Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინის მადა - რამდენად რეალურია ახალი ომის საფრთხე ევროპაში?

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი. ილუსტრირებული ფოტო
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი. ილუსტრირებული ფოტო

პუტინი ამბობს, რომ ევროპაზე თავდასხმას არ აპირებს, თუმცა ნათქვამის საწინააღმდეგოდ, კრემლი სულ უფრო ხშირად ემუქრება ბალტიის ქვეყნებსა და პოლონეთს. ნატოს წევრ სახელმწიფოებშიც ღიად საუბრობენ რუსეთის შესაძლო აგრესიაზე. რამდენად რეალურია ახალი ომის საფრთხე და რამ შეიძლება შეაჩეროს პუტინი?

2026 წლის გაზაფხულიდან მოყოლებული ვლადიმერ პუტინი მანტრასავით იმეორებს, რომ “რუსეთი ევროპაზე თავდასხმას არ აპირებს”. პუტინმა ჯერ ეს 9 მაისს თქვა, შემდეგ ივნისის დასაწყისში, ორჯერ სექტემბრის პირველ ნახევარში და კიდევ ერთხელ 25 სექტემბერს პეტერბურგში, სადაც კომენტარი გააკეთა ესტონეთის თავდაცვის მინისტრის, გენერალ მარტინ ჰერემის (Martin Herem) განცხადებაზე, რუსეთის შესაძლო თავდასხმის შესახებ.

„მინდა კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი: ჩვენ არ ვემზადებით არანაირი საბრძოლო მოქმედებებისთვის ევროპასთან. ჩვენ ასეთი გეგმები არ გვაქვს. და რაც ყველაზე მთავარია, არ არსებობს საფუძველი - არანაირი რეალური მოტივი ევროპასთან ვითარების გამწვავებისთვის, ვინც არ უნდა რამე თქვას, მათ შორის ბალტიისპირეთის ქვეყნებიდანაც“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

"ბირთვული საფრთხის სიბრტყე" და "აშკარა ტექნიკური შეცდომა"

თუმცა, სანამ პუტინი ამშვიდებს საზოგადოებას, მაღალი რანგის რუსი მოხელეები, დიპლომატები და სახელმწიფო მედიის წარმომადგენლები სულ უფრო ხშირად ემუქრებიან ევროპას, პირველ რიგში კი ბალტიის ქვეყნებს. იმავე 25 სექტემბერს, სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო “რია ნოვოსტიმ” („РИА Новости“) გამოაქვეყნა სვეტი სათაურით: „რუსეთს ელის კიდევ ერთი სპეციალური სამხედრო ოპერაცია (СВО) - რომელიც ძალიან ხანმოკლე იქნება“.

სვეტის ავტორი, ალექსანდრე ნასოვიჩი ლიეტუვაში ბირთვული იარაღის განთავსების შესაძლებლობაზე მსჯელობისას წერს:

“რაკიღა საუბარი გადავიდა ბირთვული საფრთხის სიბრტყეში, ლიეტუვასთან ომისთვის რუსეთს ეყოფა შესაბამისი მუხტის მქონე რაკეტებიც. <…> რუსეთს შეუძლია თავს უფლება მისცეს, უარი თქვას სახმელეთო კონტინგენტის შეყვანაზეც კი - მხოლოდ შესაბამისი მუხტის მქონე რაკეტები.“

თუმცა ეს ტექსტი მალევე წაშალეს საიტიდან, გამოქვეყნებიდან ორ დღეში კი საინფორმაციო სააგენტო „როსსია სეგოდნიას“ („Россия сегодня“) გენერალურმა დირექტორმა, დმიტრი კისილიოვმა პუბლიკაცია ახსნა „აშკარა ტექნიკური შეცდომით“. მისი თქმით, ტექსტი ეწინააღმდეგება სააგენტოს სარედაქციო პოლიტიკას. კისილიოვმა მესვეტეს „ახალგაზრდა შტატგარეშე ავტორი“ უწოდა, მიუხედავად იმისა, რომ ალექსანდრე ნასოვიჩი სათავეში უდგას კალინინგრადის გამოცემა RuBaltic.ru-ს და რუსეთის საგარეო და თავდაცვის პოლიტიკის საბჭოს წევრია.

