 2017 წლის 29 მაისს თბილისიდან გაუჩინარებულ ჟურნალისტს - აფგან მუხთარლის - აზერბაიჯანის სასამართლომ, საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის, კონტრაბანდისა და ხელისუფლებისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით, 6-წლიანი პატიმრობა შეუფარდა. ადამიანის უფლებათა დარღვევაზე ლაპარაკობენ ადვოკატები და უფლებადამცველები, რომლებიც 12 იანვარს ბელაქნის სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ. მათი თქმით, საქართველოს ხელისუფლებას აქვს ვალდებულება ობიექტური და მიუკერძოებელი გამოძიებით დაადგინოს, თუ როგორ მოხვდა თბილისში გაუჩინარებული ჟურნალისტი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს აუცილებლად დააზარალებს ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს.

გადმოწერა

აზერბაიჯანელ ჟურნალისტ აფგან მუხთარლისთვის 6-წლიანი პატიმრობის შეფარდება აჩენს სერიოზულ შეკითხვებს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების განხორციელებასთან მიმართებით, მათ შორის - გამოხატვის თავისუფლებასთან, მედიასა და აზერბაიჯანში სათანადო სამართლებრივ პროცესებთან დაკავშირებით, ვკითხულობთ განცხადებაში, რომელიც საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლობის პრესსპიკერმა14 იანვარს გამოაქვეყნა. განცხადებაში ლაპარაკია როგორც აზერბაიჯანზე, ასევე საქართველოზეც:

„აფგან მუხთარლის სავარაუდო გატაცება საქართველოში, რასაც დაპატიმრება და აზერბაიჯანში მისი გასამართლება მოჰყვა, კვლავაც მოითხოვს ყოვლისმომცველ და გამჭვირვალე გამოძიებას. თავისუფლების აღკვეთის ყველა ის შემთხვევა, რომელიც ადამიანის ფუნდამენტური უფლებების განხორციელებას უკავშირდება, აზერბაიჯანის მიერ მყისიერად უნდა იქნეს გადასინჯული, რასაც უნდა მოჰყვეს ყველა შესაბამისი პირის გათავისუფლება, აზერბაიჯანის საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად“.

ჟურნალისტ აფგან მუხთარლის 6-წლიანი პატიმრობა სხვა არაფერია, თუ არა კანონის უზენაესობის მორიგი მარცხი. ეს, რა თქმა უნდა, მოსალოდნელიც იყო, რადგან აზერბაიჯანში ათეულობით ადამიანი, მსგავსი პოლიტიკურად მოტივირებული მსჯავრით, იხდის სასჯელს. თუმცაღა ეს ის შემთხვევაა, როდესაც საქართველოს ხელისუფლებას აქვს თავისი წილი პასუხისმგებლობა.

მანამდე საქმის გამჭირვალე გამოძიებისკენ მოწოდება ამერიკის შეერთებული შტატებიდან, კერძოდ, სახელმწიფო დეპარტამენტისგან გაისმა. 12 იანვარს გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმე ფართოდ არის შეფასებული როგორც პოლიტიკურად მოტივირებული და აზერბაიჯანმა უნდა გაათავისუფლოს როგორც აფგან მუხთარლი, ისე ადამიანის ფუნდამენტური უფლებებით სარგებლობისთვის დაპატიმრებული ყველა პირი. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი ყურადღებით ადევნებს თვალყურს სავარაუდო გატაცების საქმეზე საქართველოში წარმოებულ გამოძიებას და ხედავს „საფუძვლიანი, გამჭვირვალე და დროული” გამოძიების ჩატარების აუცილებლობას.

საერთაშორისო თანამეგობრობის განცხადებები მოჰყვა აზერბაიჯანის ბელაქნის რაიონის სასამართლოს მიერ 12 იანვარს გამოცხადებულ განაჩენს, რომლის მიხედვითაც აზერბაიჯანელ ჟურნალისტს, აფგან მუხთარლის, საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის, კონტრაბანდისა და ხელისუფლების წარმომადგენლისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით, 6-წლიანი პატიმრობა შეეფარდა. თავად ჟურნალისტი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და დარწმუნებულია, რომ ის, ბაქოსთვის არამოსაწონი საქმიანობის გამო, პოლიტიკური მოტივით იდევნება.

აზერბაიჯანის ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტი 2017 წლის 29 მაისს თბილისიდან გაუჩინარდა, 30 მაისს კი ცნობილი გახდა, რომ ის აზერბაიჯანში იყო დაკავებული. მუხთარლი მიიჩნევს, რომ თბილისიდან მის გატაცებასა და აზერბაიჯანული მხარისთვის გადაცემაში მონაწილეობდნენ საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლები. ამას საქართველოს ხელისუფლება უარყოფს.

აფგან მუხთარლის საქმეზე საქართველოში გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომელიც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას ითვალისწინებს. 2017 წლის 30 მაისს აღძრული სისხლის სამართლის საქმე შსს-მ გამოსაძიებლად 20 ივლისს გადასცა მთავარ პროკურატურას. იმავე დღეს თანამდებობები დატოვეს შსს-ს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორმა, თუმცა გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი შეკითხვა აქვთ ადამიანის უფლებათა დამცველებს, იურისტებსა და საერთაშორისო ორგანიზაციათა წარმომადგენლებს.

