Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ენმ: შსს-ს უარის მიუხედავად, რიყის პარკში სააკაშვილის მხარდასაჭერად აქციას გავმართავთ

შსს-ს „ნაციონალური მოძრაობის“ აქცია არ შეუტანია „ნებადართული“ დემონსტრაციების სიაში. ფოტოზე: აქცია მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით. 2021 წლის 15 ნოემბერი
შსს-ს „ნაციონალური მოძრაობის“ აქცია არ შეუტანია „ნებადართული“ დემონსტრაციების სიაში. ფოტოზე: აქცია მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით. 2021 წლის 15 ნოემბერი

პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ აცხადებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ უარი განაცხადა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით რიყის პარკში, „რიყის დოქებთან“, 2026 წლის პირველ ოქტომბერს აქციისთვის ნებართვის გაცემაზე.

შსს-ში განაცხადეს, რომ ამ ადგილას თბილისის მერიას დაწყებული აქვთ 3-4 ოქტომბრისთვის, „თბილისობის“ აღსანიშნავი ღონისძიებების მოსამზადებელი სამუშაოები და პარტიას მოუწოდეს, აქციის დრო და ადგილი შეცვალოს.

ამის მიუხედავად, პარტია აცხადებს, რომ შეკრებას მაინც ჩაატარებს და მოქალაქეებს შეერთებისკენ მოუწოდებს.

„მიშას ჩრდილიც აშინებთ“, - ასე აფასებს შსს-ს უარს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ანა წითლიძე.

„უკანონო მითითებაა“

29 სექტემბერს პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა:

„გუშინ შსს-სგან მივიღეთ ინფორმაცია, რომ თურმე არ შეიძლება 1-ელ ოქტომბერს, მიხეილ სააკაშვილის დატყვევებიდან ხუთი წლის თავზე, აქცია რომ ჩატარდეს მიხეილ სააკაშვილის თავისუფლების მოთხოვნით“.

ოპოზიციური პარტია ამას „აბსოლუტურად უკანონოდ“ აფასებს:

„შეუძლებელია, რომ საჯარო სივრცეებში, თუნდაც პარკებსა და სკვერებში, გადაადგილების უფლება ეზღუდებოდეთ ადამიანებს, იმის გამო, რომ [„ქართული ოცნების“ დამფუძნებელ ბიძინა] ივანიშვილს დღემდე ყველაზე მეტად მიხეილ სააკაშვილის ეშინია“, - თქვა ფავლენიშვილმა.

აქციას მაინც გეგმავენ

შსს-ს უარის მიუხედავად, „ნაციონალური მოძრაობა“ აცხადებს, რომ აქციის ჩატარებისგან თავის შეკავებას არ აპირებს.

„რაც არ უნდა ტექნიკური დაბრკოლება შეგვიქმნან, აუცილებლად მივალთ "რიყის დოქებთან", რომელიც იქცა საქართველოს გაპარტახებისა და გაძარცვის სიმბოლოდ“, - თქვა ირაკლი ფავლენიშვილმა.

აქცია 1 ოქტომბერს 17:00 საათზეა დაგეგმილი რიყის პარკში - იქ, სადაც ახლა „რიყის დოქების“ დემონტაჟი მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საიტზე გამოქვეყნებული დაშვებული აქციების სიაში 1 ოქტომბრის შეკრება არ არის მითითებული.

  • 2013 წლიდან საქართველოდან წასული მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დაბრუნდა. ის პოლიციამ არჩევნების წინა დღეს, 1 ოქტომბერს, დააკავა;
  • სააკაშვილს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევენ ოპოზიციური პარტიების ნაწილი, სამოქალაქო ორგანიზაციები, ასევე ევროპარლამენტი;
  • სხვადასხვა სასამართლო პროცესის დასრულების შედეგად, სააკაშვილს 2034 წლის 1 აპრილამდე უწევს პატიმრობა.

