61 წლის კამბოლოვი პირველი ე.წ. პრეზიდენტია, რომელიც ცხინვალის რეგიონში არ დაბადებულა და იქ არც უცხოვრია. ის ჩრდილოეთ ოსეთში დაიბადა და კარიერის უდიდესი ნაწილი მოსკოვში გაატარა.
ცერემონიაზე კამბოლოვი წითელი ხალიჩით მივიდა. ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ემილია გაგიევამ მას „პრეზიდენტის მოწმობა“ გადასცა და განაცხადა, რომ 18 სექტემბერს „სამხრეთ ოსეთის ხალხმა“ თავისი არჩევანი „ღიად და დემოკრატიულად“ გააკეთა.
კამბოლოვმა ე.წ. კონსტიტუციაზე დადო ფიცი. მან პირობა დადო, რომ დაიცავს მოქალაქეთა უფლებებსა და „სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას, უსაფრთხოებასა და ტერიტორიულ მთლიანობას“.
კამბოლოვის ტელეგრამ-არხის ცნობით, ცერემონიაზე ჩავიდნენ დელეგაციები ნიკარაგუიდან, ვენესუელიდან და ოკუპირებული აფხაზეთიდან, ასევე რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და ფედერაციის საბჭოს წარმომადგენლები. ცხინვალში ჩავიდნენ ჩრდილოეთ ოსეთის, ყაბარდო-ბალყარეთის, ჩეჩნეთის, დაღესტნისა და ინგუშეთის დელეგაციებიც.
„მადლობა ყველას, ვინც დღეს და ყოველთვის სამხრეთ ოსეთის ხალხის გვერდითაა“, - დაწერა კამბოლოვმა.
„ინაუგურაციის“ შემდეგ მან განაცხადა, რომ აპირებს გააძლიეროს ურთიერთობები რუსეთის ფედერაციასთან და „სხვა სახელმწიფოებთან, რომლებიც სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას აღიარებენ“.
„არჩევნები“ ცხინვალში
ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში 18 სექტემბერს ჩატარდა. დე ფაქტო ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, კამბოლოვმა 27 922 ხმა, ანუ 84,95% მიიღო. კენჭისყრაში კიდევ სამი კანდიდატი მონაწილეობდა, თუმცა თითოეულ მათგანზე მეტი ხმა, 4,90%, „ყველას წინააღმდეგ“ მისცეს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები დაგმო. უწყების განცხადებით, კენჭისყრა ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს და „ვერ მიანიჭებს ლეგიტიმაციას საოკუპაციო რეჟიმს“.
არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები.
18 სექტემბრის განცხადებაში ევროკავშირმა აღნიშნა, რომ არ ცნობს იმ კონსტიტუციურ და სამართლებრივ ჩარჩოს, რომლის საფუძველზეც ე.წ. არჩევნები გაიმართა და მის შედეგს იურიდიული ძალის არმქონედ მიიჩნევს. ევროკავშირმა ასევე დაგმო მოსკოვის ქმედებები, რომელთა შედეგადაც რუსეთის ყოფილი მაღალჩინოსანი ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი გახდა.
ვინ არის მარატ კამბოლოვი
მარატ კამბოლოვი 1965 წელს ჩრდილოეთ ოსეთში დაიბადა. ის ვლადიკავკაზის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის კურსდამთავრებულია და მრავალი წლის განმავლობაში რუსეთის სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობდა.
2004-2010 წლებში კამბოლოვი რუსეთის მეცნიერებისა და ინოვაციების ფედერალური სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილე იყო, 2010-2014 წლებში კი რუსეთის განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა. 2014 წელს ის „კურჩატოვის ინსტიტუტში“ გადავიდა, რომელსაც 2021 წლიდან 2025 წლამდე ხელმძღვანელობდა. კამბოლოვს რუსეთის პირველი კლასის მოქმედი სახელმწიფო მრჩევლის ჩინი აქვს.
ცხინვალში კამბოლოვი 2026 წლის მაისის ბოლოს გამოჩნდა, როდესაც ალან გაგლოევმა ის თავის სახელმწიფო მრჩევლად დანიშნა. 16 ივნისს დე ფაქტო პარლამენტმა კამბოლოვი ე.წ. პრემიერ-მინისტრად დაამტკიცა.
23 ივნისს, ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის შემდეგ, ალან გაგლოევი გადადგა. ოფიციალურ მიზეზად მისი რუსეთის პრეზიდენტის მრჩევლად გადასვლა დასახელდა, დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შესრულება კი კამბოლოვს დაევალა.
ფორუმი