ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე განიხილეს იმ უკრაინელი ჯარისკაცებისთვის სისტემური მხარდაჭერის საკითხი, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის ომის შედეგად შშმ პირებად იქცნენ.
29 სექტემბერს ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა ალენ ბერსემ ასამბლეის მიმდინარეობის პარალელურად გამართულ ღონისძიებაზე - „ხმები უკრაინიდან“ წარადგინა ევროსაბჭოს 2027-2030 წლების ახალი სამოქმედო გეგმა უკრაინისთვის. პრიორიტეტებს შორის არის ვეტერანების სოციალური ინკლუზია და მათი მხარდაჭერა, აგრეთვე უმცირესობებისა და ქალთა უფლებების დაცვა, უკრაინელი ბავშვების შინ დაბრუნების ხელშეწყობა.
სამოქმედო გეგმა ფოკუსირებულია უკრაინაში დემოკრატიის უზრუნველყოფაზე, რაც ალენ ბერსეს განცხადებით „არ ანაცვლებს სამხედრო უსაფრთხოებას. უკრაინას სჭირდება იარაღი და საჰაერო თავდაცვა. ეს გადარჩენის საკითხია და ამიტომაც მიმდინარეობს ევროპის გადაიარაღება“.
ევროსაბჭოს გენმდივანი აგრეთვე აღნიშნავს, რომ „დემოკრატიული უსაფრთხოება არის უსაფრთხოების ყველა სხვა ფორმის მდგრადობისა და ანგარიშვალდებულების საფუძველი და ამის გარეშე უკრაინაში მშვიდობა შეუძლებელია“.
ახალი სამოქმედო გეგმა უკრაინის დემოკრატიული მედეგობის გაძლიერებისკენ არის მიმართული - კარგი მმართველობით, კანონის უზენაესობითა და ადამიანის უფლებების დაცვით. გეგმაში ყურადღება ეთმობა სოციალური ინკლუზიის საკითხებს. მოიცავს ანგარიშვალდებულების საკითხს, რომელიც გულისხმობს: ომის დანაშაულების მტკიცებულებებზე დაფუძნებულ გამოძიებას, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას, ადგილობრივი მმართველობის განვითარებასა და საინფორმაციო სივრცის დაცულობას, აგრეთვე დამოუკიდებელ მართლმსაჯულებას, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ჩათვლით.
სამშაბათსვე ალენ ბერსემ უმასპინძლა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ იოჰან ვადეპულს. მათ იმსჯელეს ჰიბრიდულ საფრთხეებსა და უცხოურ ჩარევაზე - როგორც საფრთხეზე ევროპული დემოკრატიისთვის. განსახილველ საკითხებს შორის იყო უკრაინა და "საგანგებო ტრიბუნალი" უკრაინაში ჩადენილი აგრესიის დანაშაულის გამოსაძიებლად.
ალენ ბერსე 28 სექტემბერს შეხვდა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის უკრაინელ წევრებს. შეხვედრის შემდეგ მან პლატფორმა X-ზე შეხვედრის ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნა და დაწერა:
„ჩემთვის პატივია, სტრასბურგში ვუმასპინძლო [ასამბლეის] უკრაინის დელეგაციის წევრებსა და უკრაინის პარლამენტის წარმომადგენლებს.
ევროსაბჭოსთვის უმთავრეს პრიორიტეტად რჩება რუსეთისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება უკრაინის წინააღმდეგ აგრესიისთვის. გმადლობთ თქვენი აქ ყოფნისა და მონაწილეობისთვის.
უკრაინელები კვლავაც უძლებენ რუსეთის სასტიკ თავდასხმებს, ჩვენ კი გავაგრძელებთ დაუღალავად მუშაობას უკრაინის მხარდასაჭერად და მდგრადი მშვიდობისთვის ფუნდამენტის შესაქმნელად“, - წერს ალენ ბერსე.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ევროსაბჭო მუშაობს იმ ინსტრუმენტების შექმნაზე რუსეთისთვის "სრული პასუხისმგებლობის დასაკისრებლად ადამიანის უფლებებისა და საერთაშორისო სამართლის უხეშად დარღვევისთვის, აგრეთვე რუსეთის აგრესიის მსხვერპლებისთვის კომპენსაციის უზრუნველსაყოფად".
ევროსაბჭოს ოფიციალურ საიტზე წერია, რომ ახლა ორგანიზაცია მუშაობს კომპენსაციის ყოვლისმომცველი მექანიზმის შესაქმნელად. პირველი კომპონენტი არის უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიით გამოწვეული ზიანის რეესტრი, რომელიც ევროსაბჭოს 2023 წლის რეკიავიკის სამიტზე შეიქმნა და მას შეუერთდა ევროსაბჭოს 44 წევრი, აგრეთვე ევროკავშირი. შეიქმნა აგრეთვე "საჩივრების საერთაშორისო კომისია უკრაინისთვის", რომელიც ამუშაობდენა მას შემდეგ, რაც შესაბამისი კონვენციის ხელმომწერ მინიმუმ 25 ქვეყანაში მოხდება მისი რატიფიკაცია.
2025 წლის ივნისში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ევროსაბჭოს გენმდივან ალენ ბერსესთან ერთად სტრასბურგში ხელი მოაწერა შეთანხმებას "საგანგებო ტრიბუნალის" შესახებ, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთს მიერ ჩადენილ აგრესიის დანაშაულს გამოიძიებს და გადაწყვეტილების მიმღებ უმაღლეს პირებს გაასამართლებს.
ფორუმი