სანქციები მოიცავს აქტივების გაყინვას, ბრიტანეთში შესვლის აკრძალვას, სატრასტო მომსახურების შეზღუდვასა და დირექტორის თანამდებობის დაკავების აკრძალვას.
მამუკა ფიფია პარტიის, „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ ლიდერია. ბრიტანეთის მთავრობა მიუთითებს, რომ მან საქართველოს პოლიტიკოსების დელეგაციას უხელმძღვანელა რუსეთის მიერ ოკუპირებულ დონეცკში, სადაც ისინი ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელს შეხვდნენ. ლონდონი ასევე აცხადებს, რომ ფიფია რუსულ დეზინფორმაციულ ნარატივებს ავრცელებდა.
გიორგი ირემაძე „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი და „საქართველოს ახალგაზრდა ევრაზიელთა კავშირის“ დამფუძნებელია. ბრიტანეთის ცნობით, ისიც იმ დელეგაციაში იყო, რომელიც დონეცკში დენის პუშილინს შეხვდა.
ნიკოლოზ მჟავანაძე „სეზონი TV-ს“ დამფუძნებელი იყო, დღეისთვის პორტალ Taonews-ის ხელმძღვანელია. სანქციების დასაბუთებაში ასევე მითითებულია მისი მონაწილეობა დონეცკში გამართულ შეხვედრაში და ვიზიტის შემდგომი საჯარო გაშუქება.
პაატა აბულაძე ბრიტანეთის დოკუმენტში მოხსენიებულია, როგორც ქართველი პოლიტიკური და სამხედრო მიმომხილველი, რომელიც ასევე მონაწილეობდა დონეცკში ვიზიტში. აბულაძე თბილისის მერისა და „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის დისქმარი, ანუ სიძეა.
ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელი დენის პუშილინი ირწმუნებოდა, რომ „დონეცკში ქართველ პოლიტიკოსებთან შეხვედრაზე მათ გადასცა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს რიგებში მებრძოლი ქართველი დაქირავებულების სია“.
ალან გაგლოევი, რომელიც 2022-2026 წლებში ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პრეზიდენტი იყო, ახლა ვლადიმირ პუტინის მრჩეველია. ბრიტანეთმა სანქციების მიზეზად რუსეთის მთავრობის მხარდაჭერა და პუტინის მრჩევლად მუშაობა მიუთითა.
მარატ კამბოლოვი 30 სექტემბრიდან ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პრეზიდენტია. თუმცა ბრიტანეთის სანქციების დოკუმენტში მისი ამჟამინდელი თანამდებობა სანქციების საფუძვლად არ არის დასახელებული: ლონდონი მიუთითებს მის საქმიანობაზე კურჩატოვის ინსტიტუტში 2015-2025 წლებში და ამ გზით რუსეთის მთავრობისგან სარგებლის მიღებაზე.
2024 წელს დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის ყოფილ დე ფაქტო პრეზიდენტს, ანატოლი ბიბილოვს. ლონდონის ცნობით, ის „მონაწილეობს ან მონაწილეობდა უკრაინის დესტაბილიზაციაში, ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის ან დამოუკიდებლობის რღვევაში და მისდამი მუქარაში”.
რას ამბობს კალაძის სიძე?
„1 ოქტომბერი „მომილოცა“ დიდმა ბრიტანეთმა. დამასანქცირა. ბრიტანეთის დედაც... მთელი ევროპის ზედ მიყოლებული, თავისი მთავრობითა და პარლამენტარებით... სულ გული მომდიოდა, ისეთ ხალხს ასანქცირებდნენ - „ტეხავდა“, მე რომ არ მასანქცირებდნენ... ჩემგან გადაეცით დიდი მადლობა. ამაზე დიდი „პადარკა“ ცოლის, მეუღლის დაბადების დღეზე, ტყუილად ნუ ეცდებით, ვერ გამიკეთებთ“, - თქვა პაატა აბულაძემ ფეისბუკლაივში, სანქცირების შესახებ ამბის გაგების შემდეგ.