დმიტრი კისილიოვი
დმიტრი კისილიოვი

"მეორე მსოფლიო ომის გაკვეთილები"

ექსპერტთა შეფასებით, ალექსანდრ ნოსოვიჩის სვეტის გამოქვეყნების საბაბი გახდა ლიეტუვის სეიმის 2026 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც სეიმმა მხარი დაუჭირა ლიეტუვაში ბირთვული იარაღის განთავსებაზე კონსტიტუციური აკრძალვის გაუქმებას. საბოლოო კენჭისყრა 2027 წლის იანვარში გაიმართება, თუმცა კრემლი უკვე ემუქრება ლიეტუვას.

„თუ ქვეყნის [ლიეტუვის] ტერიტორიაზე იქნება ბირთვული იარაღი, რომელიც ჩვენკენ იქნება მომართული, შესაბამისად, ამ ქვეყნის ტერიტორიაც მოექცევა ჩვენი ბირთვული იარაღის სამიზნეში“, - განაცხადა პუტინის პრეს-მდივანმა, დიმიტრი პესკოვმა.

ოფიციალურად მოსკოვი ყოველთვის უარყოფს ევროპაზე თავდასხმის შესაძლებლობას, თუმცა მოსკოვი ასევე უარით უპასუხებს ხოლმე ევროპელების მცდელობებს განიმუხტოს დაძაბულობა. ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის კულუარებში, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იოჰან ვადეფული უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ პირველად შეხვდა სერგეი ლავროვს. Associated Press-ის ცნობით, გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მოუწოდა მოსკოვს, უარი თქვას ევროპის მიმართულებით ესკალაციის საშიშ გზაზე. პასუხად, ლავროვმა განაცხადა, რომ ახალი არაფერი თქმულა, ხოლო გენ. ასამბლეის ტრიბუნიდან კანცლერ ფრიდრიხ მერცს უსაყვედურა იმის გამო, რომ გერმანია კვლავ ევროპის წამყვან სამხედრო სახელმწიფოდ გადაქცევას ცდილობს.

„ევროპასთან ომს ჩვენ არ ვაპირებთ, ეს სისულელე და აბსურდია. მაგრამ სწორედ ევროპა ემზადება ჩვენთან ომისთვის! <…> ხომ არ დაავიწყდა ბერლინს მეორე მსოფლიო ომის გაკვეთილები?“ - იკითხა სერგეი ლავროვმა.

თუმცა, ექსპერტთა დაკვირვებით, თუ მოსკოვი ბერლინთან ჯერ კიდევ ჯდება მოლაპარაკებების მაგიდასთან, ვარშავასთან მხოლოდ მუქარის ენით საუბრობს. სულ ცოტა ხნის წინ საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღება მიიპყრო პოლონეთისა და რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების უკიდურესად კონფრონტაციულმა განცხადებებმა.

„რუსეთი რომ თავს დაგვსხმოდა და ხელთათმანები გაგვეხადა, ვფიქრობ, რუსეთს საკმაოდ სწრაფად დავამარცხებდით. ჩვენ გვაქვს აშკარა უპირატესობა ჰაერში“, - თქვა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ, რომელმაც “ჩვენ“-ში იგულისხმა ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი (NATO). სიკორსკის თქმით, „თუ უკრაინამ ნახევარ წელიწადში მწყობრიდან გამოიყვანა რუსული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების ნახევარი, მოკავშირეები დანარჩენ ნახევარს ექვს კვირაში გაუმკლავდებოდნენ”.

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს რამდენიმე დღეში უპასუხა პუტინის თანაშემწემ და ФСБ-ს ყოფილმა უფროსმა, ნიკოლაი პატრუშევმა, რომელმაც გამოცემა “არგუმენტი ი ფაკტი“ („Аргументы и факты“) ინტერვიუში პოლონელი მინისტრის შეფასებას დილეტანტური უწოდა:

„რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში პოლონეთის ჩართვის შემთხვევაში, ჩვენი ქვეყანა გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ძალასა და საშუალებას, ხოლო პოლონური სახელმწიფოებრიობა არსებობას შეწყვეტს 2-3 დღეში.“

სიკორსკიმ კვლავ უპასუხა პატრუშევს, რუსი გენერლები პოლონეთს ბირთვული ომით უკვე 20 წელია ემუქრებიანო.

