Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეროვნული ბანკი სესხის გაცემის პირობებს ამკაცრებს

საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა სესხის გაცემის პირობების გამკაცრება გადაწყვიტა.

ცვლილება ეხება სესხის მომსახურების კოეფიციენტს, რომელიც აჩვენებს, მსესხებლის ყოველთვიური შემოსავლის რა ნაწილი შეიძლება მოხმარდეს სესხების გადახდას.

თუ აქამდე 25%-იანი ზღვარი 1 500 ლარამდე შემოსავლის მქონე პირებზე ვრცელდებოდა, 2027 წლის 1 თებერვლიდან ეს ზღვარი 2 000 ლარამდე, ხოლო 1 სექტემბრიდან 2 500 ლარამდე გაიზრდება.

მაგალითად, 2 000 ლარის თვიური შემოსავლის შემთხვევაში 25% არის 500 ლარი, ანუ სესხების ყოველთვიური გადასახდელი ჯამში 500 ლარს არ უნდა აღემატებოდეს.

ეროვნული ბანკი ცვლილებას ბოლო წლებში ხელფასებისა და „სხვა ნომინალური მაჩვენებლების“ ზრდით ხსნის. უწყების შეფასებით, ძველი ფიქსირებული ზღვრები მსესხებლების შემოსავლებისა და ვალის ტვირთის მიმდინარე მდგომარეობას სათანადოდ ვეღარ ასახავდა.

„აღნიშნული ცვლილება ხელს უწყობს მსესხებლების ჭარბვალიანობის რისკების შერბილებასა და ფინანსური სისტემის მდგრადობას“, - ამბობენ ეროვნულ ბანკში.

ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსის, დავით უტიაშვილის განცხადებით, საჭიროა არსებული ზღვრის აწევა, რადგან „საშუალო ხელფასი დაახლოებით 2500 ლარს უახლოვდება“. მისივე თქმით, უწყების მიზანია, დაბალშემოსავლიან მოქალაქეებს დააწვეს მხოლოდ ისეთი ვალის ტვირთი, რომლის მომსახურებასაც ფინანსური სირთულეების გარეშე შეძლებენ.

ფორუმი

​
XS
SM
MD
LG