საელჩოს განცხადება
საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს განცხადებით, ლონდონი „რუსეთის სანქციების რეჟიმის“ ფარგლებში სანქციას უწესებს 31 ფიზიკურ პირს, იურიდიულ პირსა და გემს იმ საქმიანობისთვის, რომელიც საფრთხეს უქმნის უკრაინის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და დამოუკიდებლობას.
„რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ უფრო ფართო ტენდენციის ნაწილია, რომელიც მისი მეზობელი ქვეყნების სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისო დონეზე აღიარებული საზღვრებისადმი უპატივცემულობაში გამოიხატება. მათ შორისაა საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის - ოკუპაციის გაგრძელება“, - აღნიშნავს საელჩო.
დიპლომატიური მისიის ცნობით, „დიდი ბრიტანეთი გმობს რუსეთის მცდელობებს, გაამყაროს საკუთარი უკანონო კონტროლი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებზე, მათ შორის 18 სექტემბერს სამხრეთ ოსეთში ჩატარებული ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნების“ და დე ფაქტო ანექსიისკენ გადადგმული შემდგომი ნაბიჯების მეშვეობით“.
„დიდი ბრიტანეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისო დონეზე აღიარებულ საზღვრებში და აგრძელებს რუსეთისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას მისი ქმედებების გამო“, - ნათქვამია განცხადებაში.
ბრიტანული სანქციები
დიდ ბრიტანეთს სანქციები დაწესებული აქვს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების არაერთი მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნის მიმართაც. 2024 წლის 19 დეკემბერს ფინანსური და სავიზო სანქციები დაუწესდათ მაშინდელ შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს, მის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძეს, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორ სულხან თამაზაშვილს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროს ზვიად ხარაზიშვილსა და მის მოადგილე მილერი ლაგაზაურს. ბრიტანეთის მთავრობის განმარტებით, სანქციების მიზეზი იყო ჟურნალისტებსა და მშვიდობიან დემონსტრანტებზე ძალადობრივი თავდასხმები და ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევები.
2025 წლის 10 აპრილს ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა კიდევ ოთხ მაღალჩინოსანს: გენერალურ პროკურორ გიორგი გაბიტაშვილს, შს მინისტრის მოადგილე შალვა ბედოიძეს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მირზა კეზევაძესა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროს კარლო კაციტაძეს. ლონდონის განცხადებით, ისინი პასუხისმგებელი იყვნენ ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევების ხელშეწყობაზე ან პოლიციის ძალადობის სათანადოდ გამოუძიებლობაზე.
გარდა ამისა, 2025 წლის 2 აპრილს სანქციები დაუწესდათ მოსამართლეებს ლევან მურუსიძესა და მიხეილ ჩინჩალაძეს. ბრიტანეთის ხელისუფლებამ ისინი „სერიოზულ კორუფციასთან“ და სასამართლო სისტემაში გავლენის გამოყენებასთან დააკავშირა, მათ შორის „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ.
დიდ ბრიტანეთს, აშშ-სგან განსხვავებით, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარისთვის, ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციები დაწესებული არ აქვს.
სანქციები ტელეკომპანიებს
დიდმა ბრიტანეთმა პროსახელისუფლებო ტელეკომპანიებს, „იმედსა“ და „პოსტივის“, სანქციები 2026 წლის 24 თებერვალს, რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების რეჟიმის ფარგლებში დაუწესა. სანქციები მოიცავს აქტივების გაყინვას, ტრასტული მომსახურების შეზღუდვასა და დირექტორების დისკვალიფიკაციას.
ბრიტანეთის მთავრობის განმარტებით, ორივე ტელეკომპანია ავრცელებდა „განზრახ შეცდომაში შემყვან ინფორმაციას“ რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ. მათ შორის, ლონდონი მიუთითებდა გზავნილებზე, რომ უკრაინის ხელისუფლება და პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი არალეგიტიმურები არიან, უკრაინა დასავლეთის „მარიონეტია“ და კორუმპირებული ქვეყანაა, ხოლო უკრაინა და დასავლეთი საქართველოს დესტაბილიზაციას ცდილობენ.
ფორუმი