Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დემონსტრაციების შემზღუდველ კანონებს ომბუდსმენი საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს


ლევან იოსელიანი
ლევან იოსელიანი

​საქართველოს სახალხო დამცველი გეგმავს, საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივროს დემონსტრაციების შემზღუდველი ის კანონები, რომელიც სადავო პარლამენტმა ბოლო ერთი წლის განმავლობაში მიიღო. ლევან იოსელიანმა პირველი არხის ეთერში თქვა, რომ საკონსტიტუციო სარჩელი უკვე მზადდება და მას უახლოეს დღეებში შეიტანს.

ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ კონსტიტუციას ეწინააღმდეგება კანონი, რომელიც აქციაზე მყოფ ადამიანებს, განურჩევლად საჭიროებისა, უკრძალავს ნიღბის გამოყენებას.

„როდესაც კანონმდებლობამ ბლანკეტურად აკრძალა ყველანაირი ნიღბის გამოყენება, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ თუ ვმონაწილეობთ მშვიდობიან შეკრებაში და არ გვინდა დავავადდეთ გადამდები დაავადებით და ამისთვის გავიკეთოთ ნიღაბი, კანონმდებლობით არის აკრძალული... ზოგადად, ლოგიკური არ არის, როგორ შეიძლება აუკრძალო ადამიანს ნიღბის გაკეთება, თუ მას ესაჭიროება. მარტო ჯანმრთელობის საკითხი არ არის, არსებობს ნიღაბი, რომელიც ვიღაცისთვის რელიგიური ატრიბუტია...

ის, რომ ვიღაც მერე გადაწყვეტს კანონის დარღვევას და ამიტომ საგამოძიებო ორგანოს უნდა გაიადვილოს თავისი საქმე და ამით უფრო დიდი სიკეთე დააზიანოს, ვერ იქნება არგუმენტი“, - თქვა ლევან იოსელიანმა.

მან აღნიშნა, რომ ბოლო დროს მიღებულ კანონებში პროპორციულობისა და თანაზომადობის პრობლემებია, რადგან ზოგიერთ სამართალდარღვევაზე უალტერნატივოდ ადმინისტრაციული პატიმრობაა გათვალისწინებული. ასეთი კანონებია, აქციაზე პირბადის ტარება, გზაზე ან ტროტუარზე გადაადგილების შეფერხება.

„კონკრეტული ჯგუფის მიერ დარღვევის ან გადაცდომის ჩადენის ფაქტი არ შეიძლება განზოგადდეს მთელ ქვეყანაზე და ყველას შეეხოს. ის რომ, რუსთაველზე რაღაც მოვლენებს აქვს ადგილი და იქ რაღაც ჯგუფი პერმანენტულად, თუნდაც შეგნებულად არღვევს კანონს, ეს არ შეიძლება გავრცელდეს ყველაზე - როცა საკანონმდებლო ცვლილებები მიიღეს, ეს ვრცელდება ყველაზე.

ეს ხომ იმასაც ნიშნავს, რომ ნებისმიერ სხვა ადგილზე, სოციალურ ნიადაგზე წარმოშობილი პროტესტი იქნება თუ ნებისმიერი სხვა შეკრება, მათ წინააღმდეგაც ეს მკაცრი კანონი იქნება გამოყენებული?! რაც არათანაზომიერად შეზღუდავს მათ გამოხატვას“, - ამბობს ლევან იოსელიანი.

პარლამენტთან მიმდინარე პროტესტის შესაზღუდად სადავო პარლამენტმა, რომლის უმრავლესობაშიც „ქართული ოცნებაა“, არაერთხელ შეცვალა კანონი:

  • აიკრძალა პირბადის ტარება (საწყის ეტაპზე ჯარიმა იყო გათვალისწინებული, ახლა კი უკვე 15 დღემდე პატიმრობა. განმეორების შემთხვევაში აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე და გათვალისწინებულია 1 წლამდე პატიმრობა);
  • იგივე სასჯელია გათვალისწინებული გზასა და ტროტუარზე მოძრაობის შეფერხებისთვის;
  • აიკრძალა ლაზერის ტარება და ა.შ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG