კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, დედაქალაქში სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაშავდა. კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ცნობით, ქალაქის სხვადასხვა რაიონში ხანძრები გაუჩნდა კერძო სახლებს, საწყობებს და მაღაზიას.
განახლება: დილის ცხრა საათისთვის უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურმა სოციალური ქსელებით გაავრცელა ცნობა, რომ კიევში დაღუპულთა რიცხვი ორამდე გაიზარდა. დედაქალაქის ოთხ რაიონში დაზიანებულია ათამდე კერძო სახლი. ხანძრები გაჩნდა სასაწყობე და არასაცხოვრებელ შენობებში.
კიევის ოლქი
კიევის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ტიმურ ტკაჩენკოს ინფორმაციით, ვიშგოროდის რაიონში დანგრეულია კერძო სახლი. მის ნანგრევებში მაშველებმა ბავშვის ცხედარი იპოვეს. დაშავებულია კიდევ სამი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი.
კიევის ოლქის ამ რაიონში დაზიანებულია სახლები. გაჩნდა ხანძრები. ინფრასტრუქტურის ობიექტები დაზიანდა ბუჩის და ობუხოვის რაიონებშიც.
- ბოლო ხანს რუსეთის ჯარები კიევს და კიევის ოლქს ყოველდღე უტევენ.
- რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ყოველ ჯერზე აცხადებს, რომ სამხედრო მიზნებით გამოყენებულ ობიექტებს დაარტყეს და არაფერს ამბობს მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლსა და სამოქალაქო ობიექტების განადგურებაზე.
ფორუმი