მოსკოვის "დათქმები"

ექსპერტთა დაკვირვებით, როდესაც რუსეთის ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენელი, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, ამბობს, რომ მოსკოვი არ აპირებს ევროპასთან ომს, ის ყოველ ჯერზე აკეთებს დათქმას.

„აი, იმ შემთხვევაში, თუ ისინი დაგვესხმიან თავს (რადგან ჩვენ არ ვაპირებთ), როგორც პრეზიდენტმა თქვა, ჩვენც არ დავახანებთ. და კიდევ, ერთხელ მან [პუტინმა] თქვა, რომ ეს იქნება სულ სხვა ომი და ის იქნება ძალიან ხანმოკლე“, - განაცხადა სერგეი ლავროვმა

ექსპერტთა თქმით, რუსეთის მხრიდან მსგავსი დაპირებები, რომ პირველი არ დაესხმებიან თავს, კეთდებოდა 2021 წელსაც, როდესაც რუსეთი თავის ჯარებს უკრაინის საზღვართან უყრიდა თავს. მაშინ პუტინი დასავლეთის გაფრთხილებებს „ალარმიზმს“ უწოდებდა და მიანიშნებდა, რომ ვიღაც სპეციალურად ავრცელებდა ჭორებს. უკრაინაში შეჭრამდე 9 დღით ადრე კი, შეკითხვაზე, სურს თუ არა რუსეთს ომი, ვლადიმირ პუტინმა უპასუხა: „რა თქმა უნდა, არა“.

უკვე 2022 წლის 24 თებერვალს კი, როცა მიღებული იქნა ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის (СВО) დაწყების გადაწყვეტილება, პუტინმა უკრაინაში შეჭრის მიზნად იმ ეთნიკური რუსების დაცვა დაასახელა, რომლებიც, მისი სიტყვებით, რვა წლის განმავლობაში განიცდიდნენ გენოციდს კიევის მხრიდან.

ბალტიელი თაგვები და ბირთვულბრჭყალებიანი რუსი კატა

ბოლო დროს პუტინი სულ უფრო ხშირად ადანაშაულებს ბალტიის ქვეყნებს ასევე რუსულენოვანი მოსახლეობის შევიწროებაში, რაც ზოგიერთ დამკვირვებელს აფიქრებინებს, რომ კრემლი მორიგი „სპეციალური ოპერაციისთვის“ ემზადება.

პუტინი აცხადებს, რომ რუსეთმა იცის ბალტიის ქვეყნებში რუსულენოვანი მოსახლეობის უფლებების დარღვევის შესახებ და ესმის, როგორ უნდა იმოქმედოს: „ჩვენ უკვე ვიცით, როგორ ვუპასუხოთ. ამ საკითხთან დაკავშირებით გარკვეული მიდგომა შევიმუშავეთ. ვრეაგირებთ ჰუმანიტარული თვალსაზრისით და საერთაშორისო სამართლის ფარგლებში“.

„ამერიკის ხმის“ რუსული რედაქციის ანალიტიკოსის, ალექს გრიგორიევის თქმით, რუსული პროპაგანდა მრავალი წლის განმავლობაში ახდენს დასავლელი მეზობლების დემონიზებას - ადანაშაულებს ბალტიის ქვეყნებს რუსოფობიაში, ნაციზმსა და რუსულენოვანი მოსახლეობის დისკრიმინაციაში. ზოგჯერ ასეთ განცხადებებს სერიოზული სკანდალიც მოჰყვება ხოლმე. მაგალითად, 2007 წელს ესტონეთში საბჭოთა ძეგლის („ბრინჯაოს ჯარისკაცის“) გადატანამ დიდი დაპირისპირება გამოიწვია. თითქმის ყველა ასეთ კონფლიქტში მონაწილეობდნენ რუსეთის წარმომადგენლები, რუსეთის ხელისუფლება გმობდა ბალტიის ქვეყნების მთავრობების პოლიტიკას და ფარულ სანქციებს აწესებდა, ხოლო სხვადასხვა რუსული პოლიტიკური და კერძო სტრუქტურა საპროტესტო აქციებსა და ბოიკოტებს აწყობდა.