12 იანვარს ბელაქნის სასამართლოში გამართულ პროცესს „უკანონობის მორიგი ზეიმი“ უწოდა Human Rights Watch-ის წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში, გიორგი გოგიამ. მისი თქმით, აფგან მუხთარლის თბილისიდან გაუჩინარების საქმესთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს ხელისუფლებასაც, მაგრამ თბილისი არ ამჟღავნებს პოლიტიკურ ნებას, რომ ეს საქმე საფუძვლიანად და მიუკერძოებლად იქნეს გამოძიებული:

„ჟურნალისტ აფგან მუხთარლის 6-წლიანი პატიმრობა სხვა არაფერია, თუ არა კანონის უზენაესობის მორიგი მარცხი. ეს, რა თქმა უნდა, მოსალოდნელიც იყო, რადგან აზერბაიჯანში ათეულობით ადამიანი, მსგავსი პოლიტიკურად მოტივირებული მსჯავრით, იხდის სასჯელს. თუმცაღა ეს ის შემთხვევაა, როდესაც საქართველოს ხელისუფლებას აქვს თავისი წილი პასუხისმგებლობა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება, უკვე თვეებია, ამბობს, რომ იძიებს ამ საქმეს, კონკრეტული შედეგი არ მოჰყოლია. საქართველოს ხელისუფლებას აქვს თავისი წილი ვალდებულება გამოიძიოს დაუყოვნებლივ და დაადგინოს, თუ როგორ მოხვდა თბილისის ცენტრიდან აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მოქალაქე, რომელიც იდევნებოდა პოლიტიკური მოტივებით“.

არ მინიჭებია დაზარალებულის სტატუსი არც აფგან მუხთარლის და არც მის მეუღლეს - ლეილა მუსტაფაევას... რეალური კვალიფიკაციით არ ჩატარებულა სათანადო საგამოძიებო მოქმედებები... პლუს ამას, გამოძიებას არ გამოუკვეთია პირი ან პირები, ვის მიმართაც შესაძლებელი იქნებოდა სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება...
არჩილ ჩოფიკაშვილი

თუკი აფგან მუხთარლის თბილისიდან გაუჩინარების საქმე, კანონის უზენაესობის პირობებში, სათანადოდ არ იქნება გამოძიებული, გიორგი გოგიას თქმით, ეს დარჩება „შავ ლაქად“, რომელიც დააზარალებს საქართველოს საერთაშორისო იმიჯს და საერთაშორისო პარტნიორები საქართველოს ხელისუფლებას მომავალშიც მუდმივად შეახსენებენ ამ პასუხისმგებლობას. გიორგი გოგია რადიო თავისუფლებასთან საუბრისას იხსენებს ასევე, რომ მუხთარლის საკითხს 2017 წლის ივნისში მიეძღვნა ევროპარლამენტის რეზოლუციაც, რომელშიც ასევე ხაზგასმულია საქართველოს ვალდებულებები.

რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს, ისინი განმარტებების გაკეთებისგან ძირითადად თავს იკავებენ იმის გათვალისწინებით, რომ გამოძიების პროცესი ჯერ არ დასრულებულა. თუმცა 2017 წლის 20 დეკემბერს, პარლამენტში გამოსვლისას, ოპოზიციის მიერ დასმული შეკითხვის პასუხად, აფგან მუხთარლის საკითხს „ძალიან მძიმე საკითხი“ უწოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. მისი თქმით, ეს ფაქტი „ძალიან სერიოზული ჩავარდნა იყო“.

„თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი“ და მისი წევრი ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ მუხთარლისა და მისი ოჯახის ინტერესებს იცავენ როგორც საქართველოს სასამართლოში, ასევე სტრასბურგის სასამართლოში მიმდინარე პროცესების ჭრილში. ისინი ასევე მეთვალყურეობდნენ ბელაქნის რაიონულ სასამართლოს მუშაობასაც და, როგორც "თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის" წარმომადგენელმა, რუსუდან მჭედლიშვილმა, უთხრა რადიო თავისუფლებას, აზერბაიჯანის სასამართლომ საქმე მიკერძოებულად განიხილა და არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის არც ერთი მნიშვნელოვანი შუამდგომლობა, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა აფგან მუხთარლის უდანაშაულობას. „42-ე მუხლის“ წარმომადგენლის, ადვოკატ არჩილ ჩოფიკაშვილის, თქმით კი, ძალიან ბევრ შეკითხვას აჩენს საქართველოში მიმდინარე გამოძიებაც:

„არ მინიჭებია დაზარალებულის სტატუსი არც აფგან მუხთარლის და არც მის მეუღლეს - ლეილა მუსტაფაევას... რეალური კვალიფიკაციით არ ჩატარებულა სათანადო საგამოძიებო მოქმედებები... პლუს ამას, გამოძიებას არ გამოუკვეთია პირი ან პირები, ვის მიმართაც შესაძლებელი იქნებოდა სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება... ბოლო აქტივობა, რაც განხორციელდა ჩვენი მხრიდან, ეს იყო იმ პირების ვიდეო და ფოტომასალის წარდგენა პროკურატურისათვის, რომლებიც უთვალთვალებდნენ გატაცებამდე აფგან მუხთარლის, ხოლო გატაცების შემდეგ - ლეილა მუსტაფაევას და მათ ახლობელს. თუმცა გამოძიების მხრიდან იყო, დაახლოებით, ასეთი შინაარსის დამოკიდებულება, რომ ეს პირები არანაირი მოთვალთვალეები არ იყვნენ, იყვნენ ჩვეულებრივი ტურისტები ანდა თვითონ მუსტაფაევას ეჩვენებოდა რაღაც და ასე შემდეგ“.

არჩილ ჩოფიკაშვილის თქმით, სწორედ საგამოძიებო პროცესის არაობიექტურად წარმართვის გამო დატოვა საქართველო აფგან მუხთარლის მეუღლემ მცირეწლოვან შვილთან ერთად და ამჟამად ისინი მესამე ქვეყანაში იმყოფებიან. აფგან მუხთარლის სახელით საქმე გაგზავნილია ასევე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, სტრასბურგის სასამართლოში, რომელმაც ის უკვე პრიორიტეტულად ცნო.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG