სოფელ ველისციხის სკოლაში, რომელშიც 550-მდე მოსწავლე და 50-მდე პედაგოგი ირიცხება, სწავლა 18 სექტემბერს შეწყდა. როგორც რადიო თავისუფლებას აქციის მონაწილეებმა უთხრეს, 17 სექტემბრის საღამოს შეატყობინეს, რომ სკოლა სარემონტოდ დაიხურა, სწავლა კი ონლაინ ფორმატში გაგრძელდებოდა.
"ეს იყო სრულიად მოულოდნელი, რადგან მანამდე ამაზე ლაპარაკიც კი არ ყიფილა. ონლაინ სწავლებაზე გადაგვიყვანეს, ისე რომ, ამისთვის ტექნიკურად არც ჩვენ ვიყავით მზად და არც სკოლა. ვერ შევდივართ ონლაინ კლასში, ხან ამის მიზეზი ტექნიკაა, ხან ინტერნეტი, ზოგჯერ თავად ის პროგრამა (თიმსი) არ მუშაობს სადაც გაკვეთილები ტარდება” - უთხრა რადიო თავისუფლებას აქციის მონაწილე მშობელმა ცირა ყიყინაშვილი.
კიდევ ერთი მშობლის თქმით, სკოლის შენობა არ არის ავარიული და მხოლოდ კოსმეტიკური რემონტი თუ ესაჭიროება.
“სკოლაში მოწესრიგებულია გათბობა, გამოცვლილია კარები და ფანჯრები. წყალმომარაგების პრობლემა არ დგას. მხოლოდ კოსმეტიკურ რემონტს საჭიროებს და შესაძლებელია ეს ზაფხულის დიდი არდადეგების დროს ჩატარდეს", - თქვა მოსწავლის მშობელმა თაკო ფუცარაშვილმა
“საერთოდ რის გაკეთებას აპირებენ, ამაზე სკოლას ოფიციალური არც დასკვნა მიუღია არც წერილი. სიტყვიერად გვითხრეს რომ სკოლის ეზოში მდებარე ძველი, შენობა უნდა დაინგრეს, ხოლო ამ სკოლაში უნდა ჩატარდეს რემონტი. ჩვენ გვეშინია რომ კოსმეტიკური რემონტის საბაბით წლების ვანმავლობაში აქ დაბრუნებას ვეღარ შევძლებთ. ამის ბევრი მაგალითი არსებობს. პროტესტი გაგრძელდება მანამდე, სანამ ჩვენი კოთხოვნა არ დაკმაყოფილდება",- უთხრა რადიო თავისუფლებას აქციის მონაწილე მშობელმა.
მშობლების მოთხოვნებს იზიარებენ მასწავლებლებიც. მათი თქმით, ონლაინსწავლება განათლების მისაღებად არაეფექტურია.
საპროტესტო აქციის გამართვამდე ორი საათით ადრე მოსწავლეთა მშობლებს და პედაგოგებს სკოლის ეზოში შეხვდა გურჯაანის მერი გიორგი მაჭავარიანი.
მან მშობლებს "ურჩია", რომ აქციის გამართვა არ იყო საჭირო, მათ მოთხოვნებს "ზემდგომებთან" მიიტანდა და "შეძლებისდაგვარად მოაგვარებდა".
გიორგი მაჭავარიანმა შეხვედრა მაშინვე დაასრულა, რაც ადგილზე რადიო თავისუფლების ჟურნალისტი მივიდა. მაჭავარიანმა კომენტარზეც, "ყელის ტკივილის" მიზეზით უარი თქვა და შეხვედრა დატოვა.
გურჯაანის მერისთვის გვინდოდა გვეკითხა, რა არის ველისციხის სკოლაში სასაწავლო პროცესის შეწყვეტის მიზეზი, რა სამუშაოები უნდა ჩატარდეს და რა ვადებში. რას სთავაზობს 550-მდე მოსწავლეს, სად და რა ფორმატში გააგრძელებენ სწავლას სამუშაოების დასრულდებამდე.
ველისციხის სკოლის მოსწავლეების მშობლებისა და მასწავლებლების აქცია რამდენიმე საათში იმ მოლოდინით დაიშალა, რომ ხვალ 1 ოქტომბერს გურჯაანის მერისგან მათთვის ხელსაყრელ ინფორმაციას მიიღებენ.
აქცია გაიმართა სოფელ ანაგაშიც
დღესვე, მცირერიცხოვანი საპროტესტო აქცია გაიმართა სიღნაღის რაიონის სოფელ ანაგაშიც. როგორც აქციის მონაწილებმა აღნიშნეს, მათი სკოლის შემთხვევაში არსებობს სამსახაურის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა. რომლის თანახმადაც საუბარია შენობის დემონტაჟზე.
აქციის მონაწილეებს მერიის წარმომადგენლები შეხვდნენ, შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ გაიმარება შეხვედრა, რომელზეც განიხილავენ დემონტაჟის ნაცვლად სკოლის შენობის რეაბილიტაციის შესაძლებლობას.
სოფელ ველისციხისა და ანაგის სკოლების მსგავსად, სულ მცირე, 14 საჯარო სკოლაში 15 სექტემბერს სწავლა დაიწყო, თუმცა ექსპერტიზის დასკვნების საფუძველზე დაიკეტა.
სკოლების შენობების ვარგისიანობაზე დასკვნის მომზადებისას ამ ხუთ კატეგორიას იყენებენ:
- I კატეგორია - შენობის ტექნიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ვარგისია უსაფრთხო ექსპლუატაციისათვის;
- II კატეგორია − შენობა დაზიანებულია, თუმცა საფრთხის შემცველი არ არის და რემონტი სჭირდება;
- III კატეგორია − შენობა (30%-მდე) დაზიანებულია, დაქვეითებულია მედეგობა და დროულ გამაგრებას საჭიროებს;
- IV კატეგორია − შენობა (30%-დან 50%-მდე) დაზიანებულია, ექსპლუატაცია საფრთხის შემცველია, გარეგანი ზემოქმედების შემთხვევაში მოსალოდნელია ცალკეული კონსტრუქციების მყისიერი ჩამოშლა, საჭიროა ევაკუაცია და დემონტაჟი ან გამაგრება;
- V კატეგორია − შენობა (50%-ზე მეტი) დაზიანებულია და დაუყოვნებლივ უნდა დაინგრეს.
საქართველოს მთავრობის იმ დადგენილებაში, რომელიც ავარიულობის კატეგორიებს განსაზღვრავს, არის ჩანაწერი, რომელიც ექსპერტს უფლებას აძლევს შენობას პირდაპირ მეოთხე კატეგორია მიანიჭოს, თუ მისი კონსტრუქცია სეისმურად გამართული არ არის.
განათლების სამინისტოს ზოგადი განმარტება
განათლების სამინისტრის მიერ 30 სექტემბერს გავრცელებული განცხადებით, საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიზანი მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის უსაფრთხო და თანამედროვე სასწავლო გარემოს შექმნაა.
უწყების განცხადებით, სკოლების ტერიტორიების გასხვისების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა, ხოლო სასწავლო პროცესის ალტერნატიულ სივრცეში გადატანა - დროებითი აუცილებლობა.
სამინისტრის განცადებით, სკოლების მდგომარეობა ინდივიდუალურად, ექსპერტული შეფასებების საფუძველზე განისაზღვრება. შენობისთვის IV კატეგორიის მინიჭება მის ექსპლუატაციასთან დაკავშირებულ საფრთხეებზე მიუთითებს, თუმცა ავტომატურად არ ნიშნავს ახალი სკოლის მშენებლობის აუცილებლობას.
გადაწყვეტილება ითვალისწინებს მოსწავლეთა და პერსონალის უსაფრთხოებასა და სასწავლო პროცესის უწყვეტობას. საჭიროების მიხედვით, სკოლაში ჩატარდება სარეაბილიტაციო სამუშაოები ან სასწავლო პროცესი ალტერნატიულ სივრცეში გაგრძელდება, პარალელურად კი დაიგეგმება შენობის სრული რეაბილიტაცია ან ახალი სკოლის მშენებლობა.
სამინისტრო ხაზს უსვამს, რომ სასკოლო ინფრასტრუქტურის განახლება სისტემურად და შესაბამისი უწყებებისა და ექსპერტების ჩართულობით მიმდინარეობს.
ფორუმი