2023 წელს რუსეთის პროპაგანდის ერთ-ერთმა მთავარმა წარმომადგენელმა და სახელმწიფო ტელეარხ „როსია 1“-ის პოლიტიკური გადაცემის წამყვანმა ვლადიმირ სოლოვიოვმა განაცხადა, „რუსეთმა სულ ტყუილად გაათავისუფლა ყოფილი გუბერნიები, რომლებმაც შექმნეს გაავებულ ყოფილ გუბერნიათა კავშირი“-ო. სალავიოვმა ისიც დაამატა, რომ ბალტიის ქვეყნებს „დედა-რუსეთში დაბრუნება სურთო“. იმავე 2023 წელს დმიტრი მედვედევმა გამოიყენა გამოთქმა „დროებით ოკუპირებული პოლონეთი და ბალტიისპირეთის ჩვენი პროვინციები“ და განაცხადა, რომ ნატოს ქვეყნები, რომლებიც უკრაინას ეხმარებიან, რუსეთის დარტყმების კანონიერი სამიზნეები არიან.

2026 წლის მაისში გაზეთ „როსიისკაია გაზეტას“ ინტერვიუ მისცა რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ ნიკოლაი პატრუშევმა, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის დირექტორი და რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი იყო. მან ვითარება ასე აღწერა: „ბალტიისპირელი თაგვები ბირთვული ბრჭყალების მქონე კატას ულვაშებზე ქაჩავენ“.

ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში რუსეთის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა ბალტიის ქვეყნების წინააღმდეგ ბრალდებების მთელი სერია წამოაყენეს: თითქოს უკრაინული დრონები რუსეთის ობიექტებზე თავდასხმებისთვის ლატვიის, ლიეტუვისა და ესტონეთის საჰაერო სივრცეს იყენებენ და სამივე რესპუბლიკამ საკუთარ ტერიტორიაზე უკრაინელი დრონების ოპერატორების ყოფნა დაუშვა. ბალტიის ქვეყნებმა მოსკოვის ეს განცხადებები უარყვეს და გამოთქვეს შეშფოთება, რომ ინფორმაციული პროვოკაციები შესაძლოა ომის დაწყების საბაბად გამოიყენონ.

2026 წლის 29 მაისს პუტინმა განაცხადა, რომ ლატვია რუსეთისთვის კანონიერი სამხედრო სამიზნე გახდება, თუ უკრაინის შეიარაღებული ძალები დრონებს მისი ტერიტორიიდან გაუშვებენ. მან ასევე თქვა, რომ რუსეთს ბალტიის ქვეყნების „მიწასთან გასასწორებლად“ ყველა საჭირო საშუალება აქვს.

ბალტიის ქვეყნებზე, პოლონეთსა და ნატოს სხვა სახელმწიფოებზე რუსეთის შესაძლო თავდასხმის შესახებ გაფრთხილებებს დასავლელი პოლიტიკოსები და სადაზვერვო სამსახურები ავრცელებენ. რუსეთის ოფიციალური წარმომადგენლები მსგავსი გეგმების არსებობას კატეგორიულად უარყოფენ, თუმცა ანალოგიურად იქცეოდნენ უკრაინაში შეჭრის წინაც.

2026 წლის თებერვალში მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციამ გამოაქვეყნა რისკების შესახებ ანგარიში, რომელშიც აღნიშნული იყო:

„მოსკოვის პროპაგანდისტული მანქანა უკრაინასთან ომს კვლავ წარმოაჩენს დასავლეთის ცივილიზაციურ დაპირისპირებად <…> რუსეთს შეუძლია, უკრაინაში ცეცხლის შესაძლო შეწყვეტიდან ორი წლის განმავლობაში აღიდგინოს ძალები ბალტიის რეგიონში ომის საწარმოებლად, ხოლო ერთ მეზობელ ქვეყანასთან ლოკალური ომისთვის მზადყოფნის აღსადგენად ექვსი თვე დასჭირდება“.

