Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალენ ბერსე: დემოკრატიული უსაფრთხოება არის ჩვენი კონტინენტის პასუხი მსოფლიო წესრიგზე, რომელიც ახლა ყალიბდება

ალენ ბერსე, ევროსაბჭოს გენერალური მდივანი. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია, 27 იანვარი, 2026
ალენ ბერსე, ევროსაბჭოს გენერალური მდივანი. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია, 27 იანვარი, 2026

ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა ალენ ბერსემ 27 იანვარს, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე განაცხადა, რომ ევროპამ არ უნდა გააკეთოს არჩევანი კანონსა და უსაფრთხოებას შორის, არამედ მისი წინსვლის გზა დემოკრატიულ უსაფრთხოებაშია:

„სიახლე არის კრიზისების აჩქარება. მას ახლავს ინფორმაციის უწყვეტი ნაკადი და მისგან შექმნილი არასტაბილურობა. ამ დროისთვის აშკარაა კანონზომიერებები. პოზიციები დღეებში იცვლება, თუ საათებში არა. გაისმის მუქარები და შემდეგ ისინი უკან მიაქვთ... ძალის პოლიტიკა ყოველთვის არსებობდა. შემაშფოთებელია ის, თუ სად იჩენს ის თავს: ალიანსებში; კანონზე, თანხმობასა და პროგნოზირებადობაზე დაფუძნებულ სივრცეებში და ამიტომაც ვლაპარაკობთ მსოფლიო წესრიგის რღვევაზე“.

ბერსეს განცხადებით, კრიზისები ციდან არ ჩამოცვენილა და სათავეს იღებს: ცივი ომის შემდგომი მოწყობის დაუცველობიდან - როცა, მაგალითად, ვერ მოხერხდა უკრაინის სუვერენიტეტის დაცვა მის მიერ ატომური იარაღის დათმობის სანაცვლოდ და რომ ეს გარანტია არაერთხელ დაირღვა; 2008 წლის გლობალური ფინანსური კრიზისის შემდგომი იმედგაცრუებიდან და კოვიდის კრიზისის დროს სამედიცინო მასალებსა და ვაქცინებზე ქვეყნებს შორის კონკურენციიდან. ალენ ბერსემ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე შეკრებილ პოლიტიკოსებს შეახსენა, რომ „შიშის გავრცელების ფონზე, ცარიელი ადგილები დეზინფორმაციამ ამოავსო“.

ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ფიქრობს, რომ დიდი მოთამაშეების დაპირისპირებაზე არასწორი რეაქცია შესაძლოა დამაზიანებელი იყოს ევროპისთვის:

“ევროპას ეუბნებიან, რომ მძიმე ძალის ეპოქაში საერთაშორისო სამართალზე დაჟინება გულუბრყვილობაა, რომ უსაფრთხოებისთვის წესები უნდა დაირღვეს. მაგრამ, შეხედეთ, ამას საით მივყავართ. ჩვენ გვესმის წევრი ქვეყნის ტერიტორიის მიმართ სამხედრო მოქმედებების მუქარა“, - ბერსეს სიტყვებით, ევროპამ არ უნდა გააკეთოს არჩევანი კანონსა და უსაფრთხოებას შორის და ის, რაც სხვა რეგიონებში ხდება, არ უნდა იქცეს მოდელად ევროპისთვის, არამედ ევროპის წინსვლის გზა დემოკრატიულ უსაფრთხოებაშია:

“კანონი ევროპის მართვის ფორმაა. ეს ქმნის ავტონომიას დომინაციის გარეშე, თანამშრომლობას დაქვემდებარების გარეშე და უსაფრთხოებას დანებების გარეშე”.

ბერსე ლაპარაკობს ევროპის გზაგასაყარზე:

“ევროპა კიდევ ერთხელ დადგა ორი შესაძლო სამყაროს არჩევის წინაშე. ერთში უსაფრთხოება დაყვანილია ძალამდე და სუვერენიტეტი მოლაპარაკების საგნად იქცა. მეორეში კი უსაფრთხოება ეფუძნება უფლებებს, ინსტიტუტებსა და კანონს”.

ალენ ბერსეს თქმით, საჭიროა არსებულ ხმაურში გაღწევა და უკრაინაში მშვიდობის მიღწევაზე, ევროპის საკანონმდებლო ჩარჩოს დაცვაზე ევროპის ყურადღების შენარჩუნება. ბერსემ ასამბლეის სხდომაზე შეკრებილ კანონმდებლებს შეახსენა, რომ ევროპა არ არის სუსტი:

“საშუალო ქვეყნები უძალოები არ არიან… დიდ მოთამაშეებს შორის სივრცე არ არის ცარიელი. სწორედ იქ არის ევროპის სამოქმედო ასპარეზი. გრენლანდიასა თუ ვენესუელაში არსებული ვითარება არ შეიძლება ორ არჩევანამდე - სტერილურ დაგმობამდე და ბრმა მხარდაჭერამდე დაიყვანო… ევროპას სხვა ამოცანა აქვს. ეს არის გამონაკლისებით, ორმაგი სტანდარტებით ან გავლენის სფეროებს შორის კონკურენციით მართულ მსოფლიოზე უარის თქმა და იმის დაჟინება, რომ უსაფრთხოება ვერ დაშენდება იმ პრინციპებით ვაჭრობაზე, რომლებსაც ის ეფუძნება”.

ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა ასამბლეის ზამთრის სხდომაზე გამოსვლისას ილაპარაკა ევროსაბჭოს ძალისხმევაზე: დაიცვას ევროპული ღირებულებები, არსებითად დაეხმაროს უკრაინას, ებრძოლოს დეზინფორმაციას და გაუმკლავდეს მიგრაციის საკითხები ადამიანის უფლებებზე ევროპული კონვენციის ფარგლებში:

“დემოკრატიული უსაფრთხოება არის ჩვენი კონტინენტის პასუხი მსოფლიო წესრიგზე, რომელიც ახლა ყალიბდება”.

26 იანვარს სტრასბურგში გაიხსნა და 30 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია.


ფორუმი

XS
SM
MD
LG