„თბილისობაა“ - რას ამბობს შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლებას განუცხადეს, რომ ის „შეკრება/მანიფესტაციის ჩატარების თაობაზე რაიმე სახის ნებართვას არ გასცემს“ და „მისი მთავარი ფუნქციაა დაიცვას ბალანსი შეკრების თავისუფლებასა და ამა თუ იმ ადგილას მცხოვრებ პირთა უფლებებს შორის.

თუმცა მიუთითებს, რომ „სავალდებულოა პასუხისმგებელმა პირმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში შეიტანოს სათანადო, ხელმოწერილი გაფრთხილება“.

შსს-ში ამბობენ, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველი საბჭოს თავმჯდომარის, ირაკლი ფავლენიშვილის მიერ 25 სექტემბერს წარმოდგენილი გაფრთხილება „არ იყო შედგენილი კანონის მოთხოვნების შესაბამისად და არ შეიცავდა იმ ინფორმაციას რაც კანონითაა დადგენილი“.

გარდა ამისა, შსს აცხადებს, რომ რიყის პარკში თბილისობის სამზადისია:

„2026 წლის 3-4 ოქტომბერს თბილისის სხვადასხვა ლოკაციაზე აღინიშნება „თბილისობა 2026“-ის ღონისძიებები, მათ შორის ერთ-ერთი ძირითად ლოკაციას წარმოადგენს ევროპის მოედანი და რიყის პარკი“, - გვითხრეს სამინისტროში.

„მერიის შესაბამის სამსახურებს უკვე დაწყებული აქვთ თბილისობის აღსანიშნავი ღონისძიებების მოსამზადებელი სამუშაოები, შესაბამისად, იმისათვის, რომ შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარებამ ხელი არ უნდა შეუშალოს ორგანოების, საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ნორმალურ მუშაობას, ტრანსპორტის ან ხალხის შეუფერხებელ გადაადგილებას, ადამიანის სხვა უფლებებსა და თავისუფლებებს, აქციის ორგანიზატორებს მიეცათ მითითება განეხილათ შეკრება/მანიფესტაციის გამართვის ადგილისა ან/და დროის შეცვლის მიზანშეწონილობის საკითხი“, - განაცხადეს უწყებაში.

აქციებზე ნებართვა შემზღუდავი კანონების შემდეგაა საჭირო

2024 წლის 28 ნოემბერს დაწყებული მასობრივი დემონსტრაციების შემდეგ „ქართული ოცნების“ ინიციატივით მიიღეს რიგი კანონებისა, რამაც შეზღუდა გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლება.

ოპოზიციური პარტიები, ადგილობრივი თუ საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები და ევროკავშირი ამას დემოკრატიული უკუსვლის ერთ-ერთ სიმპტომად აღიქვამენ.

2025 წლის 10 დეკემბერს, სადავო პარლამენტმა დაჩქარებული სახით განიხილა და მესამე მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომლითაც სავალდებულო გახდა „ხალხის ან ტრანსპორტის სავალ ადგილას“ აქციის გამართვისთვის პოლიციის 5 დღით ადრე გაფრთხილება.

შესაბამისად, შეზღუდვების ჩამონათვალი ტროტუარზე პროტესტსაც შეეხო.

  • კანონით, თუკი აქცია გაიმართება ხალხის ან ტრანსპორტის სავალ ნაწილზე, ორგანიზატორი ვალდებული იქნება, შსს-ს წერილობით მიმართოს;
  • ხოლო შსს „უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ... მოძრაობის აღდგენის შესახებ, თუ შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობის გათვალისწინებით შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება სხვაგვარად შესაძლებელია“.
  • ტროტუარზე პროტესტის გამო შინაგან საქმეთა სამინისტროს მრავალი ადამიანისთვის აქვს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი შედგენილი.
  • სახალხო დამცველის განცხადებით, ახალი კანონები, რომლებიც დემონსტრაციებს შეეხება, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და არ არის განჭვრეტადი.

შენიშვნა: ინფორმაცია განახლდა შსს-ს პრესცენტრის პასუხით

ფორუმი

​
XS
SM
MD
LG