2026 წლის ივნისში ნორვეგიულმა მედიამ, დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთი ახალ სამხედრო ბაზებს აშენებს და, რომ ბალტიისა და სკანდინავიის ქვეყნებთან მოსაზღვრე ტერიტორიებზე გარნიზონების რაოდენობას ზრდის.

„დაბალი, მაგრამ მზარდი რისკი"

ბოლო თვეებში ევროპის არაერთი ქვეყნის ლიდერი და სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელი გამოთქვამდა შეშფოთებას რუსეთისგან მომდინარე ჰიბრიდულ საფრთხეებთან დაკავშირებით. მათი უმრავლესობის აზრით, რუსეთის მიზანი მნიშვნელოვანი ტერიტორიების დაპყრობა კი არ არის, არამედ, უპირველეს ყოვლისა, იმის დემონსტრირება, რომ ნატო ევროპული უსაფრთხოების გარანტორის ფუნქციას ვერ ასრულებს. გარდა ამისა, ასეთ ვითარებაში უკრაინის მოკავშირეები უპირატესობას საკუთარი უსაფრთხოების გაძლიერებას მიანიჭებენ და არა კიევის მხარდაჭერას.

სხვა ვერსია გაახმოვანა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ - 2026 წლის 13 აგვისტოს ტელეკომპანია CNN-თან ინტერვიუში მან თქვა, რომ პუტინმა „არ იცის, როგორ დაასრულოს ეს ომი ფართომასშტაბიანი ოკუპაციის ან საკუთარი საზოგადოებისთვის დიდი გამარჯვების მოპოვების გარეშე. უფრო ადვილია, იპოვოს რომელიმე პატარა ქვეყანა... მისთვის მნიშვნელობა არ ექნება, ეს ქვეყანა ნატოს წევრია თუ არა. პუტინს სწრაფი გამარჯვება სურს და ასპროცენტიანი დარწმუნებულია, რომ გაიმარჯვებს, ოკუპაციას მოახდენს, გაანადგურებს ან კონტროლს დაამყარებს მასზე“.

2026 წლის 12 სექტემბერს დმიტრი მედვედევმა ირიბად დაადასტურა, რომ რუსეთის უმაღლეს ხელმძღვანელობაში ამ თემას, სულ მცირე, განიხილავენ:

„მათ [ლიეტუვას] არავინ გამოესარჩლება. თუნდაც იქ გადამწვარი მიწა დარჩეს, არცერთი სხვა ქვეყანა მათ გამო არ იომებს. ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ცნობილი V მუხლიც არ ამოქმედდება - ამას ყველა აღიარებს. იმიტომ, რომ მისი ამოქმედება გლობალური, პლანეტარული კატასტროფა იქნება. ისინი ხომ სულელები არ არიან. მაგრამ ლიეტუვა მსოფლიოს რუკიდან გაქრება“.

21 სექტემბერს ჩეხეთის სადაზვერვო სამსახურის (BIS) ხელმძღვანელმა მიხალ კუდელკამ გაზეთ The Guardian-თან ინტერვიუში არ გამორიცხა, რომ უახლოეს თვეებში რუსეთმა შეიძლება შეზღუდული მასშტაბის შეჭრა განახორციელოს ნატოს წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე ან სხვა სახის პროვოკაცია მოაწყოს.

24 სექტემბერს დანიის სამხედრო დაზვერვის (FE) ხელმძღვანელმა ტომას არენკილმაც განაცხადა, რომ არსებობს „დაბალი, მაგრამ მზარდი“ რისკი იმისა, რომ რუსეთმა რაიმე ფორმით შეუტიოს ნატოს წევრ სახელმწიფოს. ეს შეიძლება იყოს, მაგალითად, „შეიარაღებული ძალების გადასროლა ნატოს წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე, რუსეთის მოსაზღვრე მცირე მონაკვეთზე“.

იოლი სამიზნეები?

რუსეთის ხელისუფლება არ მალავს უარყოფით დამოკიდებულებას სხვადასხვა ს დასავლური ალიანსის, უპირველეს ყოვლისა კი ნატოს მიმართ და აცხადებს, რომ აუცილებელია ისეთი მრავალპოლუსიანი მსოფლიო წესრიგის შექმნა, რომელშიც რუსეთს შესაძლებლობა ექნება, საერთაშორისო ნორმებისა და წესების გაუთვალისწინებლად აწარმოოს ექსპანსიონისტური საგარეო პოლიტიკა.

2026 წლის სექტემბერში ვაშინგტონში მოქმედმა ომის შემსწავლელმა ინსტიტუტმა (ISW) რუსეთის გრძელვადიანი სტრატეგიის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, რუსეთისთვის დიდი სახელმწიფოს სტატუსის შენარჩუნება მოითხოვს უკრაინისა და ბელარუსის დამორჩილებას, ასევე პოსტსაბჭოთა სახელმწიფოებზე, უპირველესად კი ბალტიის ქვეყნებსა და მოლდოვაზე, დომინირებას: „კონკრეტული მიზანია, ბალტიის ქვეყნები და პოლონეთი დანარჩენ ევროპას გამოეყონ, რათა მათ ჩამოერთვათ ნატოსა და ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებული დაცულობა და უპირატესობები“.

მოსკოვის თვალსაზრისით, რასაც ბევრი რუსი კომენტატორი იმეორებს რეგულარულად, ბალტიის ქვეყნები სამხედრო ჩარევისთვის შედარებით იოლ სამიზნეებს წარმოადგენენ. სამი რესპუბლიკის მოსახლეობა და, შესაბამისად, მათი შეიარაღებული ძალების რაოდენობაც მცირეა. მათ არ აქვთ საკმარისი ძალები, საშუალებები და სივრცე თავდაცვის ღრმა ეშელონების შესაქმნელად. ამასთან, ამ უპირატესად დაბლობი რეგიონის მნიშვნელოვანი ნაწილის რელიეფიც თავდასხმისთვის უფრო ხელსაყრელია, ვიდრე თავდაცვისთვის. ამას ემატება ისიც, რომ სამივე ქვეყანაში ცხოვრობენ მნიშვნელოვანი რაოდენობის რუსულენოვანი თემები, რომლებსაც მოსკოვი ტრადიციულად ლოიალურად მიიჩნევს.

რუსეთში „ბალტიისპირეთის" დაბრუნების მოწოდებები მეოთხედი საუკუნეა ისმის. 2014 წელს, ყირიმის ანექსიის შემდეგ კი გამოჩნდა პუბლიკაციები, რომელთა ავტორებიც გამოთქვამდნენ ვარაუდს, რომ რუსეთის შემდეგი სამიზნე ბალტიის ქვეყნები გახდებოდა. უცნაური დამთხვევით, სოციალურ ქსელებში გავრცელდა მასალები „ნარვის სახალხო რესპუბლიკის“ შესახებ, რომელიც რუსეთს დახმარებისკენ მოუწოდებდა (ნარვა - ქალაქი ესტონეთში უპირატესად ეთნიკური რუსებით დასახლებული - რ.თ.).

ბალტიის სამი რესპუბლიკა (ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი), პოლონეთი და, ბოლო პერიოდიდან, შვედეთი და ფინეთიც ნატოს ბლოკის წევრები არიან. ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ამ რეგიონში ახორციელებს რუსეთის შესაძლო აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიას. თუმცა ბალტიის ქვეყნებში მოკავშირეთა ჯარების კონტინგენტების რაოდენობა კვლავ მცირეა, ხოლო ნატოს სწრაფი რეაგირების ძალები, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში ბალტიის ქვეყნებს დახმარებას უნდა გაუწევენ, ჯერ კიდევ ფორმირების ეტაპზეა. რუსეთის საზღვართან გამაგრებითი ნაგებობების მშენებლობის პროცესიც ჯერ არ დასრულებულა.

ბალტიის ქვეყნები რუსეთის ერთადერთი შესაძლო სამიზნე არ არის. 2026 წლის 28 აგვისტოს ამერიკულმა გამოცემა Politico-მ გამოაქვეყნა მასალა შპიცბერგენის შესახებ:

„იზრდება შეშფოთება, რომ მოსკოვმა შესაძლოა ეს უზარმაზარი არქტიკული არქიპელაგი (ნორვეგიის ტერიტორია განსაკუთრებული სამართლებრივი სტატუსით) ნატოს სიმტკიცის შესამოწმებლად გამოიყენოს, იმ ფონზე, როდესაც სულ უფრო მეტი გაურკვევლობა არსებობს, რამდენად მზად არის აშშ ევროპის თავდაცვის უზრუნველსაყოფად“.

რა შეაჩერებს პუტინს?

პოლიტოლოგებისთვის აშკარაა, რომ პუტინი დასავლეთთან და უკრაინასთან დაპირისპირების ახალ ეტაპზე გადადის, კრემლის საშინაო პოლიტიკა კი სულ უფრო მეტად ემორჩილება ომის საჭიროებებს.

რა დგას რუსეთის ხელისუფლების განცხადებების მიღმა და მოსალოდნელია თუ არა რუსეთის მხრიდან ახალი სამხედრო ესკალაცია? პოლიტოლოგ სერგეი შელინს არ ჰგონია, რომ რუსეთის მაღალჩინოსნების მრავალრიცხოვანი განცხადებები უკვე მიღებული კონკრეტული გეგმის გადმოცემა იყოს.

„რუსეთში გადაწყვეტილებებს მხოლოდ ერთი ადამიანი იღებს და ეს ნამდვილად არ არის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი. არ არსებობს არანაირი ნიშანი იმისა, რომ პუტინმა ლიტვაზე თავდასხმა გადაწყვიტა. სხვა საქმეა, თუ ის ამას მიზანშეწონილად და მომგებიანად ჩათვლის. მას ასეთი გადაწყვეტილების მიღება ნამდვილად შეუძლია და, ყოველი შემთხვევისთვის, ამისთვისაც ემზადება. არ მგონია, რომ ეს პირდაპირ ახლა, 2026-2027 წლების შემოდგომა-ზამთრის სეზონზე იყოს შესაძლებელი. უფრო შორეულ პერსპექტივაში კი არაფერს გამოვრიცხავ“, - უთხრა პოლიტოლოგმა რადიო თავისუფლების რუსულ რედაქციას.

სერგეი შელინი
სერგეი შელინი

მისი თქმით, რუსეთის მოქალაქეების უმრავლესობა ომით დაიღალა და მისი გაგრძელების სურვილს არ გამოხატავს, თუმცა მოქალაქეების აზრი რუსეთში არც არავის აინტერესებს.

„პუტინზე მათი შეხედულება არანაირ გავლენას არ ახდენს. როგორც ის გადაწყვეტს, ისე იქნება. თუ მობილიზაციის გამოცხადება გახდება საჭირო, მიუხედავად იმ საშინელებისა, რასაც ეს გადაწყვეტილება იწვევს, მობილიზაცია ჩატარდება. თუ რომელიმე ქვეყანაზე თავდასხმის გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ესე იგი, თავს დაესხმებიან კიდეც. ვფიქრობ, პუტინის შეჩერების ერთადერთი გზა ისაა, რომ მზად იყო მის შესაჩერებლად. შექმნილი ვითარებიდან რაიმე ნორმალური გამოსავლის შეთავაზება ნიშნავს, ცდილობ პუტინში დაინახო ნორმალური ტიპის პოლიტიკოსი, რომელიც ასეთ გამოსავალს ეძებს. მაგრამ ის კონფლიქტიდან გამოსვლას სულაც არ ცდილობს. პუტინი კონფლიქტს მხოლოდ იმ შემთხვევაში არ დაიწყებს, თუ დარწმუნდება, რომ ამ კონფლიქტში დამარცხდება. ამიტომ, რაც უფრო მეტად გაერთიანდება ევროპული და დასავლური საზოგადოება და რაც უფრო მზად იქნება პუტინისთვის წინააღმდეგობის გასაწევად, მით უფრო მცირე იქნება იმის ალბათობა, რომ ეს კონფლიქტი დაიწყება. თუმცა ამ ალბათობის ნულამდე დაყვანა შეუძლებელია”, - მიიჩნევს პოლიტოლოგი სერგეი შელინი.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

ფორუმი

​
XS
SM
MD
LG